დღეს გამოყენებული კოვიდვაქცინები არ იწვევენ ADE-ს — ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია
სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ ვაქცინებთან დაკავშირებულ ახალ (თუმცა, სამეცნიერო საზოგადოებაში ერთი წლის წინ აქტუალურ), ერთი შეხედვით საეჭვო საკითხს, რომელიც ანტისხეულებით გაძლიერებულ დაავადებას (ADE) ეხება. ADE განხილვის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ინფექციოლოგმა გიორგი კანდელაკმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კორონავირუსის ვაქცინებით ADE-ს გამოწვევის შესაძლებლობაზე ისაუბრა. ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია კოვიდვაქცინებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმდინარე განხილვას ფეისბუქ პოსტის მეშვეობით ეხმაურება. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან ინტენსიურად ჩართულია პანდემიის მართვაში, რაც, გარდა თითოეული წევრის ინდივიდუალური პროფესიული და აკადემიური აქტივობისა, საზოგადოებისა და ექიმების ინფორმაციულ მხარდაჭერასა და უწყვეტ საგანმანათლებლო აქტივობაში გამოიხატება.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ასოციაციის მიერ ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო ბევრად ადრე, ვიდრე ოფიციალური ინსტიტუციების, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე ჩატარდა ვაქცინაციის მხარდამჭერი არაერთი ვებინარი, საჯარო დისკუსია და აქცია.
ასოციაცია პატივს სცემს თითოეული წევრის განსხვავებულ მოსაზრებას და აქვე განმარტავს, რომ მმართველი საბჭოს უმრავლესობის ერთიანი, შეთანხმებული პოზიცია გამოიხატება შემდეგში:
პანდემიის დასრულების ერთადერთი, სწორი და მეცნიერულად გამართლებული გზა საყოველთაო ვაქცინაცია და მოსახლეობის იმუნური პასუხის სწრაფი სინქრონიზაციაა;
დღეს არსებული ავტორიზებული ვაქცინები უსაფრთხოა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებელი დრამატულად აღემატება ნებისმიერ თეორიულ, შორეულ, პოტენციურ ზიანს.
არსებობდა გარკვეული მოსაზრება ვაქცინების მოსალოდნელ არასასურველ ეფექტთა საფრთხეებზე, რაც დღეს ადმინისტრირებული 5 მილიარდზე მეტი ვაქცინის და ფართომასშტაბიანი კვლევის საფუძველზე სრულიად ნიველირდა და ყველა კითხვას ამ მიმართულებით გაეცა მეცნიერულად დასაბუთებული, მყარი პასუხი;
ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების, ასევე თეორიული ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ დღეს გამოყენებული კოვიდვაქცინები არ იწვევენ ADE (ანტისხეულებით განპირობებულ დაავადების გაძლიერების) რეაქციას.
ასოციაცია ემხრობა თვითგამოხატვის უფლების შენარჩუნებას და ამავდროულად, გამოთქვამს ნებას და სურვილს, სამეცნიერო-პრაქტიკული დისკუსიები წარიმართოს პროფესიულ წრეებში, რათა შინაარსისა და მიზნის შესაძლო არასწორი აღქმით, საფრთხე არ შეექმნას ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს და უფრო მეტად არ დაზიანდეს ისედაც, მრავალი მიზეზით განპირობებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება".
კომენტარები