ორგანული შუქდიოდებით დამზადებული ეკრანი, ანუ OLED, საუკეთესო ფერთა გამას იძლევა. არცერთ სხვა ტიპის ეკრანს არ აქვს მსგავსი ფერების რეპროდუქცია. ისინი თავდაპირველად სმარტფონებში ვიხილეთ, შემდეგ მათი პოპულარობა გაიზარდა და ტელევიზორებსა და მონიტორებში გადაინაცვლა. დღეს კი ბაზარზე OLED ეკრანიანი ლეპტოპებიც გამოჩნდენ.

რა თქმა უნდა, მათი ფასი ჯერ დიდია და თუ OLED ეკრანიანი ლეპტოპის შეძენას გადაწყვეტთ, ბიუჯეტურ სეგმენტში ნამდვილად ვერ იპოვით. მათი დამზადება, ტრადიციულ LED და LCD ეკრანებთან შედარებით, ძვირი ჯდება.

თუმცა, თუ OLED ეკრანის მქონე ლეპტოპის ყიდვა გადაწყვიტეთ, ჩვენ საუკეთესო მოდელებს გირჩევთ, რომლებიც Windows 11-ზეც თავისუფლად განახლდებიან.

საუკეთესო ლეპტოპი ყველა კომპონენტის გაერთიანებით — HP Spectre x360 14

HP-ის Spectre-ბის ხაზში სამი ზომის მოდელი შედის, ერთ-ერთი კი Spectre x360 გახლავთ, რომელიც დიზაინისა და წარმადობის იდეალური თანაკვეთაა. მას 13,5 ინჩიანი 3:2-ზე თანაფარდობის მქონე, 3K(3000 x 2000) ეკრანი აქვს.

ლეპტოპის პროცესორების ჩამონათვალში ინტელის მე-11 თაობის პროცესორებს შეხვდებით, ოპერატიული მეხსიერება 8 ან 16 გიგაბაიტიანია, შიდა მეხსიერებად კი 2 ტერაბაიტიანი NVMe SSD-ის არჩევას შეძლებთ. ლეპტოპს ალუმინის კონსტრუქცია აქვს და ძალიან სოლიდურად გამოიყურება.

საუკეთესო კომპაქტური ლეპტოპი — Dell XPS 13 9310

Dell XPS 13 უკვე წლებია გვაოცებს, თუმცა წელს კომპანიამ ხაზში ახალი, OLED ეკრანიანი მოდელიც დაამატა.

ეკრანის ზომა 13,4 ინჩს შეადგენს, ხოლო თანაფარდობა 16:10 იქნება. ლეპტოპის OLED ეკრანის გარჩევადობა 3.5K-ს (3456 x 2160) შეადგენს. ამ შთამბეჭდავ მონაცემებს DisplayHDR 500-იც ემატება, რაც იდეალურ გამოსახულებას იძლევა.

ლეპტოპი i7-1185G7 პროცესორით, 16გბ ოპერატიული მეხსიერებითა და 512 გიგაბაიტიანი NVMe SSD-ით შეგვიძლია აღვჭურვოთ.

დიზაინის მხრივ ის საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, ჩარჩო მთლიანად მსუბუქი ალუმინისგანაა დამზადებული.

საუკეთესო გეიმინგ ლეპტოპი — Razer Blade 15 Advanced Model

თუ თამაშისას საუკეთესო გამოსახულება გსურთ, ამისათვის Razer-მა Blade 15-ის Advancded ვერსია შექმნა, რომელსაც 4K გარჩევადობის მქონე, 1ms, OLED ეკრანი აქვს HDR-ის მხარდაჭერით. ერთი მინუსი, რაც შესაძლოა გეიმერებს არ მოეწონოთ, ეკრანის განახლების დაბალი სიხშირეა. OLED ეკრანები ლეპტოპებზე ჯერ მხოლოდ 60 ჰერციანია.

რაც შეეხება მის სხვა მონაცემებს — ჩვენ შეგვიძლია ავარჩიოთ Intel-ის i9-11900H პროცესორი, 32GB DDR4 3200 მეგაჰერციანი ოპერატიული მეხსიერება და 1 ტერაბაიტიანი PCIe მეოთხე თაობის NVMe SSD.

გეიმინგისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ვიდეობარათია. ლეპტოპში ერთ-ერთ უძლიერეს Nvidia RTX 3080-ს შეხვდებით, რაც ნებისმიერ თანამედროვე თამაშს გათამაშებთ.

საუკეთესო ბიზნეს ლეპტოპი — Lenovo ThinkPad X1 Extreme Gen 3

ფოტო: PCMag

ThinkPad სერია ძალიან ბევრ ლეპტოპს მოიცავს, რომლებშიც ზოგი თხელი და ულტრამსუბუქია, ზოგიც კი მაღალი წარმადობის მქონე, გრაფიკულად ინტენსიურ დავალებებზეა გათვლილი. Lenovo ახლა კიდევ უფრო დიდ არჩევანს გვთავაზობს და სერიაში, Lenovo ThinkPad X1 Extreme დაამატა, რომელსაც 15,6 ინჩანი, 4K გარჩევადობის მქონე ეკრანი აქვს 100% sRGB, Adobe RBG და P3 ფერთა სრული დიაპაზონით. მას HDR-ის მხარდაჭერაც აქვს, რომელსაც Lenovo-ს მიერ შემუშავებული Display Optimizer-ის მეშვეობით, 5 სხვადასხვა რეჟიმი აქვს.

საუკეთესო ლეპტოპი პროფესიონალთათვის — Gigabyte Aero 15 OLED

მათთვის, ვინც კონტენტის შექმნითაა დაკავებული, Gigabyte-ს ძალიან კარგი ლეპტოპები აქვს. Aero 15-ს 15,6 ინჩიანი, Samsung-ის AMOLED ეკრანი აქვს, 4K გარჩევადობითა და VESA DisplayHDER 400 True Black-ის მხარდაჭერით. მისი ეკრანი ქარხნიდანვე ისეა კალიბრირებული, რომ იდეალური ფერები მივიღოთ. ამით მან X-Rite Pantone-ის სერთიფიკატიც დაიმსახურა.

იმისათვის, რომ ლეპტოპი მძიმე დატვირთვებს მარტივად გაუმკლავდეს, მას Intel-ის მე-11 თაობის H პროცესორები აქვს. უმაღლეს კონფიგურაციაში თქვენ i9-11980HK-ს მიიღებთ. ოპერატიული მეხსიერება ორ არხიანი, 3200 მეგაჰერციანი DDR4 გახლავთ, რომლის გაზრდაც 65 გიგაბაიტამდეა შესაძლებელი. აქვეა ორი M.2 NVMe SSD შიდა მეხსიერებაც, ერთი PCIe Gen 3 ხოლო მეორე Gen 4.

რაც შეეხება ვიდეობარათს — Gigabyte Aero 15 თქვენს გაოცებას 16 გიგაბაიტიანი, GDDR6 მეხსხიერების მქონე Nvidia RTX 3080-ით შეეცდება.

შეჯამება

ეს ბაზარზე არსებული, OLED ეკრანის მქონე, საუკეთესო ლეპტოპების მცირე ჩამონათვალი იყო.

თუ აქედან რომელიმეს ყიდვას გადაწყვეტთ, შეგიძლია არჩევანი თამამად გააკეთოთ, რადგან თქვენ მიიღებთ საუკეთესო ეკრანს, განსაცვიფრებელ წარმადობასა და ელემენტის საუკეთესო ხანგრძლივობას.