როგორ იწვევდნენ ჰალუცინაციებს პრეისტორიული მხატვრები — კვლევა
თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევრები ცდილობენ გაარკვიონ, თუ რატომ ხატავდნენ პრეისტორიული ადამიანები ყველაზე ბნელი გამოქვაბულების ვიწრო გასასვლელებში. მათ, შესაძლოა, უკვე პასუხსაც მიაგნეს.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ "ამ ქმედების მთავარი მოტივაცია იმის გაგება იყო, თუ რა გავლენას ახდენდა მიწისქვეშეთის უჟანგბადო სივრცეები ადამიანის გონებაზე", — წერენ არქეოლოგები კვლევაში, რომელიც ჟურნალ Time and Mind: The Journal of Archaeology, Consciousness and Culture-ში გამოქვეყნდა.
სხვა სიტყვებით, მათ იცოდნენ, რომ ვიწრო სივრცეებში ისინი დროთა განმავლობაში ჰაერისგან დაიცლებოდნენ და ნარკოტიკული თრობის მსგავს მდგომარეობაში გადავიდოდნენ. უჟანგბადო სივრცეებს ასევე ემატებოდა ანთებული ჩირაღდნები, რომლებსაც, ჟანგბადის წვის შედეგად, კიდევ უფრო სწრაფად მიჰყავდათ ისინი ამ მდგომარეობამდე. კვლევა ამტკიცებს, რომ ჟანგბადისგან დაცლა მხატვრებში ჰალუცინაციებს იწვევდა.
არქეოლოგებმა კვლევის ფარგლებში შექმნეს სიმულაცია, რომელიც "აღწერს ანთებული ჩირაღდნის გავლენას ჟანგბადის კონცენტრაციაზე ისეთი სტრუქტურის გამოქვაბულებში, როგორებშიც ქვის ხანით დათარიღებული ნახატებია აღმოჩენილი. სიმულაციამ აჩვენა, რომ ასეთ ადგილებში ადამიანის ორგანიზმში ჟანგბადის კონცენტრაცია მალევე ეცემა 18%-ზე დაბლა, რაც ჰიპოქსიას იწვევს".
ჰიპოქსია სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაა, რომლის დროსაც სხეულის ნაწილი, ან მთელი სხეული იცლება ჟანგბადისგან ქსოვილების დონეზე. "ამ მდგომარეობის დროს იზრდება ტვინში დოპამინის გამოყოფა, რაც შედეგად, ჰალუცინაციებს იწვევს", — განმარტავენ კვლევის ავტორები.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ 14 000 - 40 000 წლების წინ მხატვრებმა, რომლებიც გამოქვაბულებში ჩირაღდნებით ინათებდნენ გზას, იცოდნენ, რომ უჟანგბადო სივრცეებში ანთებული ჩირაღდნებით შესვლა და აქ დაყოვნება ჰალუცინაციებს გამოიწვევდა.
კიდევ ერთი მოხსენება, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა, გვთავაზობს, რომ პრეისტორიული ადამიანები მხატვრობას თავიანთი ნადირობის ტექნიკების გასაუმჯობესებლად მიმართავდნენ. ზემოხსენებული კვლევა კი, ჰომო საპიენსების ეპოქაში ხელოვნების ევოლუციას ჰალუცინაციებს უკავშირებს.
კომენტარები