სწრაფი კვების პროდუქტებში არსებული ნივთიერებები ჰორმონალურ დარღვევებს იწვევს — კვლევა
ახალი ამბავი არაა, რომ სწრაფი კვების პროდუქტები ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. თუმცა, კვლევა გვიჩვენებს, რომ აშშ-ს სწრაფი კვების რესტორნების პროდუქტის დიდი ნაწილი ენდოკრინული სისტემისთვის საზიანო ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც პლასტმასაშია აღმოჩენილი. ასე რომ, ეს საკვები მოლეკულურ დონეზეც საზიანოა.
კვლევის შესახებ გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სწრაფი კვების პროდუქტების უმრავლესობა შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც ფტალატის მჟავის სახელწოდებითაა ცნობილი. მათ ხშირად იყენებენ პლასტმასის წარმოებისას, რაც ამ უკანასკნელს მეტ დრეკადობას ანიჭებს. თუმცა, ისინი ასევე მიეკუთვნებიან ენდოკრინული სისტემის დამაზიანებელ ქიმიურ ნივთიერებებს (EDC), რომლებიც ადამიანებსა და ცხოველებში ბუნებრივი ჰორმონების გამომუშავების პროცესის დარღვევას იწვევენ.
Gizmodo-ს მიხედვით, კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვებს, რომელთა ორგანიზმშიც დიდი რაოდენობით EDC ხვდება, ხშირად უვითარდებათ ასთმა და ჭარბი წონის პრობლემები. მოგვიანებით კი, ამან ნაყოფიერებასთან დაკავშირებული პრობლემებიც კი შეიძლება გამოიწვიოს.
"აღმოვაჩინეთ, რომ ფტალატის მჟავები და სხვა პლასტიფიკატორები ფართოდ გვხვდება აშშ-ს სწრაფი კვების რესტორნებში მომზადებულ საკვებში, რაც ნიშნავს რომ მომხმარებლები საკვებთან ერთად მათთვის საზიანო ქიმიურ ნივთიერებებსაც მიირთმევენ", — განუცხადა Gizmodo-ს კვლევის მთავარმა ავტორმა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოსტდოკმა, ლარია ედვარდსმა.
მოხსენების მიხედვით, კვლევის ფარგლებში ავტორებმა 64 საკვების, მათ შორის ჰამბურგერების, კარტოფილი ფრის, ქათმის ნაგეთსების, ქათმის ბურიტოებისა და ყველის პიცის ნიმუშები შეისწავლეს. ასევე გამოიკვლიეს ექვსი სხვადასხვა რესტორნიდან აღებული ხელთათმანები, რომლებსაც დასაქმებულები საკვების მომზადების დროს ატარებენ.
ამის შემდეგ გუნდმა 11 სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების ნიმუში შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ საკვების 81% დი-ენ-ბუტილფალატს (DnBP), 89% კი — სხვა პლასტიფიკატორებს შეიცავდა.
აღსანიშნავია, რომ ქიმიური ნივთიერებების ყველაზე დაბალი მაჩვენებლით ყველიანი პიცა გამოირჩეოდა.
გუნდი ასევე ფიქრობს, რომ ფტალატით დაბინძურების მიზეზი შესაძლოა საკვების შესაფუთი მასალა ან ხელთათმანები იყოს, რომლითაც მას ამზადებენ. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს პლასტიფიკატორებით დაბინძურებული საკვების სრული ეფექტი ჩვენს ჯანმრთელობაზე ჯერ არ შეუსწავლიათ, სავარაუდოდ, ეს ნივთიერებები ჯანმრთელობის გაუარესებას უწყობენ ხელს.
კომენტარები