საქართველოში, საწურბლიას მღვიმეში, 25 000 წლის წინანდელი ადამიანის გენომი აღმოაჩინეს
საწურბლიას მღვიმიდან აღებული ნიმუშების შესწავლის შედეგად, მეცნიერებმა 25 000 წლის წინ მცხოვრები ქალის გენომის გაშიფვრა მოახერხეს.
ათასწლეულების განმავლობაში მღვიმის ფსკერზე დალექილმა ტალახმა, უძველესი ადამიანის გენომის, ანუ ორგანიზმის უჯრედში შენახული გენეტიკურ მასალათა ერთობლიობის აღმოჩენას შეუწყო ხელი. ამ ნალექის ანალიზის შედეგად გამოვლინდა ქალის კვალი, რომელიც 25 000 წლის წინ, ბოლო გამყინვარების პერიოდში ცხოვრობდა. მართალია, კვლევა გრძელდება და ქალის შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცით, თუმცა ის მაინც დიდ სამეცნიერო მიღწევას წარმოადგენს. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან აქამდე მეცნიერები უძველესი ადამიანის გენომის აღდგენას, ძირითადად, მხოლოდ მისი ძვლებიდან აღებული ნიმუშების დახმარებით ახერხებდნენ. ამჯერად კი გენეტიკური მასალა მღვიმეში დალექილი ტალახიდან მიიღეს.
გარდა ქალის გენომის აღმოჩენისა, ნიმუშებში ასევე გამოიკვეთა მგლისა და ბიზონის სახეობების დნმ-ი.
"ჩვენი შედეგები გვაწვდიან ახალ შეხედულებებს, გვიანი პლეისტოცენის ამ სამი სახეობის გენეტიკის ისტორიის შესახებ", — აღნიშნავს საერთაშორისო მეცნიერთა გუნდი ნაშრომში, რომელიც ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.
როგორც წესი, უძველესი დნმ-ის აღდგენისთვის ძვლებსა და იღბალს ეყრდნობიან, რადგან პირველ რიგში, მკვლევრებს სჭირდებათ ძვლების გადარჩენა და აღდგენა, რომ შეინარჩუნონ და შეისწავლონ ათასობით წლის წინანდელი დნმ. ეს შრომატევადი პროცესია, თუმცა ნაყოფიერი, რადგან უძველეს დნმ-ს შეუძლია ევოლუციის ისტორიის ნაკლოვანებები შეავსოს და გაუგებრობებს მოჰფინოს ნათელი.
აღსანიშნავია, რომ უცხოელი მკვლევრებისთვის საინტერესო და მომგებიანი ადგილი ძველი ნაშთების აღმოსაჩენად და გამოსაკვლევად, საქართველო აღმოჩნდა. საწურბლიას მღვიმეში, ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენომების გარდა, აღმოაჩინეს სხვა ნიმუშებიც, როგორიცაა ქვის იარაღები, რომლებიც ძვალზე დიდ ხანს ძლებს და უძველესი ადამიანების შესახებ ინფორმაციასაც წარმატებით გვინახავს.
ცხადია, მღვიმეს უძველესი ადამიანები ათასწლეულების განმავლობაში იყენებდნენ, თუმცა, ამ ეტაპზე, ნალექისგან მხოლოდ ერთი ადამიანის გენომის მიღება გახდა შესაძლებელი.
უძველეს ნალექებში აღმოჩენილი ნიმუშები სულ უფრო სანდო წყაროდ მიიჩნევა, წარსულის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად. სწორედ ამიტომ დაიწყეს საწურბლიას მღვიმის შესწავლა. ეს პროცესი კი ვენის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდის მკვლევრის, პერ გელაბერტის და არქეოლოგის, რონ პინასის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. მათ აღმოაჩინეს ნიადაგის ექვსი ნიმუში, სადაც გენომების პოვნას ცდილობდნენ.
დნმ-ები მათ მიტოქონდრიულ ფორმაში იპოვეს, თუმცა ფრაგმენტულად და არასრულად. თუმცა, ნიმუშების შეერებით მაინც შეძლეს მიეღოთ ინფორმაცია ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალის შესახებ. მართალია, ქალის გენომის მხოლოდ ფრაგმენტის აღდგენა მოხერხდა, თუმცა ამან მაინც მისცა საკმარისი ინფორმაცია მკვლევრებს, იმის სათქმელად, რომ ის ადამიანის აქამდე უცნობი ჯგუფის წევრი იყო. ეს ჯგუფი ახლა გადაშენებულია, თუმცა, მან მაინც მიიღო მონაწილეობა ევროპისა და აზიის ამჟამინდელი მოსახლეობის ნაწილის გენომის განსაზღვრაში. ამ დასკვნისთვის კი აღმოჩენილი გენომი მკვლევრებმა თანამედროვე ადამიანის გენომს შეადარეს.
მეცნიერების კვლევის მნიშვნელოვან აღმოჩენას წარმოადგენს მგლისა და ბიზონის გენომიც. დადგენილია, რომ მაშინდელი მგლის სახეობა მთლიანად შეიცვალა ბოლო გამყინვარების პერიოდში, დაახლოებით 11 000 წლის წინ. ბიზონზე კი იმის თქმაა შესაძლებელი, რომ საწურბლიაში აღმოჩენილი მასლა ემთხვევა დღევანდელი ევროპისა და აზიის ტერიტორიაზე მცხოვრები ბიზონების გენებს, ამერიკისგან განსხვავებით. შესაბამისად აქედან კიდევ ერთი დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი — საწურბლიას ბიზონი თავის დროზე ორ შტოდ გაიყო.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დნმ-ის შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რადგან ამდენი ხნის შემდეგ დიდი შანსია იმისა, რომ გენეტიკური მასალა დაბინძურებულიყო და სახე ეცვალა.
"დნმ-ის უძველესმა, გენურმა ნალექმა, შეიძლება შექმნას ახალი მიმართულებები მთელი ეკოსისტემების შესასწავლად, მათ შორის მოგვცეს საშუალება შევისწავლოთ ურთიერთქმედება სხვადასხვა სახეობებსა და ადამიანებს შორის, რომელიც დაკავშირებულია ცხოველებისა და მცენარეების სხვადასხვა მხრივ გამოყენებასთან", —წერენ მკვლევრები.
საწურბლიას მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყუმისთავთან მდებარეობს. მისი შესწავლა კი ჯერ კიდევ გრძელდება.
კომენტარები