დნმ-ის კვლევის თანახმად, ლეონარდო და ვინჩის 14 ცოცხალი შთამომავალი ჰყავს
ისტორიკოსები ალესანდრო ვეზოსი და აგნესე საბატო ლეონარდო და ვინჩის დიდი თაყვანისმცემლები არიან. ახლა კი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მათი ინტერესი მხოლოდ თაყვანისმცემლობით აღარ შემოიფარგლება.
ისტორიკოსებს სურთ გაიგონ, რამ განაპირობა და ვინჩის გენიალურობა, რატომ იყო ის ცაცია და რა ფაქტორები ჰქონდა მის გენეტიკას. ამისთვის მათ კვლევა ჩაატარეს და გამოავლინეს, რომ და ვინჩის დღეს 14 ცოცხალი შთამომავალი ჰყავს.
ისტორიკოსებმა ისტორიული წყაროების კვლევით და ვინჩის 21 თაობა გამოავლინეს. მათ მისი დიდი-დიდი ბაბუა — მიშელ და ვინჩიც გამოავლინეს, რომელიც 1331 წელს დაიბადა. სავარაუდოა, რომ მიშელი იყო პირველი ვინც და ვინჩის გვარი გამოიყენა.
ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, თუ როგორ შეძლეს ეს ისტორიკოსებმა. პასუხი მდგომარეობს ადამიანისა და სხვა ძუძუმწოვრების სქესის ორი ქრომოსომადან ერთ-ერთში — Y ქრომოსომაში. Y ქრომოსომა შვილზე მამიდან გადადის. ის ფაქტი, რომ Y ქრომოსომა თაობიდან თაობაში გადასვლისას იშვიათად იცვლება, მსგავსი კვლევისთვის იდეალურ წყაროს წარმოადგენს. ეს მკვლევრებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ ინდივიდების წინაპრები, მაშინაც კი, თუ მათ შორის ისტორიულად კონკრეტული კავშირები გაწყვეტილია.
და ვინჩის შემთხვევაში, 21 თაობისა და ხუთი ოჯახის ტოტის გაანალიზების შემდეგ, ისტორიკოსებმა აღმოაჩინეს შთამომავლები, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ ტოსკანას რეგიონში, სადაც და ვინჩი დაიბადა. შთამომავლები ამჟამად სხვადასხვა პროფესიით არიან დაკავებულნი.
აღსანიშნავია, რომ და ვინჩის მამას პიეროს, ლეონარდოს გარდა 22 შვილი ჰყავდა. სწორედ ეს ფაქტორია მნიშვნელოვანი, რადგან არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რის მიხედვით ლეონარდო დაქორწინდა ან ჰყავდა შვილები. ისტორიკოსები იმედოვნებენ, რომ Y ქრომოსომა და ვინჩის დიდი ოჯახის ხარჯზე გავრცელდა.
შთამომავლების დნმ-ის ტესტირება უახლოეს მომავალში დაიწყება. მიზანი გენიოსის დნმ-ზე ინფორმაციის მოპოვება და მისი დნმ-ის პროექტის განხორციელება იქნება.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები