ამერიკის არმიამ ისრაელისგან შეძენილი რკინის გუმბათი პირველად გამოსცადა
ისრაელის რკინის გუმბათმა თავი ყველას დაგვამახსოვრა. რამდენიმე თვის წინ მან ისრაელის მიმართულებით, ღაზას სექტორიდან გასროლილი 2 800 რაკეტა მოიგერია და ფაქტობრივად, ის დღეს ერთ-ერთი საუკეთესო საჰაერო თავდაცვის სისტემაა.
მისი შესაძლებლობებით ამერიკის არმიაც მოიხიბლა და 2019 წლის აგვისტოში მათ ისრაელისგან რკინის გუმბათის ორი გამშვები შეიძინეს. პირველი პროტოტიპის მიწოდება 2020 წლის სექტემბერში მოხდა. რკინის გუმბათი რთული სისტემაა, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტებსა და რადარებს აერთიანებს. მას შემდეგ, რაც გამშვები ოპერატორების გადამზადებამ წარმატებით ჩაიარა, ამერიკის არმიამ ის რეალურ სიტუაციაში პირველად გატესტა.
ანტისარაკეტო სისტემა ისრაელური კომპანიის — Rafael-ის მიერ იქმნება, მათივე დახასიათებით, რკინის გუმბათი მაღალეფექტური გადამჭერია, რომელიც ყველანაირ ამინდში მუშაობს.
Rafael ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, რომელიც თავდაცვითი შეიარაღების კუთხით მუშაობს. მათ მჭიდრო კავშირი აქვთ ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან და გარდა რკინის გუმბათებისა, აწარმოებენ სადაზვერვო სისტემებსა და ტანკსაწინააღმდეგო დანადგარებსაც კი.
ამერიკის არმია რკინის გუმბათების გამოყენებას ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ გეგმავს. გამშვების ტესტირება White Sands-ის სარაკეტო პოლიგონზე მოხდა და მასში 3-43 საჰაერო საარტილერიო ბატალიონის ჯარისკაცები იყვნენ ჩართულები. სწორედ ისინი გადაამზადეს რკინის გუმბათების გამოსაყენებლად.
ტესტის მიმდინარეობისას ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს 8 ფრთოსანი რაკეტა. არმიის განცხადებიდან ვიგებთ, რომ სისტემებს ისინი ფიქსირებული და ნახევრად ფიქსირებული ლოკაციებიდან გამოიყენებენ.
Rafael Advanced Defense Systems სტანდარტული, სტატიკურად განსათავსებელი ვარიანტის გარდა, რკინის გუმბათის კიდევ ორ ვერსიას გვთავაზობს — I-DOME და C-DOME. I-DOME ჯავშანტრასნპორტიორზე შეიძლება განთავსდეს, ხოლო იგივე შესაძლებლობების წყლებზე გასავრცელებლად და გემების დასაცავად Rafael-მა C-DOME შექმნა.
თუ რკინის გუმბათის მუშაობის პრინციპები დეტალურად გაინტერესებთ, მაშინ ამ სტატიას გაეცანით.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები