სოხუმის მაცხოვრებლები ქალაქში ხეების გადარჩენისთვის იბრძვიან
სტატია ქვეყნდება OC Media-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ავტორები არიან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც იყენებენ მათთვის მისაღებ ტერმინოლოგიას. მასალას ვაქვეყნებთ უცვლელად, თუმცა სტატიაში ნახსენებ ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც სახელმწიფო, ასევე On.ge-ს რედაქცია არ აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად. შესაბამისად, ადგილმდებარეობებსა და წოდებებთან მოიაზრება სიტყვები: "ოკუპირებული" და "დე-ფაქტო".
სოხუმის მაცხოვრებლებმა ჟურნალისტებთან დაიჩივლეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ხეებს აპრილის ბოლოსთვის სხლავს, როცა ტოტებზე უკვე გაჩნდა პირველი ფოთლები. მათი თქმით, მოჭრის პროცესი მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს.
სოხუმის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებმა, ციალა ჩაჩიბაიამ აპრილის ბოლოს შენიშნა, რომ კომუნალური სამსახურები ქალაქის ხეებზე ტოტების მოჭრას აგრძელებენ. ხელისუფლების დაპირებისამებრ, პროცესი ჯერ კიდევ მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, სანამ სითხისა და მინერალების შეთვისება დაიწყებოდა. ქალს მოეჩვენა, რომ ტოტებს ზედმეტად ღრმად ჭრიან და ამის შემდეგ მათ, შესაძლოა, გვირგვინი აღარ ჩამოუყალიბდეთ.
სხვა მოქალაქეებთან ერთად მან საჩივარი სოხუმის ადმინისტრაციაში, ეკოლოგიურ პროკურატურასა და ქალაქის ბოტანიკურ ბაღში გააგზავნა.
"ყველა ტიპის ხეს ერთნაირად ჭრიან და რატომღაც ასე გამწარებულად. ტოვებენ Y ფორმას, ხოლო შემდგომში მსხვილი ტოტების ადგილზე 20-30 ახალი წვრილი ტოტი იზრდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხე ახალგაზრდავდება, ასე ის მთელ ძალებს გვირგვინს აძლევს, ხოლო ფესვები კვდება", — მიაჩნია ციალა ჩაჩიბაიას.
ეკოლოგიურ პროკურატურასა და ქალაქის ადმინისტრაციაში მაცხოვრებლებს უპასუხეს, რომ გასხვლა აგროინჟინრებისთვის დასაშვებ ჩარჩოებში ხდება. სოხუმის მთავარი აგრონომი, გოჩა ჯინჯოლია ამტკიცებს, რომ გასხვლა "მკაცრად განსაზღვრულ ვადებსა და აუცილებელი პარამეტრების გათვალისწინებით" მიმდინარეობს.
"ბევრი ხე ძალიან დაბერებულია და თუ არ გავსხლავთ, შეიძლება უბრალოდ გახმეს. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ არ შეგვიძლია ხეების მოჭრის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღოთ. ჩვენ მივდივართ ეკოლოგიაში [ბუნების მართვისა და ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტი], აღვწერთ სიტუაციას და მხოლოდ კომისიის შემდეგ ვიღებთ ნებართვას გასხვლაზე", — ამბობს ჯინჯოლია.
სოხუმის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტები ამას არ ეთანხმებიან. მაცხოვრებლის სიტყვებს აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და ბოტანიკოსი სერგეი ბებია ადასტურებს. მისი თქმით, სოხუმში ხეების გასხვლისას ნამდვილად უშვებენ შეცდომებს, მაგალითად ყოველწლიურად მაღალ სიმაღლეზე დაფნისა და ჭადრის ხეებისთვის გვირგვინის გაკეთება, როცა ეს ათ წელიწადში ერთხელ ოთხ მეტრზე უნდა გაკეთდეს.
მეცნიერი განმარტავს, რომ გამაახალგაზრდავებელ გასხვლას, რამაც მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია, თავის მხრივ ხეებისთვის მხოლოდ სარგებელი მოაქვს, თუ ის წესების მიხედვით კეთდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ასაკის მატებასთან ერთად, მისი ფესვების სისტემა გვირგვინის კვებას წყვეტს. მაგრამ სწორად გასხვლა მხოლოდ აგროინჟინრებისა და ლანდშაფტის დიზაინის სპეციალისტების დახმარებით შეიძლება.
ქალაქის მუნიციპალიტეტის კომპანიის კეთილმოწყობის თანამშრომელმა OC Media-ს კონფიდენციალურად უთხრა, რომ ხეების გასხვლისას კომუნალური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად აგრონომები არასდროს გადიან. მუშები ბამბუკის ექვსმეტრიანი ჭოკით სიმაღლეს ზომავენ და ხეებს ამ დონეზე ჭრიან.
"თითქოს გარშემო ყველაფერს სპეციალურად ამახინჯებენ"
სოხუმის მაცხოვრებელს, ანა სანგულიას მიაჩნია, რომ უსწორმასწოროდ გადაჭრილი ხეების გამო ქალაქი თავის იერსახეს კარგავს: ის იხსენებს, რომ საბჭოთა დროს ქალაქში იმდენი სიმწვანე იყო, ძლიერი წვიმის დროსაც მის ქვეშ დასველების გარეშე გავლა შეგეძლო. გარდა ამისა, გადაჭრილმა ხეებმა გამოაჩინა ძველი შენობები, რომლებიც რესტავრაციას საჭიროებს.
"დამსვენებლები მეკითხებიან, ეს რა გააკეთეთ, რატომ გადაჭერით მთელი სიმწვანე, როგორი საშიში გახდა თქვენთან. ნამდვილად, სიმწვანე რაღაცნაირად ფარავდა დაფლეთილ შენობებს, ახლა კი ყველაფერი გამოჩნდა. თითქოს გარშემო ყველაფერს სპეციალურად ამახინჯებენ", — ამბობს სოხუმის მაცხოვრებელი, გუნდა გერხელია.
საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ ჭრიან გამხმარ ტოტებს, რომლებიც გამვლელებისთვის საშიშია.
"მოსახლეობა დღეს აღშფოთებულია იმით, რომ ხეებს ვსხლავთ, ხვალ კი მათ მანქანას ან მათ თავზე დაეცემა გამხმარი ტოტი და ამაშიც ჩვენ ვიქნებით დამნაშავეები", — განმარტავს სოხუმის მთავარი აგრონომი, გოჩა ჯინჯოლია.
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე.
კომენტარები