მეცნიერების ძალა — კვლევის თანახმად, 1987 წელს დამაბინძურებელი ქიმიკატების აკრძალვამ პლანეტა იხსნა
ჯერ კიდევ 1987 წელს მსოფლიო ლიდერები ქლორფტორონახშირბადების (CFC-ები) აკრძალვაზე შეთანხმდნენ — ოზონის შრეში გიგანტური ხვრელის გაჩენასთან დაკავშირებული ქიმიური ნივთიერებები.
ოთხშაბათს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით, 1987 წელს მონრეალის პროტოკოლის შეთანხმება რომ არ შემდგარიყო, რომელიც ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებებს ეხება, პლანეტა საშინელ მდგომარეობაში იქნებოდა. The BBC-ის მოხსენებით, ამ შესაძლო სცენარზე აგებულ სამყაროში სწორედ იმ კოშმარში ვიცხოვრებდით, რომლის არიდებასაც კლიმატური ცვლილებების გაუარესების გამო ვცდილობთ.
ამ შემთხვევაში, პრობლემის ნაწილს CFC-ები, როგორც სათბურის აირები შექმნიდა, თუმცა, BBC-ის უწყებით, კლიმატურ ცვლილებებს ოზონის შრის დაზიანებაც ძალიან დააჩქარებდა, რაც აწ უკვე აღკვეთილ ნახშირბადს ატმოსფეროში გამოათავისუფლებდა და გარემოს გადაგვარებას კიდევ უფრო გაამძაფრებდა.
BBC-ზე დაყრდნობით, სხვა საფრთხეებთან ერთად, გლობალური ტემპერატურები ინდუსტრიულ რევოლუციამდე არსებულ დონესთან შედარებით 2100 წლისთვის 2,5 გრადუსით გაიზრდებოდა. მეცნიერების მიმდინარე, თუმცა საზარელი პროგნოზებით, კატეგორიული ქმედებები კლიმატთან დაკავშირებით, თეორიულად, დათბობას 1,5 გრადუსიან მიჯნამდე შემოსაზღვრავდა, რომელიც 2015 წლის პარიზის შეთანხმებამ დააწესა.
ეს მეტად ექსტრემალურ ამინდს, მეტად მომაკვდინებელ სიცხეს, ინფრასტრუქტურის მეტ ნგრევასა და, უხეშად რომ ვთქვათ, მასობრივ სიკვდილსა და გადაშენებას გამოიწვევდა.
ყველაფრის გათვალისწინებით, კლიმატის ცვლილები კვლავაც საშინელი საფრთხეა არსებობისათვის და, თუ მომავალი თაობებისათვის საცხოვრებლად ვარგისი პლანეტის დატოვება გვსურს, დაუყოვნებელი მოქმედება დაგვჭირდება. 1987 წლის შეთანხმებას არაფერი აურიდებია თავიდან — მან უბრალოდ გადამწყვეტი დრო მოგვცა, რათა ქმედებებს თავი მოვუყაროთ და კლიმატური ცვლილებების გაუარესება შევწყვიტოთ.
"მოუსმინეს მეცნიერებას და ამის შესაბამისადაც იმოქმედეს — კლიმატური ცვლილების შემთხვევაში ეს იგივე დოზით არ გვინახავს", — თქვა კვლევის მთავარმა ავტორმა, ლანკასტერის უნივერსიტეტის მკვლევარმა პოლ იანგმა BBC-სთან საუბრისას — "თუმცა კლიმატთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის ამის დადებით მაგალითად გამოყენებასთან ფრთხილად ვიქნებოდი. პირდაპირ შესადარი არ არის, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ დასაყრდნობად რაღაც პოზიტიური გაგაჩნდეს და დაინახო, რომ მსოფლიოს გაერთიანება შეუძლია".
კომენტარები