რამდენად ვართ დამოკიდებული რუსეთზე ეკონომიკურად
რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ყოველთვის არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. უახლოეს წარსულში სავაჭრო ემბარგოსა და საქართველოს მოქალაქეების დეპორტის გარდა, რუსეთთან ომის გამოცდილება არსებობს, რაც ობიექტურად იძლევა იმის საფუძველს, რომ მეზობელი ქვეყანა სულ მცირე, არასანდო ეკონომიკურ პარტნიორად მივიჩნიოთ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 70% ფიქრობს, რომ რუსული აგრესია საქართველოს მიმართ კვლავ გრძელდება. მხოლოდ 6% მიიჩნევს, რომ ჩრდილოელი მეზობლისგან მოსალოდნელი საფრთხე აღარ არსებობს და აგრესიის განახლება ნაკლებად სავარაუდოა. ფაქტია, რომ რუსეთი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს აგრძელებს და საჭიროების შემთხვევაში, ეკონომიკის საკითხს საქართველოს წინააღმდეგ ბერკეტად იყენებს — ამის ერთ-ერთი ბოლო მაგალითია პუტინის ბრძანებით განხორციელებული ავიაემბარგო, რაც 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდებოდა და რამაც 2019 წლის მეორე ნახევარში რუსული ვიზიტები 11%-ით შეამცირა.
რაც უფრო იზრდება რუსეთის წილი ქართულ ეკონომიკაში, უფრო მეტად ისმის მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპაციის გაპროტესტებამ შესაძლოა რუსეთისგან მიღებული ეკონომიკური სარგებელი დაგვაკარგვინოს. მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმაც, რომელიც მოქალაქეების მიერ რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტის გაპროტესტებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქტივისტების ზღვარგადასული რეაქცია რუსეთიდან ვალუტის შემოდინებას დააზიანებს. პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამაც და აღნიშნა, რომ რუსი ტურისტებისთვის კვერცხების სროლა საქართველოს ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად ვერ გააძლიერებს.
საინტერესოა, როგორია რუსული ეკონომიკის წარმომადგენლობა ქართულ ტურიზმში, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, საგარეო ვაჭრობასა და ფულად გზავნილებში. როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში რუსეთის გავლენა ქართულ ეკონმიკაზე და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოელი მეზობლის მიმართ საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულების საკითხი მუდმივად კონტროლდებოდეს.
ტურიზმი
საქართველოსთვის ტურიზმი უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა, რაც თავის მხრივ, ლარის სტაბილურობას უწყობს ხელს. დაზუსტებით შესაძლებელია ითქვას, რომ ასე იყო პანდემიამდე, ვიდრე ინდუსტრია უმძიმეს დარტყმას მიიღებდა. ქართული ტურიზმი მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული — 2019 წელს, როდესაც სექტორი გამართულად მუშაობდა, ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების 67,6% ოთხ მეზობელ ქვეყანას (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი) წარმოადგენდა.
კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვნად დააზარალა. 2020 წელს უცხოური ვიზიტების რაოდენობა წლიურად 80%-ით შემცირდა და 1,5 მილიონი შეადგინა. შესაბამისად, შემცირებულია ტურიზმიდან შემოსული თანხებიც — ეროვნული ბანკის გათვლებით, გასულ წელს ტურიზმის სექტორმა უცხოელი ვიზიტორებისგან 2,7 მილიარდით ნაკლები, 541,7 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება რუსეთს, პანდემიამდე აქედან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა. 2019 წელს საქართველოში განხორციელებული 7,7 მლნ უცხოური ვიზიტიდან 1,5 მილიონიანი წილი (19%) რუსეთის ფედერაციის რეზიდენტებს ეკუთვნოდათ. უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლისთვის ქართულ ტურიზმში რუსული ვიზიტების წილი 8,1% იყო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში მოგზაური ვიზიტორების დიდ ნაწილს მეზობელი ქვეყნების რეზიდენტები წარმოადგენენ, ხოლო ყველაზე მეტ ფულს (საშუალოდ ერთ ვიზიტზე) აშშ-სა და საუდის არაბეთის რეზიდენტები ხარჯავენ.
უცხო ქვეყნის რეზიდენტების მიერ საქართველოში ვიზიტისას გაწეული საშუალო ხარჯების მოცულობა, 2019 წელი
მაშინ, როდესაც საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობით მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ, ხოლო დანარჩენი მსოფლიოს მოქალაქეები მეტ ფულს ხარჯავენ, მნიშვნელოვანია, აქცენტი გაკეთდეს ნაკლებად ათვისებულ ბაზრებზე. იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიური კრიზისი ჯერ კიდევ დღის წესრიგშია და ინდუსტრია უმძიმეს დარტყმებს განიცდის, ტურიზმის აღსადგენად ყველა შესაძლო გზა უნდა გამოინახოს, თუმცა სამომავლო პერსპექტივაში, მნივშვნელოვანი იქნება, საქართველო მაღალშემოსავლიანი ვიზიტორების მოზიდვაზე კონცენტრირდეს, რათა სექტორის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება დაბალანსდეს.
რუსი ვიზიტორების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა
ინვესტიციები
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინება. წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა განახევრდა და 617 მლნ დოლარი შეადგინა — ამგვარი ვარდნა 2005 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. 2009 წელსაც კი, როდესაც ქვეყანა ომით გამოწვეულ კრიზისს ებრძოდა, საქართველოში უფრო მეტი მოცულობის FDI შემოვიდა (667 მლნ დოლარი), ვიდრე პანდემიურ 2020-ში.
რაც შეეხება რუსეთს, ჩრდილოელი მეზობლისგან მიღებული ინვესტიციების მოცულობამ პიკს 2014 წელს მიაღწია, როდესაც რუსეთიდან 88 მლნ დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. აღსანიშნავია 2013 წელი, როდესაც რუსული ინვესტიციების მოცულობა 8 მლნ დოლარამდე შემცირდა და მისმა წილმა მთლიან FDI-ში 0,8% შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რა რაოდენობის ინვესტიციას განახორციელებს რუსეთი, ხაზგასასმელია, რომ იგი გამუდმებით აზიანებს საქათველოს საინვესტიციო გარემოს — ქვეყანასა და რეგიონში არსებული კონფლიქტები საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენენ.
რუსეთიდან განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა და მისი წილი მთლიან ინვესტიციებში
საგარეო ვაჭრობა
2020 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველომ ყველაზე მეტად თურქეთთან, რუსეთთან, ჩინეთთან და აზერბაიჯანთან ივაჭრა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე წელია, რაც რუსეთი კვლავ საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის ჩაეწერა. თუ 2011 წელს რუსეთში გაყიდული საქონლის მოცულობა მთლიანი ექსპორტის 1,7% იყო, 2020 წლისთვის ეს მონაცემი 13,2%-მდე გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 441 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი და მომსახურება გავიდა. ასე გამოიყურება იმ სამი პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც გასულ წელს რუსეთში ყველაზე მეტად გავყიდეთ:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები — 119,5 მლნ დოლარი;
- ფეროშენადნობები — 108,5 მლნ დოლარი;
- მინერალური და მტკნარი წყლები — 43,9 მლნ დოლარი;
რაც შეეხება იმპორტს, 2020-ში რუსეთისგან 888 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი ვიყიდეთ, რაც მთლიანი იმპორტის 11,1%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს იმპორტირებული ხორბლის 99% რუსეთიდან შემოვიდა — მიმდინარე წელსაც ხორბლის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია.
ასეთია ის სამი სასაქონლო ჯგუფის დასახელება, რომელიც 2020 წელს რუსეთისგან ვიყიდეთ:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები — 130,4 მლნ დოლარი;
- ხორბალი და მესლინი — 107,4 მლნ დოლარი;
- ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები — 47,4 მლნ დოლარი;
საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული სავაჭრო ბრუნვის (ექსპორტ-იმპორტის ჯამი) მოცულობა და მისი წილი ქვეყნის მთლიან სავაჭრო ბრუნვაში
ფულადი გზავნილები
ფულადი გზავნილები საქართველოს მოსახლეობის ნაწილისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. ყოველწლიურად უცხოეთიდან გადმორიცხული თანხების მოცულობა 1 მლრდ დოლარს აჭარბებს და მნიშვნელოვნად ეხმარება ქართულ ეკონომიკას.
გზავნილები იმ იშვიათ პარამეტრებს შორის მოხვდა, რომლის მოცულობა 2020 წელს გაიზარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში, თითქმის ორი მილიარდი, 1 885 981 935 დოლარი გადმოირიცხა, რაც 8,8%-ით მეტია 2019 წლის მონაცემთან შედარებით.
გასული წლის მონაცემების მიხედვით, გადმორიცხვების რაოდენობით ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს, რადგან საქართველოდან ემიგრირებულთა დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ ფულადი გზავნილების მთლიანი ყულაბიდან რუსეთიდან გადმოგზავნილი თანხების წილი ყოველწლიურად მცირდება.
რუსეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა და მისი წილი მთლიან გზავნილებში
შეჯამება
იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკის მიმართ რუსეთისგან მომდინარე რისკები დაბალანსდეს, აუცილებელია ეკონომიკის დივერსიფიცირება, ანუ დამოკიდებულების შემცირება ერთ კონკრეტულ ბაზარსა თუ ინდუსტრიაზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ იმუშაოს ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაზე და განსაკუთრებული მნიშვნელონის მქონე პროდუქტების იმპორტი ალტერნატიული მომწოდებლებისგანაც განახორციელოს. გასათვალისწინებელია, რომ ტურიზმის აღდგენის პარალელურად, ქვეყანამ უნდა დააინტერესოს მაღალშემოსავლიანი ვიზიტორები, რომლებიც საქართველოში მეტ უცხოურ ვალუტას შემოიტანენ.
ბოლო რამდენიმე წლის ისტორიის გააზრებაც საკმარისია იმის დასადგენად, რომ რუსეთი არასანდო ეკონომიკური პარტნიორია. შესაბამისად, შესაძლოა ითქვას, რომ ბაზრების დივერსიფიცირების გარეშე, ჩრდილოელ მეზობელთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება სერიოზულ რისკებს შეიცავს.
კომენტარები