მსოფლიო რეკორდი — მიკროსკოპული ტექნოლოგიით ატომების ვიბრაციების დანახვაა შესაძლებელი
კორნელის უნივერსიტეტის ინჟინერთა გუნდმა ცოტა ხნის წინ ახალი მიკროსკოპული ტექნოლოგია შექმნა, რომელიც იმდენად მძლავრია, მისი საშუალებით ერთეული ატომის სამ განზომილებაში დანახვა და მისი მკაფიო გამოსახულების შექმნაა შესაძლებელი. გამოსახულებაზე ატომები ოდნავ ბუნდოვანია, თუმცა ეს მხოლოდ მათი მოძრაობითაა განპირობებული.
ტექნოლოგია, რომლის შესახებაც კვლევა ჟურნალ Science-ში ხუთშაბათს გამოქვეყნდა, ელექტრონული მიკროსკოპისა და 3D რეკონსტრუქციული ალგორითმის გამოყენებით ახალ რეკორდს ამყარებს ატომების რეზოლუციაში. მკვლევრები იმასაც ამბობენ, რომ ეს მიკროსკოპების განვითარებით საბოლოო წერტილია.
"ეს უბრალოდ ახალი რეკორდი არაა", — ამბობს თავის პრეს რელიზში კვლევის მთავარი ავტორი და კორნელის უნივერსიტეტის ინჟინერი, დევიდ მალერი. "ამ ტექნოლოგიაში ისეთი წყობაა მიღწეული, რომელიც რეზოლიციის გაზრდის ბოლო ზღვარი იქნება. ეს ტექნოლოგია გვაძლევს გაზომვების ჩატარების უამრავ ახალ შესაძლებლობას. მისი საშუალებით ძალიან მარტივად შევძლებთ ატომების ადგილმდებარეობის გარკვევას".
ატომების ვიზუალიზაციის წარსული მცდელობებისას ინჟინრები საბოლოოდ იღებდნენ ბუნდოვან გამოსახულებებს. ახლა კი მეცნიერებს უფრო მარტივად შეუძლიათ ატომებსა და მათ მძრაობაზე დაკვირვება. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ახალი ტექნოლოგიით მიღებულ გამოსახულებებზე ატომები ოდნავ ბუნდოვანია, რაც მათ ვიბრაციასთან და მოძრაობასთანაა დაკავშირებული, არა მიკროსკოპის ტექნიკურ ნაკლთან.
აღსანიშნავია, რომ ერთი ატომის გამოსახულების რეზოლუციის წინა რეკორდი ამავე გუნდმა დაამყარა 2018 წელს, თუმცა, იმ დროისთვის მათ მხოლოდ ძალიან თხელი, რამდენიმე ატომის სისქის მასალების ვიზუალიზაცია შეეძლოთ, მათი ახალი ტექნოლოგია კი უფრო სქელ და მეტად რეალისტურ ნიმუშებზე დაკვირვების საშუალებას იძლევა.
კომენტარები