რა ღირს აფხაზეთში კორონავირუსისგან მკურნალობა?
სტატია ქვეყნდება OC Media-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ავტორები არიან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც იყენებენ მათთვის მისაღებ ტერმინოლოგიას. მასალას ვაქვეყნებთ უცვლელად, თუმცა სტატიაში ნახსენებ ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც სახელმწიფო, ასევე On.ge-ს რედაქცია არ აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად. შესაბამისად, ადგილმდებარეობებსა და წოდებებთან მოიაზრება სიტყვები: "ოკუპირებული" და "დე-ფაქტო".
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის მთავრობა Covid-19-ის მკურნალობის პროცესში უშუალოდ მონაწილეობს, ხშირად ეს დიაგნოზი პაციენტის ოჯახისთვის მძიმე ფინანსურ ტვირთად იქცევა.
"[როდესაც PCR ტესტმა დაადასტურა კორონავირუსი], წავედი ამბულატორიულ ცენტრში, რომელიც სოხუმში დეპუტატმა ალხას ჯინჯოლიამ გახსნა. რამდენადაც ვიცი, ახლა ამ ცენტრს მხარს ჯანდაცვის სამინისტრო და COBERM უჭერს", — ამბობს ნადეჟდა ბოროვიკოვა.
სოხუმში მცხოვრებმა ბოროვიკოვამ OC Media-ს უთხრა, რომ Covid-19-ის მკურნალობაში 3 000 რუბლზე ცოტათი მეტი (40 დოლარი) დახარჯა.
"იქ ყველა მომსახურება უფასოა. აკეთებენ წვეთოვნებს და ნემსებს, ატარებენ კონსულტაციებს, მაგრამ მედიკამენტები მე უნდა მეყიდა. თუმცა ძვირადღირებული პრეპარატებიდან მხოლოდ ვიტამინები და ჰეპატოპროტექტორი მქონდა დანიშნული. 5 წვეთოვანის გაკეთება 500 რუბლი (6,8 დოლარი) დამიჯდა", — თქვა ნადეჟდამ.
მაგრამ ასეთი მკურნალობა, სამწუხაროდ, ყველას არ შველის.
ალიას უბერიაც სოხუმში ცხოვრობს. როდესაც დაეჭვდა, რომ კორონავირუსითაა ინფიცირებული, უფასო PCR ტესტზე არ ჩაწერილა. უბნის ექიმის მითითებით PCR ტესტის გაკეთების შემდეგ პასუხი 3-5 დღეში ხდება ცნობილი.
დროის დაზოგვის მიზნით, ალიას უბერიამ კერძო ლაბორატორიას მიმართა, სადაც 2 500 რუბლად (34 დოლარი) ერთ დღეში გაიგო, რომ კორონავირუსითაა ინფიცირებული.
ნადეჟდას მსგავსად, თავიდან ალიასიც ამბულატორიულ ცენტრში მკურნალობდა, სადაც სამი წვეთოვანი გაუკეთეს. მაგრამ სიცხე აგრძელებდა ზრდას, რის შემდეგაც მისმა მკურნალმა ექიმმა დაჟინებით მოითხოვა კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება, რისთვისაც 2 500 რუბლი (34 დოლარი) უბერიამ გადაიხადა.
კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ფილტვის 10%-იანი დაზიანება აჩვენა, მაგრამ სიმპტომები ყოველდღიურად მძიმდებოდა და ექიმმა პაციენტს გუდაუთაში, კოვიდცენტრში ჰოსპიტალიზაცია შესთავაზა.
ამ ცენტრში გადმოყვანის შემდეგ ალიასის ნათესავებს ავადმყოფისთვის ძვირადღირებული პრეპარატის, ილსირას ყიდვა 55 000 რუბლად (753 დოლარი) შესთავაზა, მაგრამ როდესაც გასაგები გახდა, რომ მკურნალობა უშედეგოა, სხვა პრეპარატი — აქტემრა 140 000 რუბლად (1 918 დოლარი) იყიდეს.
"სახელმწიფო საავადმყოფოებში ძვირადღირებული წამლები არ აქვთ", — ამბობს ინა, ალიასის ცოლი. — "შენ თვითონ უნდა იყიდო ყველაფერი და თუ ფული არ გაქვს, უბრალოდ მოკვდები. ექიმები მთელი ძალით მუშაობენ და ყველაფრის გაკეთებას ცდილობენ, მაგრამ თუ წამლები არ არის, არანაირი ყურადღება არ დაეხმარება პაციენტს".
"საავადმყოფოში დარჩენა მომიწია, რომ ჩემი ქმრისთვის მიმეხედა. აქტემრას შემცველობით გაკეთებული წვეთოვანის შემდეგ, კათეტერით სამი დღე უნდა იწვეს პაციენტი მუცელზე — მოვლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, აქ კი თანამშრომლების საკმარისი რაოდენობა არაა. ამიტომაც დავრჩი".
პრაქტიკულად ყველა დაავადებული კოვიდცენტრში ნათესავებთან ერთადაა, რომლებიც მათ უვლიან. გუგუცა ვარდანია ადგილობრივი ტელეკომპანიის ჟურნალისტია, რომელსაც დედა კოვიდცენტრში ჰყავს დაწვენილი. გუგუცა ყოველდღე Facebook-ზე პატარა ჩანახატებს აქვეყნებს, რომლითაც გვაჩვენებს, რამდენად რთულია ექიმებისთვის ამ პერიოდში მუშაობა.
სახსრების უკმარისობა
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში Covid-19-ით 4 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. დღეში დაახლოებით 200 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან, აფხაზეთში ვირუსით 313 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, აღსანიშნია, რომ სტატისტიკაში არ შედიან ისინი, ვინც სამკურნალოდ რუსეთში ან საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერორიებზე გადადიან.
ვაქცინაცია აფხაზეთში უფასოა, მაგრამ ვაქცინათა მარაგი, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა — სპუტნიკ V-ის 6 500 დოზა — უკვე ამოიწურა. გაუგებარია, გადასცემენ თუ არა აფხაზეთს ახალ დოზებს ვაქცინაციის გაგრძელებისთვის.
დეპუტატ ალხას ჯინჯოლიას განმარტებით, არსებობს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთიდან ჰუმანიტარული დახმარება აღარ განხორციელდება. ჯინჯოლია აპირებს, დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვოს.
ზოგიერთი დეპუტატი მთავრობას Covid-19–თან არაეფექტური ბრძოლის გამო აკრიტიკებს. დეპუტატების, ვალერი აგრბასა და გარი კოკაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები კოვიდცენტრებში მძიმე პირობებში მუშაობენ, მათ მაისიდან დამატებითი ხელფასები არ მიუღიათ.
სამწუხაროდ, ყველას არ უმართლებს საავადმყოფოში აღმოჩნდეს მაშინ, როდესაც იქ Covid-19-ის მკურნალობისთვის ყველა საჭირო მედიკამენტია. მაგრამ, ხშირად, საავადმყოფოებში მაინცაა დარჩენილი პრეპარატები, რომელთა მიღება პაცინეტს შეუძლია იმ შემთვევაში, თუ ფულს გადაიხდის.
"ახლა საავადმყოფოს მაცივარში აქტემრას ორი ფლაკონია, თუმცა ისინი საავადმყოფოს არ ეკუთვნის და ერთი ცალი 140 00 რუბლი (1 918 დოლარი) ღირს. ასე მითხრა ექიმმა, როდესაც მათი ყიდვა შემომთავაზა", — გვიყვება ინა, ალიასის ცოლი.
OC Media-ს კორესპონდენტს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა განუმარტა, საიდან აღმოჩნდა საავადმყოფოში მედიკამენტები, რომლებიც საავადმყოფოსთვის არ არის განკუთვნილი.
"ახლა ბევრი ადამიანია დაკავებული ბიზნესით — მიდიან საქართველოში, ყიდულობენ თურქული წარმოების რამდენიმე ფლაკონ წამალს და ჩამოაქვთ აქ. რუსეთში ამ წამლების მარაგი უკვე იწურება, მათი ყიდვა გართულებულია და აძლევენ მხოლოდ გაჭირვებულ ადამიანებს. არსებითად ეს არის შავი ბაზარი, მაგრამ მეორე მხრივ, კარგია, რომ წამლის ყიდვის რაღაც შესაძლებლობა მაინც არსებობს".
აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის, ედუარდ ბუთბას თქმით, სამინისტრო ძვირადღირებულ წამლებს ყიდულობს, მაგრამ ისინი იმაზე უფრო სწრაფად იყიდება, ვიდრე საავადმყოფოს აფთიაქის განახლდება ხერხდება.
"არსებობს გარკვეული კრიტერიუმები ამ მედიკამენტების დანიშვნისთვის — [...] ამას ადგილზე ექიმთა საბჭო წყვეტს", — უთხრა ბუთბამ ადგილობრივ ტელეკომპანია Abaza TV-ს.
ბუთმბამ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ წამალი საავადმყოფოში არის, მას უნიშნავენ პაციენტს, ხოლო თუ მედიკამენტი არ არის, ამის შესახებ პაციენტის ნათესავებს ეუბნებიან. მისი თქმით, წამლის თითოეული ფლაკონის მონიტორინგი ხდება, შესაბამისად ვარაუდი, რომ წამლები შავ ბაზარზე გადის, არასწორია.
მედიკამენტების გარდა, Covid-19 დაავადებულებს პერიოდულად სჭირდებათ ლაბორატორიული ტესტების ჩატარება. ანალიზების უმეტესობის გაკეთება უფასოდაა შესაძლებელი. სოხუმში სისხლის საერთო ანალიზი და კოაგულოგრამა ინფექციურ საავადმყოფოში კეთდება. მაგრამ არსებობს სისხლის მაჩვენებლები, რომელთა შემოწმებაც მხოლოდ კერძო ლაბორატორიებშია შესაძლებელი.
გარდა იმისა, რომ აფხაზეთში არ არის არც აღჭურვილობა და არც რეაგენტები, არ არიან ლაბორატორიული ტექნიკოსებიც, რომლებიც შეძლებენ ამ მოცულობის ბიომასალის დამუშავებას. ამრიგად, პაციენტებმა ავადმყოფობის 21 დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა დახარჯონ 5-დან 10 ათას რუბლამდე (68-140 დოლარი) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებლების შესამოწმებლად.
უბირიების ოჯახი ჯერჯერობით არ ფიქრობ იმაზე, თუ როგორ უნდა გადაიხადონ ვალები (200 000 რუბლი ანუ 2 700 დოლარი) — მთავარია, პაცინეტი გამოჯანმრთელდეს და საავადმყოფო დატოვოს.
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე.
კომენტარები