ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ინექციასა და თრომბოემბოლიის შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირი დაადასტურა და დასძინა, რომ ეს, შეიძლება, ძალიან იშვიათ გვერდით ეფექტს წარმოადგენდეს. გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციის კომიტეტმა კი გასცა რეკომენდაცია, 30 წლამდე მოქალაქეებს ალტერნატიული ვაქცინები შესთავაზონ (ამის საშუალების არსებობის შემთხვევაში). აღსანიშნავია, რომ EMA-ს განცხადებითვე, ამ შესაძლო კავშირის დადასტურების მიუხედავად, ვაქცინაციის სარგებელი მისით გამოწვეულ შესაძლო რისკებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, უზარმაზარი გავლენა იქონიოს განვითარებად და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე, რომელთა დიდი ნაწილი AstraZeneca ვაქცინას Covax ინიციატივის ფარგლებში იღებს.

აღსანიშნავია, რომ AstraZeneca ვაქცინით აცრილ ადამიანებში ფისტულებში თრომბის წარმოქმნის 62 შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც ტვინიდან სისხლის გამოდენა გამოიწვია. მათგან 18 ფატალურად დამთავრდა. გარდა ამისა, 24 აცრილს თრომბი მუცლის ღრუში განუვითარდა. ეს შემთხვევები ევროკავშირის ქვეყნებსა და გაერთიანებულ სამეფოში გამოვლინდა. ამ უკანასკნელში AstraZeneca ვაქცინით 25 მილიონი ადამიანი აიცრა.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ უსაფრთხოების კომიტეტმა (ფარმაცევტული უსაფრთხოებისა და რისკების შეფასების კომიტეტი — PRAC) უკვე დაადასტურა, რომ AstraZeneca ვაქცინის სარგებელი კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში გაცილებით აღემატება იმ რისკებს, რომლებსაც იგი შეიცავს", — განაცხადა პრესკონფერენციაზე EMA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ემერ ქუქმა.

PRAC-ის თავმჯდომარემ, საბინ შტრაუსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ AstraZeneca ვაქცინით აცრილებში მართლაც გამოვლინდა თრომბი და სისხლში თრომბოციტების ძალიან დაბალი დონე. მან ისიც აღნიშნა, რომ EMA-ს არ ჰქონდა საკმარისი მონაცემები იმის გასარკვევად, თუ რომელ ასაკობრივ თუ სქესობრივ ჯგუფში ჭარბობს ამ გვერდითი ეფექტის შემთხვევები. შემდეგ კი შტრაუსმა დაამატა, რომ სააგენტო ამ მონაცემების მოპოვებას და მათ საფუძველზე დამატებითი ანალიზების ჩატარებას გეგმავს.

მიუხედავად ამისა, EMA-ს მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ შემთხვევების უდიდესი ნაწილი ფიქსირდება 60 წელს ქვემოთ ასაკის ქალებში ვაქცინაციიდან ორი კვირის მანძილზე.

ამავდროულად, EMA ჯანდაცვის მუშაკებსა და ვაქცინაციაში ჩართულ ადამიანებს მოუწოდებს, "გააცნობიერონ არსებული რისკები თრომბული დაავადების განვითარების შესახებ, რომელიც აცრიდან ორი კვირის მანძილზე ვლინდება".

ქვემოთ მოყვანილ MHRA-ს გრაფიკზე კი ასახულია AstraZeneca ვაქცინის პოტენციური სარგებელი და რისკი.