ძუძუმწოვრებს ჯერ უნახავი სამყარო დაბადებამდე ესიზმრებათ — როგორ ხდება ეს
"ეს იმის დასიზმრებას ჰგავს, რასაც თვალის გახელის შემდგომ დაინახავ".
ახალდაბადებული ბავშვის ამპლუაში რომ წარმოიდგინოთ თავი, სამყარო ძალიან იდუმალი, სხვადასხვა დაბრკოლებებითა და უცნაური ფორმებით აღსავსე მოგეჩვენებოდათ. მიუხედავად ამისა, ბავშვები მაინც გასაოცარი სისწრაფით ახერხებენ საკუთარი პოზიციების დაკავებას, კვების პირველი წყაროს წარმატებით მიგნებასა და სამყაროსთან ინტერაქციას. აღნიშნულთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა იელის მეცნიერთა გუნდმა გადაწყვიტა.
Science-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ძუძუმწოვართა ნაშიერებს დაბადებამდე ესიზმრებათ სამყარო, რომელსაც უნდა მოევლინონ.
გუნდმა პროფესორ მაიკლ კრეიერის ხელმძღვანელობით, რომელიც ნეირომეცნიერებაში, ოფთალმოლოგიასა და ვიზუალურ მეცნიერებაშია სპეციალიზებული, სცადა გაერკვია, თუ რატომ არიან გარკვეულწილად შემზადებული გარესამყაროსთან ინტერაქციისთვის ძუძუმწოვრები ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იბადებიან.
"თვალის გახელის მომენტიდანვე ძუძუმწოვრებს საკმაოდ დახვეწილი ქცევის გამოვლენა შეუძლიათ, მაგრამ როგორ ფორმირდება სისტემები, რომლებიც მოძრაობის აღქმისა და სამყაროში გადაადგილების საშუალებას გვაძლევს? ირკვევა, რომ ბევრი ასეთი ქცევით ვიბადებით, მინიმუმ ელემენტარულ ფორმაში მაინც", — თქვა პროფესორმა.
მეცნიერები ახალდაბადებული თაგვების რეტინადან გამოცემულ აქტივობათა ტალღებს დააკვირდნენ, სანამ ისინი პირველად გაახელდნენ თვალს. გამოსახულება აჩვენებს, რომ ეს აქტივობა დაბადებიდან მალევე ქრება და მის ადგილას ნერვულ გადაცემათა ქსელი ყალიბდება, რომელსაც ვიზუალური სტიმული მიაქვს ტვინამდე, როგორც იელი იუწყება. მას შემდეგ, რაც იგი ტვინამდე მიაღწევს, ინფორმაცია საცავისთვის დაიშიფრება.
ნეონატალურ აქტივობაში განსაკუთრებით უჩვეულო ისაა, რომ იმ კანონზომიერებას გამოსახავს, რომელსაც ცხოველის წინსვლით მოძრაობისას ექნებოდა ადგილი.
"რეტინულ აქტივობათა სპონტანური ტალღები იგივე კანონზომიერებით მიედინება, როგორც გარემოში მოძრაობიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოხდებოდა", — ამბობენ მკვლევრები.
კრეირის თქმით, ეს "სიზმრისმაგვარი აქტივობა" ევოლუციური თვალსაზრისით გონივრულია, ვინაიდან თაგვს იმისათვის მომზადებაში ეხმარება, რაც თვალების გახელის შემდგომ ელის, ეს კი ცხოველს გარემოში არსებულ საფრთხეზე დაუყოვნებელი რეაგირების საშუალებას აძლევს.
მეცნიერებმა ასევე გამოიკვლიეს, თუ რა არის პასუხისმგებელი რეტინული ტალღების წარმოქმნაზე, რომელიც წინსვლითი მოძრაობისას ემსგავსება. მათ ვარსკვლავისებრი ამაკრინული უჯრედების — რეტინული უჯრედები, რომლებიც ნეიროტრანსმიტერებს გამოყოფს — ფუნქციურობის ამოქმედებითა და შეზღუდვით აღმოაჩინეს, რომ მათმა დაბლოკვამ რეტინული ტალღების დინება შეწყვიტა, რამაც თაგვში დაბადების შემდგომ პერიოდში ვიზუალურ მოძრაობაზე რეაქციისუნარიანობა დააბრკოლა. უჯრედები ზრდასრული თაგვისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს იგი გარემოს სტიმულზე.
ადამიანებს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ კვლევა თაგვებზე ჩატარდა, ბავშვებშიც შეიმჩნევა, რომ დაბადებიდანვე შეუძლიათ ობიექტებისა და მოძრაობის ამოცნობა, რაც ჯერ არდაბადებულ ბავშვებში იგივე ფენომენის არსებობაზე მიუთითებს.
"ტვინის ეს უბნები თვითორგანიზებულია დაბადების მომენტში და გარკვეულწილად, ადრეული სწავლებაც უკვე შესრულებულია. ეს იმის დასიზმრებას ჰგავს, რასაც თვალის გახელის შემდგომ დაინახავ", — აღნიშნა კრეირმა.
კომენტარები