როგორ დავიცვათ თავი ზაფხულის ცხელ დღეებში — რეკომენდაციები
ხანგრძლივად მაღალ ტემპერატურაში ყოფნით ჩვენს ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე — იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.
მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი), გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა; სითბური გამოფიტვა; სითბური დაკვრა.
NCDC ამბობს, რომ სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება.
იმის ცოდნამ, თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა იხსნას თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლე. On.ge გთავაზობთ NCDC-ის რეკომენდაციებს:
როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს
პირველ რიგში, სახლში შეინარჩუნეთ სიგრილე. NCDC-ის რეკომენდაციაა, რომ 08:00 საათიდან 10:00 საათამდე და 22:00 საათის შემდეგ სახლში ტემპერატურა შეამოწმოთ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 გრადუსს, ხოლო ღამით — 24 გრადუსს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გირჩევთ:
- ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის);
- დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა — დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება;
- მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები;
- ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს;
- თუ სახლში გაქვთ კონდიციონერი, დაკეტეთ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს;
- ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა არ აღემატება 35 გრადუსს. თუ ტემპერატურა მეტია, იგი ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს;
- მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.
ამასთან, NCDC-ს რეკომენდაციაა, თავი აარიდოთ სიცხეს. მაგალითად, ცხელი ოთახიდან გადახვიდეთ გრილში, განსაკუთრებით ღამით. ასევე, თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მოერიდოთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. უნდა მოერიდოთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობებსაც, თუმცა თუ ეს აუცილებელია, მაშინ ამისთვის გამოიყენეთ ყველაზე გრილი პერიოდი — 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში არ უნდა დატოვოთ.
როგორ შევინარჩუნოთ სახლში სიგრილე
NCDC გირჩევთ, რომ თუ გაქვთ თერმოსტატის მქონდე კონდიციონერი, მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 22-26 გრადუსი) დააყენოთ, ხოლო თუ კონდიცირებისათვის იყენებთ ფანჯარას, ეცადოთ გააგრილოთ ოთახი.
გარდა ამისა:
- მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას;
- დღის განმავლობაში შეამცირეთ მზის სხივები ჟალუზების ან ფარდების მეშვეობით;
- თუ ეს უსაფრთხოა, დატოვეთ ღამით ფანჯარა ღია, რომ გრილ ჰაერს მისცეთ სახლში შემოსვლის საშუალება;
- თუ სახლი განსაკუთრებულად ცხელია, დაისვენეთ მაღალი ტემპერატურისგან — გაატარეთ რამდენიმე საათი გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები — სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები ან საჯარო ბიბლიოთეკა. ეს რეკომენდაცია გაითვალისწინეთ ბავშვების შემთხვევაშიც;
- თუ გყავთ შვილი, აბანავეთ გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად). ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში;
- თუ იყენებთ ვენტილატორს, დადგით იგი ბავშვისგან უსაფრთხო მანძილზე და აკონტროლეთ ჰაერის ნაკადის მიმართულება;
- თავიდან აიცილეთ ბავშვზე ძლიერი სიცხის მოქმედება და ბავშვის გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში;
- თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას;
- არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ — გრილი ტემპერატურის დროსაც კი, მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯრის შემთხვევაშიც, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით. მანქანაში დატოვებული ადამიანი არის როგორც სითბური დაავადებების განვითარების, ასევე, სიკვდილის რისკის ქვეშ.
როგორ შევინარჩუნოთ სხეული გრილად და ტენიანად
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც სხეულის გრილად შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. კერძოდ:
- მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი და სხვა;
- ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი, კეპი ან ქოლგა და მზისგან დამცავი სათვალე;
- იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან;
- მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლისა, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა;
- საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.
როგორ დავეხმაროთ სხვებს
იმისთვის, რომ სხვების დახმარება შეძლოთ, თავდაპირველად, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს გააცანით ის წესები, რომლებიც უკვე ჩამოვთვალეთ. განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც ძირითადად მარტონი არიან.
გარდა ამისა, NCDC გირჩევთ, ოჯახში განიხილოთ, როგორ უნდა იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, როგორ დაეხმაროს საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებს.
ასევე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ, სულ მცირე, ყოველ დღე. ამასთან, თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად მოიხმარს რომელიმე მედიკამენტს, ჰკითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე.
ძალიან მნიშვნელოვანია შეისწავლოთ პირველადი დახმარების ჩვევები, რათა იცოდეთ, როგორ მოიქცეთ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში.
ამასთან, NCDC-ის რეკომენდაციაა, თვალი ადევნოთ ამინდის პროგნოზს თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი საშუალებით, იქნება ეს ტელევიზია, რადიო თუ ინტერნეტი.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წერს იმაზეც, რა შემთხვევებში უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით და როგორ უნდა მოვიქცეთ თითოეულ სიტუაციაში. მაგალითად:
- თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხეულის ტემპერატურა. მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი;
- თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს;
- ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება;
- თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე;
- მიმართეთ ექიმს, თუ ადამიანს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები;
- თუ შეამჩნევთ, რომ ადამიანს აქვს მაღალი ტემპერატურა, გამომშრალი კანი, ბოდავს, აქვს კრუნჩხვა ან დაკარგა გონება, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. სასწრაფოს მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი ისე, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 25-30 გრადუს ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.
რუჯი და მზით დამწვრობა
სითბურ დაავადებებთან ერთად, ზაფხულის ცხელ დღეებში ხშირია მზით დამწვრობის შემთხვევები. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ხშირი გარუჯვა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, კანის კიბოს განვითარების მომატებულ რისკს. მათივე განცხადებით, მზის სხივებმა არამარტო კანის პრობლემები, არამედ მხედველობის დარღვევებიც შესაძლოა გამოიწვიოს.
NCDC აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მზის სხივებით ან სოლარიუმებში ზედმეტად დასხივების შედეგად მიიღეთ დამწვრობა, შესაძლოა, გქონდეთ შემდეგი სიმპტომები:
- სისუსტე;
- დაზიანებული უბნის შეშუპება;
- სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა;
- ტკივილი;
- შესაძლოა სხეულის ტემპერატურის მომატებაც;
- გულისრევა.
თუ დიდხანს იყავით მზეზე ან სოლარიუმში და გაქვთ ეს სიმპტომები, NCDC ამბობს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ ასპირინი ან აცეტამინოფენი (ტილენოლი), რათა დამწვრობის დისკომფორტი და ანთება მოიხსნას. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გირჩევთ, დაზიანებულ უბნებზე დაიფინოთ ცივი კომპრესები, მიიღოთ ცივი აბაზანა, წაისვათ ალოეს ექსტრაქტის შემცველი გამაგრილებელი გელი.
მიმართეთ ექიმს, თუ:
- დამწვრობა მიიღო 1 წლამდე ასაკის ბავშვმა;
- განვითარდა ცხელება (მოიმატა სხეულის ტემპერატურამ);
- გაჩნდა სითხით სავსე ბუშტუკები და ძლიერი ტკივილი.
NCDC მოგიწოდებთ:
- მზით დამწვრობის შემდეგ მოერიდოთ მზეზე განმეორებით გასვლას;
- არ გახეთქოთ დამწვრობის შემდეგ წარმოქმნილი ბუშტუკები.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, მზით დამწვრობის რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ღია შეფერილობის კანი და თმა, ღია ფერის თვალები, ასევე, 6 წელზე ნაკლები ასაკისა და 60 წელზე ასაკოვანი ადამიანები.
რეკომენდაციები მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად:
- შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პიკის საათებში (შუადღემდე 2 საათით ადრე და 2 საათით გვიან). მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც;
- საგულდაგულოდ შეიმშრალეთ სხეული წყლის წვეთებისგან — წვეთებს ლინზის ეფექტი აქვს და აძლიერებს მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას;
- ყურადღება მიაქციეთ ულტრაიისფერ ინდექსს (უი), რაც მზით დამწვრობის განვითარების რისკს გვიჩვენებს;
- ატარეთ ღია ფერის, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი, მუქი სათვალეები 99-100%-ით დამცავი ეფექტით;
- გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის SPF (Sun Protect Factor — მზისგან დამცავი ფაქტორი) 30 და მეტია. წაისვით ის მზეზე გასვლამდე 20 წუთით ადრე და ყოველ 2 საათში. დამცავი კრემი უნდა შეირჩეს კანის ტიპისა და ულტრაიისფერი სხივების ინტენსივობის შესაბამისად. მოერიდეთ გაურკვეველი ხარისხის უცნობი კრემის გამოყენებას.
როგორ დავიცვათ ძლიერი სიცხისაგან ბავშვები
NCDC-ში ამბობენ, რომ ნებისმიერი მოულოდნელი ცვლილება და მათ შორის, ადრეული ზაფხულის მაღალი ტემპერატურის ტალღა, ბავშვის ორგანიზმისთვის სტრესის მიზეზი შეიძლება გახდეს.
მათი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად დაიცვათ ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდეთ მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდეთ ექიმს.
ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა. დაუკავშირდით ბავშვის ექიმს მაშინვე, თუ რომელიმე ამ სიმპტომს შენიშნავთ:
- სისუსტე;
- ძლიერი დაღლილობა;
- თავის ტკივილი;
- ცხელება;
- ინტენსიური წყურვილი;
- შარდის შეკავება;
- გულისრევა;
- ღებინება;
- ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა;
- დაბუჟება;
- კუნთების ტკივილი;
- კუნთების სპაზმი;
- ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა).
თუ შეამჩნიეთ, ბავშვს ძლიერი სიცხის დროს რომელიმე ეს სიმპტომი აქვს, სასწრაფოდ გადაიყვანეთ გრილ ადგილას და მიეცით დიდი რაოდენობით სითხე. თუ ის ძუძუთი იკვებება, მაშინ რძე საკმარისად არის ჰიდრატირებული და დამატებითი სითხის მიცემა არ არის საჭირო. ამასთან, NCDC ახსენებს დედებს, რომ იმისთვის, რომ რძე საკმარისად ჰქონდეთ, თავად უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე.
უწყება ამბობს, რომ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული შესაძლებლობები.
"არ დაგავიწყდეთ თქვენი ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობაც. სახლში ჩაკეტვით ბავშვები შეიძლება გახდნენ ნერვიულები და მოუსვენრები. ამიტომ წინასწარ დაგეგმეთ სახლში გასართობი აქტივობები და თამაშები, რაც შეზღუდავს მათ მიერ ტელევიზორთან გატარებულ დროს.
ბავშვები ძლიერ სიცხეში შეიძლება გახდნენ დეპრესიულები. მაგალითად, მათთვის სტრესია მკვდარი ცხოველების ან მცენარეების დანახვა. დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ ბევრი ადამიანი მუშაობს სიტუაციის მოსაგვარებლად და მათი უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ბავშვებს ხშირად აქვთ კითხვები გარემოსთან დაკავშირებით, ამიტომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და უპასუხეთ მათ კითხვებს ღიად და გულწრფელად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ უნდა მიაწოდოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც მათ ასაკს შეესაბამება", — გირჩევენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
აირიდეთ მზის დასხივება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ ბავშვის ჩრდილში ყოფნა ან დაიცვათ ის მზისგან ფართე ნაპირებიანი, ჰაერგამტარი ქუდის ან ქოლგის მეშვეობით. ჩააცვით ისე, რომ ტანსაცმელი ჰქონდეს თავისუფლად, იყოს ღია ფერის და ჰაერგამტარი მასალისგან დამზადებული.
- ხის ჩრდილის მიმდებარე ტერიტორიაზე ტემპერატურა შესაძლებელია იყოს 5 გრადუსით უფრო გრილი, ვიდრე ირგვლივ ტერიტორიაზე;
- თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს და მიჰყევით კრემის მწარმოებლის ინსტრუქციებს. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ მზისგან დამცავი კრემი დაგიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან, მაგრამ არა მაღალი ტემპერატურისგან;
- არ გამოიყენოთ მზისგან დამცავი 6 თვეზე უფრო პატარა ასაკის ბავშვებში;
- მზისგან დამცავი და მწერების საწინააღმდეგო საშუალებათა ერთდროული გამოიყენება უსაფრთხოა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, წინასწარ გაეცნოთ ამინდის პროგნოზს — ასე გეცოდინებათ, როდის უნდა გამოიყენო დამატებითი საშუალებები უკიდურესი სიცხის თავიდან ასაცილებლად. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ბავშვს სითხე მანამდეც მისცეთ, სანამ მოსწყურდება. ეცადეთ ბავშვი უზრუნველყოთ ბოსტნეულით და ხილით, რომელიც ბევრ წყალს შეიცავს.
ზაფხული და გადამდები დაავადებები
ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა. NCDC-ის ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდზე მოდის ამ დაავადებათა რეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი, რაც დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების გაძლიერებასთან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ დიარეით მიმდინარე დაავადებათა/საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული, ისე ეპიდაფეთქებების სახით (ჯგუფური შემთხვევები). მათივე ცნობით, ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას.
NCDC-ის მიხედვით, ქვეყანაში რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) მოდის ბავშვთა ასაკზე, რაც შეიძლება აიხსნას არა მარტო ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით, არამედ მოზრდილი ასაკის ავადმყოფთა შორის ფართოდ გავრცელებული თვითმკურნალობის პრაქტიკით.
"თვითმკურნალობა დიარეული დაავადებების დროს იწვევს დიაგნოსტიკის გართულებას, ხელს უწყობს დაავადება გადატანილებში პათოგენური მიკროფლორის ბაქტერიომტარებლობის ფართოდ გავრცელებას და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული (გამძლე) შტამების შექმნას, რეზისტენტული შტამების ფართო გავრცელება გარემოში კი სერიოზული პრობლემებს უქმნის დიარეულ დაავადებათა მკურნალობას და პაციენტთა გამოჯანმრთელებას", — აღნიშნულია რეკომენდაციებში.
დიარეულ დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია შემდეგი პრევენციული ღონისძიებების გატარება:
- წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად;
- არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ. ადუღებული წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში;
- სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრის გამოყენება. უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება და ქლორით დეზინფიცირდება;
- შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად);
- ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი;
გარდა ამისა, NCDC-ის რეკომენდაციაა, ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად, საკვების მოსამზადებლად, სასმელების დასამზადებლად, ყინულის მოსამზადებლად, ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად და ხელების დასაბანად გამოიყენოთ სუფთა სასმელი წყალი.
იმისთვის, რომ მწვავე დიარეული დაავადებები თავიდან აირიდოთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გირჩევთ:
- მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა შეიწვას ან მოიხარშოს;
- მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;
- მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი და მოხარშული პროდუქტი. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მოხარშული პროდუქტი შენახული თავდახურულ პატარა ზომის ჭურჭელში;
- სამზარეულოში აუცილებელია მოიხმაროთ უმი და მოხარშული პროდუქტისათვის (ცალ-ცალკე ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისთვის) იზოლირებული დასამუშავებელი დაფები;
- არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე გოგლი-მოგლი ან სახლში დამზადებული ნაყინი;
- საკვებად არ გამოიყენოთ ჭუჭყიანი ან გაბზარული კვერცხები;
- არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები;
- სალათები უნდა შეიკაზმოს მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;
- მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით, სასურველია ხილი მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი;
- სასურველია ზაფხულის პერიოდში უარი თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით მომზადებული ტორტების და კრემიანი ნამცხვრების მოხმარებაზე, ან/და მათი მომზადებისას გამოიყენოთ მხოლოდ დაუზიანებელი, სუფთა ნაჭუჭიანი კვერცხი და ისეთი პროდუქტები, რომელთა შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადები დაცულია;
- თუ მაინც გადაწყვეტთ ზაფხულის პერიოდში კრემიანი ნამცხვრებისა და ტორტების საკვებად გამოყენებას, გახსოვდეთ რომ მათი შენახვა შეიძლება 0-8 გრადუს ტემპერატურაზე, დამზადებიდან არა უმეტეს: ცილოვანი კრემებით და ხილით გაწყობილი — 72 საათი; ნაღების კრემით — 36 საათი; მოხარშული კრემით — 6 საათი; ათქვეფილი ნაღებით — 7 საათი;
- დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების მომზადებაში, ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების მოვლაში;
- დაავადებათა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებელია მიმართოთ ექიმს;
- ექიმის მოსვლამდე თავი შეიკავეთ საკვებისა და ანტიბაქტერიული წამლების მიღებისგან. აუცილებელია ავადმყოფს დაალევინოთ ე.წ. ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები (რეჰიდრონი ან მისი ანალოგები) ან ანადუღარი წყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს;
- დაუშვებელია თვითმკურნალობა, არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბებას.
NCDC საუბრობს ცხელი ამინდებისგან დაცვაზე კორონავირუსის პირობებშიც და მიუთითებს, რომ მთავრობა სასწრაფოდ უნდა მოემზადოს ცხელი ამინდისა და თბური ტალღებისთვის. უწყების განცხადებით, აუცილებელია მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად მიმართული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ქმედებების გარკვეულ მოდიფიცირება, რათა მათ მოახდინონ COVID-19-ის გადაცემის პრევენცია.
-
გადახედვა25 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ლადო კახაძე გახსნის 25 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ლადო კახაძე გახსნის
-
-
-
-
გადახედვა23 ნოემბერს, 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები თსუ-ს I კორპუსთან საერთო აქციას გამართავენ 23 ნოემბერს, 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები თსუ-ს I კორპუსთან საერთო აქციას გამართავენ
-
გადახედვათსუ-ში მყოფ სტუდენტებს დაცვის თანამშრომლები და ერთი უცნობი პირი დაუპირისპირდნენ თსუ-ში მყოფ სტუდენტებს დაცვის თანამშრომლები და ერთი უცნობი პირი დაუპირისპირდნენ
-
გადახედვაპიტერ ფიშერის თქმით, არსებულ ვითარებაში, საქართველოსთვის EU-ში გაწევრიანების შანსი არ არსებობს პიტერ ფიშერის თქმით, არსებულ ვითარებაში, საქართველოსთვის EU-ში გაწევრიანების შანსი არ არსებობს
-
გადახედვა"ჩემი ხმა" 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან აქციას აანონსებს "ჩემი ხმა" 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან აქციას აანონსებს
-
გადახედვა22 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება 22 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
-
გადახედვაგიორგი ვაშაძე: შაბათს გვექნება დიდი აქცია გიორგი ვაშაძე: შაბათს გვექნება დიდი აქცია
-
გადახედვაპუტინის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, უკრაინაში ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს პუტინის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, უკრაინაში ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს
-
გადახედვასსს ცრუს უწოდებს მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და მიმალვაში დაადანაშაულეს სსს ცრუს უწოდებს მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და მიმალვაში დაადანაშაულეს
-
გადახედვაეუთო/ოდირი: ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით ეუთო/ოდირი: ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით
-
გადახედვაპროკურატურა ბრალდებას დაუმძიმებს პირს, რომელმაც საგარეჯოში მეუღლეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა — ქალი კლინიკაში გარდაიცვალა პროკურატურა ბრალდებას დაუმძიმებს პირს, რომელმაც საგარეჯოში მეუღლეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა — ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
-
გადახედვააშშ-მა რუსულ "გაზპრომბანკს" სანქციები დაუწესა აშშ-მა რუსულ "გაზპრომბანკს" სანქციები დაუწესა
-
გადახედვალიზი თირქია: საგამოძიებოში მითხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა ლიზი თირქია: საგამოძიებოში მითხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა
-
გადახედვაგიორგი გახარია: "ოცნებას" მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ გიორგი გახარია: "ოცნებას" მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ
-
გადახედვა1 იანვრიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ხელფასი 16 250 ლარი იქნება 1 იანვრიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ხელფასი 16 250 ლარი იქნება
-
გადახედვაგიორგი კალანდარიშვილს 6-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, კომენტარი არ გაუკეთებია გიორგი კალანდარიშვილს 6-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, კომენტარი არ გაუკეთებია
-
გადახედვააზერბაიჯანელ აქტივისტ ვაფა ნაგს COP29-ის პროტესტისთვის სამთავრობო მედია ესხმის თავს აზერბაიჯანელ აქტივისტ ვაფა ნაგს COP29-ის პროტესტისთვის სამთავრობო მედია ესხმის თავს
-
გადახედვაარსებობს სიტყვა, რომელიც მრავალ ენაში უნივერსალურია არსებობს სიტყვა, რომელიც მრავალ ენაში უნივერსალურია
კომენტარები