რომის სამხრეთით გამოქვაბულში 9 ნეანდერტალელის ნარჩენები იპოვეს
იტალიელი არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ისინი აფთრებმა მოკლეს და შემდეგ გამოქვაბულში საჭმელად წამოიყვანეს
იტალიელმა არქეოლოგებმა ცოტა ხნის წინ, რომიდან სამხრეთით 100 კილომეტრის მანძილზე ნეანდერტალელების ძვლები აღმოაჩინეს. მათი მტკიცებით, მათ აფთრები დაესხნენ თავს, რომლებმაც წარმატებით ინადირეს მათზე და შემდეგ ნადავლი გამოქვაბულში წაათრიეს.
ლათინური არქეოლოგიური ზედამხედველობისა და რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ აღმჩენილი ძვლები 7 მოზრდილი კაცის, ერთი ქალისა და ერთ ბიჭის ნარჩენებს წარმოადგენს.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ნეანდერტალელები სხვადასხვა დროის პერიოდებში ცხოვრობდნენ. ზოგიერთი ძვალი 50 000 - 68 000 წლით თარიღდება, ყველაზე ძველი ნარჩენი კი, მეცნიერების აზრით, 100 000 წლის წინანდელი უნდა იყოს.
ნეანდერტალელების ნარჩენები, რომლებიც მოიცავს დამტვრეულ ყბის ძვლებსა და თავის ქალებს, გუატარის გამოქვაბულში აღმოაჩინეს — ამ ადგილს უკვე განთქმული ჰქონდა სახელი ადამიანების ამ შორეული ნათესავების ნამარხებით, რომლებიც აქ 1939 წელს სრულიად შემთხვევით იპოვეს.
"ეს შესანიშნავი აღმოჩენაა. ამ ადგილის ნგრევა, სავარაუდოდ, მიწისძვრამ გამოიწვია, რამაც ათობით ათასი წლის მანძილზე შეინახა გამოქვაბულში დარჩენილი ნამარხები", — განაცხადა პროფესორმა მარიო როლფომ ტორ ვერგატას უნივერსიტეტიდან.
ადამიანის ნარჩენებთან ერთად მკვლევრებმა ბოსტნეულის, მარტორქების, გიგანტური ირემის, გარეული ცხენისა და, რა თქმა უნდა, თვითონ აფთრების ნამარხებიც აღმოაჩინეს. ისინი ფიქრობენ, რომ აქ აღმოჩენილი ნეანდერტალელების დიდი ნაწილი აფთრებმა მოკლეს, შემდეგ კი გამოქვაბულში წაათრიეს, რომელიც თავიანთ ბუდედ ჰქონდათ ქცეული.
ექსპერტები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ სანამ ამ გამოქვაბულს სასტიკი აფთრები დაიკავებდნენ, შესაძლოა, აქ ნეანდერტალელები ყოფილიყვნენ დასახლებულნი.
როლფომ განაცხადა, რომ მისი მკვლევრების გუნდი მათი ისტორიის შესასწავლად მიზნად ისახავდა ამ ნეანტერტალელების დნმ-ის ანალიზს. კბილების ქვების წინასწარმა ანალიზმა გამოავლინა, რომ ნეანდერტალელების კვების სტილი მრავალფეროვანი იყო, თუმცა, უმეტესად ისინი მარცვლეულს მიირთმევდნენ, რამაც მათი ტვინის ზრდას შეუწყო ხელი.
ნეანდერტალელები ევრაზიაში ატლანტის ოკეანის სანაპიროდან ურალის მთებამდე ცხოვრობდნენ და დაახლოებით 40 000 წლის წინ გაქრნენ. ამავე პერიოდში, ამ რეგიონში ჩვენმა სახეობებმა დაიმკვიდრეს თავი. გასულ წელს, ბულგარეთში აღმოჩენილმა ნამარხებმა, რომლებიც ასევე ნეანდერტალელებს მიეკუთვნებოდა, აჩვენეს, რომ ეს არსებები და თანამედროვე ადამიანები ევროპაში რამდენიმე ათასი წლის მანძილზე თანაცხოვრობდნენ. ეს დრო სავსებით საკმარისია მათი ბიოლოგიური და კულტურული ურთიერთქმედებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ნეანდერტალელებს ხშირად წარმოაჩენენ, როგორც თანამედროვე ადამიანის შორეულ ჯმუხ მონათესავე სახეობებს, რომლებიც განვითარების დაბალ დონეზე დგანან, სინამდვილეში მათ ჩვენი მსგავსი ტვინი და იმ დროისთვის საკმაოდ საინტერესო კულტურა ჰქონდათ. გარდა კომპლექსური ქვის იარაღებისა და მოხატული სამკაულებისა, მათ უკავშირდება გამოქვაბულის კედლებზე აღმოჩენილი ნახატებიც, რომლებზეც მეცნიერები დიდი ხანია მსჯელობენ.
კომენტარები