ყველაფერი, რაც პარიზის კლიმატის შეთანხმებაზე უნდა იცოდეთ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა არის და როდის გაფორმდა პარიზის შეთანხმება

2015 წლის 12 დეკემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 195 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა და პირველი უნივერსალური კლიმატის ხელშეკრულება — პარიზის შეთანხმება დაამტკიცა, რომლის მიზანიც გლობალური დათბობის ყველაზე ცუდი შედეგების თავიდან აცილებაა. შეთანხმების შექმნა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში გადამწყვეტ მომენტად ითვლება, როდესაც მსოფლიოს ლიდერები გაერთიანდნენ და მიაღწიეს კონსენსუსს კლიმატის ცვლილების ბრძოლისა და მასთან ადაპტაციის შესახებ.

იმისთვის, რომ შეთანხმება ძალაში შესულიყო, იგი უნდა დაემტკიცებინა მინიმუმ 55 ქვეყანას, რომლებიც ერთად სათბურის აირების ემისიის მინიმუმ 55%-ზე იქნებოდნენ პასუხისმგებელნი. ეს 2016 წლის 5 ოქტომბერს მოხდა, როდესაც შეთანხმებას სირია დაემატა და იგი ძალაში ამავე წლის 4 ნოემბერს შევიდა. ჯამში, შეთანხმებაში დღეს 197 ქვეყანაა. მათგან 190-მა თავიანთი მხარდაჭერა ოფიციალურად გააფორმა. მასში ჯერჯერობით არ გაწევრიანებულან ატმოსფეროს ისეთი მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი ქვეყნები, როგორებიც არიან ირანი, თურქეთი და ერაყი.

ყინულის დნობა გრენლანდიაზე

ყინულის დნობა გრენლანდიაზე

ფოტო: assets.nrdc.org

სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ 2050 წლამდე დედამიწაზე გლობალური ტემპერატურის ნაზრდი, ინდუსტრიულ რევოლუციამდელ დონესთან შედარებით, 2 გრადუსით შეიზღუდებოდა და არ გადააჭარბებდა 1.5 გრადუს ცელსიუსს. შეთანხმება ატმოსფეროს მთავარ დამაბინძურებელ ქვეყნებს ავალდებულებს, შეამცირონ გარემოში სათბურის აირების გამოყოფა და დროთა განმავლობაში გაზარდონ თავიანთი ძალისხმევა და წვლილი ამ საქმეში.

გარდა ამისა, იგი განვითარებულ ქვეყნებს სთავაზობს გზას, რომლითაც ისინი შეძლებენ დაეხმარონ განვითარებად სახელმწიფოებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლასა და ადაპტაციაში. შეთანხმება ასევე ქმნის ჩარჩოს გამჭვირვალე მონიტორინგისთვის, ანგარიშებისთვის და მისი მიზნების ინდივიდუალური თუ კოლექტიური გამკაცრებისთვის.

როგორ უნდა მოხდეს შეთანხმების მიზნის მიღწევა

პარიზის შეთანხმების მიხედვით, საუკუნის მეორე ნახევარში უნდა დამყარდეს ბალანსი ადამიანის აქტივობის შედეგად გამოყოფილ სათბურის აირების დონესა და იმ რაოდენობას შორის, რომლის შთანთქმაც ბუნებას შეუძლია ტყეებისა და მარაგის შენახვის ტექნოლოგიის საშუალებით.

შეთანხმების ფარგლებში მეტი ვალდებულება ეკისრებათ განვითარებულ ქვეყნებს, რომლებზეც ატმოსფეროს დაბინძურების ყველაზე დიდი ნაწილი მოდის. რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც ისევ განაგრძობენ ქვანახშირისა და ნავთობის მოხმარებას მზარდი მოსახლეობის ენერგიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, შეთანხმების ფარგლებში მოხდება მათი ხელშეწყობა, რომ დროთა განმავლობაში, განვითარებული ქვეყნების მსგავსად, სათბურის აირების ემისიების აბსოლუტურ შემცირებაზე გადავიდნენ.

ამჟამინდელი მონაცემებით, იმ ვალდებულებების საფუძველზე, რომლებიც ქვეყნებმა ემისიების შემცირების საქმეში აიღეს, მეცნიერების აზრით, კარგ შედეგს მაინც ვერ მივიღებთ — გეგმის გათვალისწინებით, დედამიწაზე ტემპერატურა მომავალში, ინდუსტრიულ რევოლუციამდე არსებულ დონესთან შედარებით, 3 გრადუსით მოიმატებს, რაც ერთგვარ წინაპირობას წარმოადგენს კატასტროფული წყალდიდობების, გვალვის, ჰაბიტატების დაკარგვისა და ოკეანის დონის მატებისთვის. თუმცა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ტემპერატურის 2 გრადუსიანი ნაზრდიც კი საგანგაშო მაჩვენებელია.

ასევე იხილეთ: ანტარქტიდაზე რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა — კიდევ 2 გრადუსით დათბობა ოკეანის დონეს 13 მეტრით ასწევს

დატბორილი სამეურნეო მიწა ბანგლადეშში

დატბორილი სამეურნეო მიწა ბანგლადეშში

2018 წელს გადაწყდა, რომ ქვეყნები ვალდებულნი არიან, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ შეაფასონ მათი ქმედებების გავლენა კლიმატზე და შესაბამისად განაახლონ მათ მიერ აღებული ვალდებულებები. ქვეყნების ნაწილი ემისიების შემცირებას 2025 წლამდე გეგმავს, ზოგიერთი კი 2030 წლამდე. გარდა ამისა, განვითარებულმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ საკმარისი დაფინანსება და დაეხმარონ განვითარებად ქვეყნებს სუფთა ენერგიის წყაროზე გადასვლაში, ასევე დაიცვან ისინი კლიმატის ცვლილების ეფექტებისგან. მათ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უნდა წარმოადგინონ ანგარიში დაფინანსების ამჟამინდელი და სამიზნე დონის შესახებ.

აშშ და პარიზის შეთანხმება

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ პარიზის შეთანხმებიდან გადის

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ პარიზის შეთანხმებიდან გადის

ფოტო: www.macleans.ca

ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, შეთანხმების მოლაპარაკებებში ერთ-ერთ მთავარ როლს აშშ ასრულებდა. შემდგომ კი, დონალდ ტრამპმა, რომელიც საერთოდ უარყოფს კლიმატის ცვლილებას, 2017 წლის ივნისში განაცხადა, რომ ქვეყანა 2020 წლის 4 ნოემბერს ოფიციალურად გამოვიდოდა შეთანხმებიდან და ეს ასეც მოხდა. შეთანხმების პირობებში ეს გამოსვლის ყველაზე ადრეული შესაძლო თარიღი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოსვლის წინა დღეს დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ტრამპი დამარცხდა და აშშ-ს პრეზიდენტად ჯო ბაიდენი აირჩიეს.

მიუხედავად ტრამპის ამ განცხადებისა, აშშ-ს ატაშეები მაინც განაგრძობდნენ მონაწილეობას გაეროს კლიმატის მოლაპარაკებებში და აძლიერებდნენ შეთანხმების დეტალებს. საბედნიეროდ, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში მისვლის პირველივე დღეს ოფიციალური წერილი გაუგზავნა გაეროს და ფორმალურად მოითხოვა აშშ-ს პარიზის შეთანხმებაში დაბრუნება — სახელმწიფო შეთანხმებას 2021 წლის 19 თებერვალს ისევ შეუერთდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაიდენის მიერ წარმოდგენილი კლიმატის გეგმა აშშ-ს ნებისმიერი წინა პრეზიდენტის გეგმასთან შედარებით უფრო მრავლისმომცველია და მიზნად ისახავს მსოფლიო ლიდერების წახალისებას, იმაზე უფრო ინტენსიურად შეეცადონ ემისიების შემცირებას, ვიდრე ამას თვითონ პარიზის შეთანხმება მოითხოვს.

შედარება კიოტოს პროტოკოლთან

1997 წელს, იაპონიაში, მხარეთა მე-3 კონფერენციაზე გარემოსდაცვითი ხელშეკრულება — კიოტოს პროტოკოლი დაამტკიცეს, რომელიც წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როდესაც სახელმწიფოები იურიდიულად დადგენილი, თითოეული ქვეყნისთვის სპეციფიკური ემისიების შემცირების მიზნებზე შეთანხმდნენ. პროტოკოლმა, რომელიც ძალაში 2005 წელს შევიდა, ემისიების შემცირების სავალდებულო მიზნები მხოლოდ განვითარებული ქვეყნებისთვის დააწესა იმ მოსაზრების საფუძველზე, რომ დედამიწის ატმოსფეროში სათბურის აირების უდიდეს ნაწილზე სწორედ ისინი იყვნენ პასუხისმგებელნი. აშშ-მ თავიდან ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას, თუმცა არასდროს დაუმტკიცებია იგი. პროტოკოლი არ მოიცავდა ისეთ მთავარ დამაბინძურებლებს, როგორებიცაა ინდოეთი და ჩინეთი, ამიტომ, ამ სამი ქვეყნის გარეშე, ხელშეკრულების ეფექტიანობა შეზღუდული აღმოჩნდა და გლობალური ემისიების მხოლოდ მცირე ნაწილი მოიცვა.

სმოგი ტაივანში

სმოგი ტაივანში

2012 წელს, კატარში, დოჰაში, მხარეთა მე-18 კონფერნციაზე დელეგატები შეთანხმდნენ, რომ გაეგრძელებინათ შეთანხმება 2020 წლამდე იმ განვითარებული სახელმწიფოების გარეშე, რომლებიც პროტოკოლიდან გავიდნენ. მათ 2011 წელს თავიდან დაადასტურეს სამხრეთ აფრიკაში მხარეთა მე-17 კონფერენციაზე აღებული ვალდებულებები, რომ 2015 წელს შექმნიდნენ ახალ, ყოვლისმომცველ კლიმატის ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავდა ყველა დიდ დამაბინძურებელს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ კიოტოს პროტოკოლში — ასეთები არიან ჩინეთი, ინდოეთი და აშშ. ხელშეკრულების მიზანი სათბურის აირების ემისიის შემცირება უნდა ყოფილიყო. ახალ ხელშეკრულებას, რომელიც პარიზის შეთანხმებად უნდა ქცეულიყო , 2020 წლისთვის სრულად უნდა ჩაენაცვლებინა კიოტოს პროტოკოლი, თუმცა შეთანხმება ძალაში მოსალოდნელზე ბევრად უფრო ადრე — 2016 წელს შევიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი კლიმატის ცვლილებას ეხება, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს. კიოტოს პროტოკოლისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ განვითარებადი ქვეყნებისთვის აწესებს იურიდიულად ემისიების შემცირების მიზნებს და მათთან შეუთავსებლობის შემთხვევაში ჯარიმასაც კი ითვალისწინებს, პარიზის შეთანხმება მოითხოვს, რომ ყველა ქვეყანამ, განვითარებადმა და განვითარებულმა, თავიანთი წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საქმეში და შეამცირონ სათბურის აირების ემისიები. მასში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ კონკრეტულად რა წვლილი უნდა შეიტანონ სახელმწიფოებმა — თითოეული ქვეყანა თვითონვე ადგენს თავის მიზნებს მათი განვითარების დონესთან და ტექნოლოგიურ განვითარებასთან შესაბამისობაში.

ჯარიმების ნაცვლად, პარიზის შეთანხმება ქვეყნებისთვის აწესებს მკაცრს მონიტორინგს, მათგან მოითხოვს ანგარიშებს და შეფასების ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ სისტემას იმისთვის, რომ მაქსიმალურად მიუახლოვდნენ თავიანთ სამიზნე მაჩვენებლებს. კიოტოს პროტოკოლისგან განსხვავებით, იგი ქვეყნებს ყოველ 5 წელში ერთხელ, არსებული შედეგების საფუძველზე, მომავალი მიზნების წარმოდგენას ავალდებულებს.

რა მიდგომები აქვთ ქვეყნებს პარიზის შეთანხმების შესასრულებლად

პარიზის შეთანხმების 32 გვერდიანი დოკუმენტი გლობალური ქმედების ჩარჩოს ადგენს, რაც მოიცავს კლიმატის ცვლილების შემსუბუქებასა და მასთან ადაპტაციას, ასევე გამჭვირვალე ანგარიშების მიწოდებას, კლიმატის მიზნების გაძლიერებას და განვითარებადი სახელმწიფოების მხარდაჭერას.

არ არსებობს რაღაც სპეციფიკური მაჩვენებლები იმისა, თუ რამდენად უნდა შეამცირონ ქვეყნებმა ატმოსფეროში სათბურის აირების გამოყოფა, თუმცა მათი გეგმები ამ მიმართულებით ერთმანეთისგან განსხვავდება და ასახავს მათ შესაძლებლობებს, განვითარების დონეს და წვლილს ატმოსფეროს დაბინძურებაში. მაგალითად, ჩინეთი ნახშირორჟანგის გაფრქვევის დონის მკვეთრად შემცირებას 2030 წლისთვის გეგმავს, ინდოეთის ხედვით კი, ისინი სათბურის აირების გამოყოფას, 2005 წლის დონესთან შედარებით, 33-35%-ით შეამცირებენ და 2030 წლისთვის ელექტროენერგიის 40%-ს არაწიაღისეული საწვავისგან მიიღებენ.

აშშ-მ, რომელიც ისტორიულად ატმოსფეროს დაბინძურებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ამჟამად კი მეორე ადგილს იკავებს ჩინეთის შემდეგ, აიღო ვალდებულება, რომ 2025 წლისთვის ემისიების დონეს, 2005 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 26-28%-ით შეამცირებს. ეს ინიციატივა მოიცავს Clean Power Plan-ს (სუფთა ენერგიის გეგმა — ენერგოსექტორიდან ნახშირორჟანგით დაბინძურების შემცირების სახელმწიფო პროგრამა) და საწვავის ეკონომიკის სტანდარტების გამკაცრებას ტრანსპორტის გამონაბოლქვის შესამცირებლად.

ქარის ენერგიის პროექტი ვაიომინგში

ქარის ენერგიის პროექტი ვაიომინგში

ფოტო: assets.nrdc.org

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პარიზის შეთანხმება ასევე მოიცავს მთელ რიგ სავალდებულო ზომებს ემისიების შემცირების მონიტორინგისთვის და კონტროლისთვის, ასევე მოითხოვს გამჭვირვალე ანგარიშების წარმოდგენას გარკვეული პერიოდულობით. გამჭვირვალობის წესები საერთო ჩარჩოს იყენებს ყველა ქვეყნისთვის. შეთანხმება უზრუნველყოფს მხარდაჭერას იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც ამჟამად არ აქვთ თავიანთი სისტემის გაძლიერების შესაძლებლობა.

გლობალური დათბობა — თანამედროვე თუ მომავალი თაობების პრობლემა

ძალიან იშვიათად დგება კონსენსუსი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას შორის, ერთი საკითხის შესახებ. თუმცა, პარიზის შეთანხმების შემთხვევაში, მთელი მსოფლიოს ლიდერები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ კლიმატის ცვლილების მთავარ მამოძრავებელს ადამიანის საქმიანობა წარმოადგენს, რომ იგი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ასევე კაცობრიობას და რომ მის შესაჩერებლად გლობალური ქმედებებია საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური დათბობა ბევრს მომავალი თაობების პრობლემად მიაჩნდა, ყოველწლიურად ვრწმუნდებით, რომ ეს ასე არაა — კლიმატის ცვლილების შედეგებს უკვე ჩვენ თვითონვე ვიმკით. ამის საილუსტრაციოდ მიმდინარე ზაფხულიც კმარა — ასობით სიცხისგან დაღუპული ადამიანი კანადაში, უპრეცედენტო ხანძრები და წყალდიდობები. გლობალურ დათბობასთან ბრძოლის მხარდაჭერა მსოფლიოს მასშტაბით აჩენს იმედს, რომ პარიზის შეთანხმება გარდამტეხი ნაბიჯი იქნება ამ საქმეში. ამ ბრძოლაში წვლილის შეტანა ყველას შეუძლია ინდივიდუალურ, ადგილობრივ თუ ქვეყნის დონეზე, თუმცა ახლა იმაზე უკეთ გვესმის, ვიდრე ოდესმე, რომ ინდივიდუალური ქმედება ძალიან საჭირო და დასაფასებელია, თუმცა საკმარისი არ არის.

ასევე იხილეთ: 130 დაღუპული — კანადაში რეკორდული, 49.6 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა

მხარეთა შემდეგი, 26-ე კონფერენცია (COP 26) გლაზგოში, ამ წლის ნოემბერშია ჩანიშნული. მისი მიზანი პარიზის შეთანხმების ფარგლებში მიღწეული შედეგების შეფასება და ქვეყნების წახალისებაა, თანამედროვე კლიმატის მეცნიერებასთან შესაბამისობაში გაზარდონ მათი წვლილი. კონფერენცია COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო გადაიდო, თუმცა ეს მეტ დროს აძლევს ქვეყნებს, კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად უფრო ამბიციური პროგრამები შეიმუშაონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ