როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა?
ერთ-ერთი ყველაზე ღირებული უნარ-ჩვევა, რომელსაც თქვენი შვილი ცხოვრების მანძილზე შეიძენს და რომელიც, თავის მხრივ, სამყაროს შემეცნებაში დაეხმარება, კითხვაა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია — სიამოვნებით კითხვა. კითხვას უდიდესი როლი აქვს კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში, რაც მოსმენასთან, საუბართან და წერასთან ერთად, შემოქმედებით აზროვნებას უხსნის კარს. კითხვა ის ჩვევაა, რომელიც ბავშვებმა მშობლებისგან უნდა შეითვისონ. ისინი უნდა ხედავდნენ, როგორ კითხულობენ მშობლები. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში ძალიან რთულია ბავშვის ყურადღების მიქცევა და შემდგომ შენარჩუნება, ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ტელევიზორთან ან/და კომპიუტერთან გატარებული დრო ვერაფრით შეცვლის წიგნთან ურთიერთობას, რადგან ამ დროს მშობლის ყურადღება სრულადაა მიმართული შვილთან ერთად წიგნის კითხვისკენ და მასსა და შვილს შორის განსაკუთრებული კავშირი მყარდება, რაც ადრეულ ასაკში დიდ გავლენას ახდენს.
პატარა ასაკიდან კითხვა კარგი საშუალებაა ხმებისა და მეტყველების რიტმის შესასწავლად, რაც შემდეგ გადამწყვეტია ენის განვითარებისთვის. როგორც ბრაუნის სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, 18-25 თვის ბავშვებს, რომლებსაც მშობლები 1 წლის განმავლობაში სისტემატურად უკითხავდნენ, მეტი სიტყვის გაგება და წარმოთქმა შეეძლოთ, ვიდრემ მათ, ვისაც არ უკითხავდნენ. უამრავი მშობელი დარწმუნებულია, რომ წიგნებთან ადრეული ურთიერთობა გრძელვადიან შედეგსაც იძლევა, როგორც ბავშვების ენობრივ შესაძლებლობებზე, ასევე მათ ინტერესზე კითხვის მიმართ.
0-3 წლის ასაკის ბავშვები
ამ ასაკში ბავშვებს უკვე ნელ-ნელა უყალიბდებათ წიგნების ცნობიერად აღქმის უნარ-ჩვევები, ისინი უკვე იმახსოვრებენ ნახატებს, აკავშირებენ სიტყვებს კონკრეტულ გამოსახულებებთან და შინაარსებთან. ამ დროს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს წიგნების განმეორებით კითხვას — სწორედ ასე იმახსოვრებენ პატარები ახალ სიტყვებს და იძენენ საყვარელ წიგნებსაც. ამ ასაკისთვის შესანიშნავი საშუალებაა ადაპტირებული ზღაპრები, რომლებითაც მშობლებს შეეძლებათ მართლაც ზღაპრული სამყარო შეუქმნან ბავშვებს და, რაც მთავარია, ზღაპრის გაგრძელებით, მასზე ლაპარაკითა და კონკრეტული ინტონაციის გამოყენებით, წარმოსახვაც განუვითარონ. ამაში დაგეხმარებათ ზღაპრის ყუთები — ჯადოსნური ზღაპრები — სახალისო პერსონაჟებითა და შთამბეჭდავი ილუსტაციებით და ყველა ბიჭის საყვარელი ზღაპრები და სათავგადასავლო ამბები.
ამ ყუთებში უკვე კარგად ნაცნობ ზღაპრებს გადააწყდებით. მზეთუნახავი და ურჩხული, პრინცესა მუხუდოს მარცვალზე, რაპუნცელი, ყინულის დედოფალი, ალადინი, ჩექმებიანი კატა... ეს იმ ამბების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც თქვენს ბავშვებს ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს. თითოეულ ყუთში 5 პატარა წიგნია, რომელთა მუყაოს გვერდებიც დაზიანებისგან დაიცავს და დაგეხმარებათ, რომ კიდევ დიდხანს უკითხოთ ისინი პატარებს და მათ საყვარელ საკითხავადაც აქციოთ.
3-6 წლის ასაკის ბავშვები
ეს უკვე ის ასაკია, როდესაც ბავშვები დამოუკიდებლადაც ცდილობენ პატარა ტექსტების წაკითხვას და ამ დროს მშობლების ჩართულობა ფასდაუდებელია. სწორი ინტონაციისა და ხმის არჩევა დაეხმარება მათ, განსაზღვრონ წაკითხულის ემოციაც და საკუთარი ემოციური მიმართებაც. ამ ასაკში ბავშვებს უკვე აინტერესებთ ამბების აგებულება და მათთვის საინტერესო ამბის შერჩევა უფრო რთულდება. ზღაპრები, რომლებიც თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა, ბავშვების მეხსიერებაშიც ილექება და შესაბამის ასაკში მათი სწორად მიწოდებაა საჭირო.
ფოტო: პალიტრა L
ქართული ხალხური ზღაპრების ილუსტრირებული წიგნი იმ დაუჯერებელ ამბებს მოგითხრობთ, რომლებსაც უფროსები უმცროსებს უყვებოდნენ, მშობლები შვილებს, ბებია-ბაბუები შვილიშვილებს. ეს თავგადასავალი არც თაროზე, არც ფურცლებზე არ ჩერდება და გაგრძელებას ელის. როგორც ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე გვირჩევს, იმისთვის, რომ პატარებმა კარგად აითვისონ და წარმოიდგინონ წაკითხული, საჭიროა ერთი და იმავე წიგნის წაკითხვა სხვადასხვა ადგილას — სახლში, ბაღში, ტყეში და ა.შ. ასევე, ამ ასაკში ბავშვებს უნდა მივცეთ საშუალება, თავად აირჩიონ წიგნები. მიეცით სრული თავისუფლება, იმის მიუხედავად, მოგწონთ მათი არჩევანი თუ არა.
ფოტო: პალიტრა L
დარწმუნებულები ვართ, თქვენი პატარების არჩევანში ერთ-ერთი აუცილებლად იქნება ვინი პუჰის თავგადასავალიც. ვინი პუჰისა და მისი მეგობრების ისტორიებს ხომ მთელი მსოფლიო იცნობს და ამ ამბებმა წლების განმავლობაში უამრავი ბავშვის სიყვარული დაიმსახურა. პატარები პუჰში ახლობელ, მათსავით გულუბრყვილო და ცნობისმოყვარე მეგობარს ხედავენ. უფროსები კი, ვინის დახმარებით, ბავშვობაში ბრუნდებიან, იხსენებენ, რა მშვენიერი და მარტივია ცხოვრება, რა საამურია ერთგული მეგობრების გარემოცვაში ყოფნა.
მნიშვნელოვანია ასევე შემეცნებითი, საგანმანათლებლო წიგნებიც, რომლებითაც პატარები განივითარებენ აზროვნებას და მხიარულად ამოხსნიან გამოცანებს.
ფოტო: პალიტრა L
ნათია ჯანაშიას გამოიცნონ პატარებმა სწორედ ასეთი წიგნია, რომელშიც ანბანის მიხედვით დალაგებულ ოთხი სავარაუდო პასუხის მქონე "რითმოცანებს" შეხვდებით. ეს წიგნი თქვენს პატარებს შემეცნებისა და გართობის საშუალებას მისცემს.
6 წლის ზემოთ
ამ ასაკში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ბავშვების მოტორიკის განვითარებას. ფსიქოლოგების აზრით, პაზლები ამის საუკეთესო საშუალებაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი კონკრეტულ თემასთანაა დაკავშირებული.
ფოტო: პალიტრა L
არ არსებობს ბავშვი, რომელსაც ცხოველები არ უყვარს ან კოსმონავტობაზე არ უოცნებია. 100 ნაწილიანი კოსმოსი - მანათობელი პაზლის აწყობა ნამდვილი თავგადასავალი იქნება, რადგან მანათობელ ასტრონავტებსა და პლანეტებს შორის "იმოგზაურებთ". პაზლის ნაწილები კი, როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ სინათლეზე თავისით იტენება და ანათებს. მხიარული ცხოველები - ფუმფულა პაზლით კი შეძლებათ თითოეული ცხოველი თავისი ბეწვითა თუ ბუმბულით გააცნოთ პატარებს. ორივე პაზლის დიდი და სქელი ნაწილები მის აწყობას გაადვილებს.
ფოტო: პალიტრა L
მოტორიკის განვითარებასთან ერთად, ბავშვმა ნელ-ნელა უნდა შეიმეცნოს ისეთი ღირებულებებიც, როგორებიცაა სიკეთე, სიყვარული, მეგობრობა და გაეცნოს მათ ამსახველ მარტივ ისტორიებს. ასეთია ყველა თაობისა და ასაკის საყვარელი წიგნი — ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პატარა პრინცი, რომელიც ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია. პატარა პრინცის პირით მოყოლილი გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, ვერც ერთ ბავშვს ვერ დატოვებს გულგრილს. ტექსტს მაქსიმალურად მორგებული ანუკა ბარათაშვილის ილუსტრაციები პატარა პრინცის ემოციურ სამყაროში გვამოგზაურებს.
ის, რაც ბავშვებს ყველაზე მეტად არ უყვართ, ჭკუის სწავლება და შეგონებებია. თუმცა, ცხადია, გარკვეული ქცევები მათ კონკრეტული ამბებიდან უყალიბდებათ. ამაში შეიძლება ძალიან კარგ მეგზურად იქცეს ეზოპეს 200 იგავი. ამ წიგნში ერთიანდება ყველა დროისა და ქვეყნის ბავშვებისთვის ნაცნობი, შეგონებებით სავსე მხიარული ისტორიები. ლამაზი ილუსტრაციებით სავსე ეს წიგნი უბიძგებს თქვენს პატარებს, კიდევ უფრო მეტი რამ შეიმეცნონ და იმუშაონ საკუთარ თავზე.
როგორც ხედავთ, ბავშვისთვის წიგნების შეყვარება არცთუ ისე რთული ამოცანაა. მთავარი დროული, ასაკის შესაბამისი და საინტერესო საკითხავის შერჩევა, მათთან ერთად სიახლეების ძიება და ყურადღებაა, წიგნები კი ნამდვილად არ მოგაკლდებათ.
კომენტარები