130 დაღუპული — კანადაში რეკორდული, 49.6 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა
მოულოდნელი, უპრეცედნეტო სიცხეების გამო კანადაში ასეულობით ადამიანი დაიღუპა.
ვანკუვერის პოლიციის მიხედვით, პარასკევიდან დღემდე სიცხით გამოწვეული უცაბედი სიკვდილის 130 შემთხვევა დაფიქსირდა.
დაღუპულთა დიდი ნაწილი ასაკოვანი და სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანია.
კანადაში უკიდურესად მაღალი ტემპერატურა უკვე სამი დღეა ფიქსირდება, სამშაბათს კი სიცხემ, ქალაქ ლიტონში, 49,6 გრადუსს მიაღწია.
რეკორდული ტემპერატურები დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშიც და ამ ყველაფერს მსხვერპლი მოჰყვა.
ექსპერტების თქმით, გლობალური კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ასეთი მოვლენები გახშირდება.
ლიტონი ვანკუვერიდან 250 კილომეტრში მდებარე სოფელია. აქ დაფიქსირებულმა ტემპერატურამ კანადის ყველა დროის რეკორდი მოხსნა. კვირამდე კანადაში 45 ცელსიუს გრადუსზე მაღალი ტემპერატურა არასდროს დაფიქსირებულა.
სიტუაციას ართულებს ისიც, რომ კანადის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სახლებში კონდინციონერები არ აქვს, რადგან ამის საჭიროება აქამდე, უბრალოდ, არ იდგა. კანადაში ასეთი სიცხეები არასდროს ყოფილა.
ანომალიური სიცხეები კანადის დასავლეთ ნაწილში სტატიკური მაღალი წნევის მქონე ცხელი აირების გუმბათის წარმოშობამ გამოიწვია, რომელიც კალიფორნიიდან არქტიკამდე გადაიჭიმა.
კომენტარები