რას გვიყვება ახალი კვლევა ციმბირში აღმოჩენილ 28 000 წლის წინ გაყინულ ლომის ბოკვრებზე
მეცნიერებმა ციმბირულ მარად მზრალ ქვენიადაგში ორი ლომის ბოკვერი აღმოაჩინეს, რომელიც ათობით ათასი წლის განმავლობაში რჩებოდა ხელუხლებლად, საოცრად შემონახული სხეულები კი იმის დადგენაში დაგვეხმარება, თუ როგორ უმკლავდებოდებოდნენ ჩრდილოეთის თოვლიანი ლანდშაფტების სიცივეს მღვიმის გადაშენებული ლომები.
რუსი მკვლევრების, გენადი ბოესკოროვისა და ალექსეი ტიხონოვის მეთაურობით, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისა და შვედეთის პალეოგენეტიკის ცენტრის გუნდმა ახლახანს თავიდან შეისწავლა ორი ბოკვრის — სახელად "სპარტა" და "ბორისი" — მუმიფიცირებული სხეულები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს მდინარე სემიუელიახის ნაპირებზე ციმბირში, კვლევის შედეგები კი ჟურნალ Quaternary-იშია გამოქვეყნებული.
ამ წყვილთან დაკავშირებით მეცნიერებმა კვლევა ერთი წლის წინ წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა, რომ გადაშენებული მღვიმის ლომები (Panthera spelaea) დღევანდელი, სუბსაჰარულ აფრიკაში მობინადრე ლომებისგან (Panthera leo) დამოუკიდებელი სახეობაა. გენეტიკური ანალიზის მიხედვით, ორი მონათესავე სახეობა ერთმანეთს 1.9 მილიონი წლის წინ გამოეყო.
ამჟამად გუნდი ბოკვერთა ანატომიის ახალი ანალიზით გვიბრუნდება. წინა ჯერზე მეცნიერებმა მღვიმის ლომების გარეგნული მხარის შესასწავლად გამოქვაბულის მოხატულობაში არსებული ცხოველთა გამოსახულებები გამოიყენეს და სახეობა აფრიკულ ლომებსაც შეადარეს, მაგრამ ბოკვერთა სხეულები გადაშენებულ სახეობას უპრეცედენტო კუთხვით გვიჩვენებს.
სპარტა, როგორც უწინ სპარტაკი, გამყინვარების პერიოდის ყველაზე კარგად შენახულ ცხოველად ითვლება. მისი ოქროსფერი ბეწვი თითქმის სრულიად დაუზიანებელია — თუმცა კი ცოტა აბურდული — მისი კბილები, კანი, რბილი ქსოვილი და ორგანოები კი საუცხოოდ შემონახული. კვლევა აღნიშნავს, რომ მღვიმის ლომისა და აფრიკული ლომის ბოკვრების ბეწვი ანალოგიურია, თუმცა კი მღვიმის ლომები ბეწვის გრძელი, სქელი შიდა საფარით განსხვავდებოდნენ, რომელიც მათ ცივ კლიმატთან გამკლავებაში ეხმარებოდა.
ვინაიდან ლომები ერთმანეთთან ასე ახლოს აღმოაჩინეს, მეცნიერებმა იფიქრეს, რომ ისინი დედმამიშვილები იყვნენ, მაგრამ რადიონახშირბადულმა დათარიღებამ აჩვენა, რომ სპარტა 27,962 წლისაა, ბორისი კი — 43,448-ის.
ახალი კვლევის მიხედვით, ორივე ბოკვერი 1-2 თვის ასაკში მოკვდა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათი ნარჩენები მტაცებლებსა ან ლეშისმჭამლებს დაეზიანებინათ, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ თავის ქალები გაბზარული და ნეკნები ჩამსხვრეული იყო, სხეულებს კი უჩვეულო ფორმები მიეღოთ. უცნაური აუტოფსიიდან გამომდინარე, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ წყვილი ორ სხვადასხვა ტალახოვან ნაკადში დაიღუპა ათასწლეულების შუალედით.
მღვიმის ლომი აღმოსავლეთ ციმბირში ფართოდ გავრცელებული გახლდათ გვიან პლეისტოცენის ხანაში, მაგრამ სახეობის კვალი ევრაზიის დიდი ნაწილისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზეც კი შენიშნეს, რომელიც ახლა ალასკადაა ცნობილი.
როგორც პლეისტოცენის ეპოქის მრავალი უზარმაზარი ცხოველი, მღვიმის ლომები დაახლოებით 14 ათასი წლის წინ გადაშენდნენ, უკანასკნელი გამყინვარების პერიოდის ბოლო მასიური გადაშენების დროს. საბედნიეროდ, ციმბირული მარად მზრალი ქვენიადაგის ნულოვანი ტემპერატურებიდან გამომდინარე, ნიმუშები გასაოცრად კარგ მდგომარეობაში შემოგვრჩა და მათი ცხოვრების შესახებ არაერთი სიახლე მოგვაწოდა.
კომენტარები