მეგან მარკლმა სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულა — 10 მთავარი გზავნილი ინტერვიუდან
მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ინტერვიუ ოპრა უინფრისთან 7 მარტის ღამეს CBS-ზე გავიდა. 2-საათიანი ინტერვიუ, რომელსაც მთელი მსოფლიო დიდი ინტერესით ელოდა, დიდი ბრიტანეთის მონარქებს არც ისე კარგ მდგომარეობაში აყენებს. ამ სტატიაში მოკლედ შეგიჯამებთ სამეფო ოჯახიდან წამოსული ჰარისა და მეგანის მთავარ გზავნილებს.
1. მენტალური ჯანმრთელობის კრიზისი
მეგანის სიტყვებით, ორსულობის დროს სუიციდური აზრები ჰქონდა: "სიცოცხლის გაგრძელება აღარ მსურდა და ეს აშკარა, გამუდმებული ფიქრები ძალიან მაშინებდა. მახსოვს, როგორ ზრუნავდა ჩემზე ჰარი". მეგანი დასძენს, რომ სამეფო ოჯახს სამედიცინო დახმარების გამოყოფა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო:
"მითხრეს: 'შენზე ძალიან ვდარდობთ, ვხედავთ, როგორ ცუდ მდგომარეობაში ხარ, მაგრამ არაფრის გაკეთება შეგვიძლია, რადგან ხელფასი არ გაქვს'".
მისი თქმით, თავს ტყვეობაში გრძნობდა, არ ჰქონდა წვდომა საკუთარ პასპორტზე, მართვის მოწმობასა და გასაღებებზე. მეგანი ამბობს, რომ გარეთ გასვლის უფლება არ ჰქონდა, რასაც მისი იმიჯით ხსნიდნენ:
"მესმის, რომ დარდობდნენ, როგორ გამოჩნდებოდა, მაგრამ არავის უკითხავს, როგორი შეგრძნება იყო".
2. რასიზმი სამეფო ოჯახში
მეგანმა სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულა. მისი სიტყვებით, როდესაც პირველ შვილზე, არჩიზე ორსულად იყო, ყველა შფოთავდა, რა ფერის კანი ექნებოდა მისი და ჰარის მომავალ შვილს. მისი სიტყვებით, სწორედ ამის გამო არჩის პრინცის ტიტული არ მიუღია და არც დაცვა გამოუყეს:
"შფოთავდნენ და საუბრობდნენ, რამდენად მუქი კანი შეიძლებოდა ჰქონოდა".
როდესაც ოპრამ სცადა გაეგო, თუ ვინ სვამდა ამ კითხვებს სამეფო ოჯახში, მეგანმა მათი დასახელებისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ ამის გამჟღავნება იმ ადამიანების რეპუტაციისთვის დამანგრეველი იქნებოდა. ინტერვიუს დროს ჰარიმ ასევე დაადასტურა, რომ მეგანის ორსულობისას კითხვებს იღებდა, როგორი გარეგნობა ექნებოდა მათ შვილს.
3. კონფლიქტი ქეით მიდლტონთან
მეგანმა ინტერვიუში უარყო ბრიტანული ტაბლოიდის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შინაარსი იმის თაობაზე, რომ მან კემბრიჯის ჰერცოგინია, ქეით მიდლტონი ატირა და დასძინა, რომ სინამდვილეში, პირიქით მოხდა.
მეგანმა ქეითი კარგ ადამიანად დაახასიათა, თუმცა დასძინა, რომ ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ქეითი უკმაყოფილო იყო მეგანის ქორწილზე შერჩეული ყვავილებითა და ბავშვის კოსტიუმებით:
"ისე გავაკეთეთ, როგორც მას სურდა და ამან მე ცრემლებამდე მიმიყვანა. გული მეტკინა".
მეგანმა დასძინა, რომ მოგვიანებით ქეითმა მას ბოდიში მოუხადა და ყვავილები გაუგზავნა.
4. "გამაჩუმეს"
"იმ მომენტიდან, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მე და ჰარი ერთმანეთს ვხვდებოდით (2016 წელი), ვალდებული ვიყავი ჩუმად ვყოფილიყავი. მეც და ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩემს გარშემო იყო. ვალდებული ვიყავი, ყველა კითხვაზე პასუხად 'უკომენტაროდ' გამეცა".
მეგანის სიტყვებით, მას სჯეროდა, რომ ამ გზით სამეფო ოჯახი მის დაცვას ცდილობდა, თუმცა ქორწინების შემდეგ გაიაზრა, რომ პირიქით ხდებოდა:
"ქორწინების შემდეგ ყველაფერი გაუარესდა და მივხვდი, რომ სამეფო ოჯახს არ სურდა სიმართლის გაჟღერება ბრალდებებზე საპასუხოდ და ჩემი და ჩემი ქმრის დაცვა".
მეგანი ოპრას რეპლიკას, გრძნობდა თუ არა, რომ ის "გააჩუმეს", დაეთანხმა და დასძინა, რომ სამეფო ოჯახი და სამეფო ინსტიტუტი ორი დამოუკიდებელი რამაა. მან თქვა, რომ დედოფალი ელისაბედი მის მიმართ ყოველთვის თბილი იყო.
5. ჩარლზმა ჰარისთან საუბარი შეწყვიტა
ჰარის თქმით, მამამისი, პრინცი ჩარლზი მის ზარებს აღარ პასუხობდა, როდესაც გაიგო, რომ სამეფო ოჯახის ვალდებულებებისგან ჩამოშორებას გეგმავდა. მან დასძინა, რომ ბებიის, დედოფალი ელისაბედის მიმართ უდიდესი პატივისცემა გააჩნია და უარყო, რომ ჩარლზზე სავარაუდოდ მან მოახდინა გავლენა.
"3-ჯერ ვესაუბრე ბებიას და 2-ჯერ მამაჩემს. ამის შემდეგ, ის ჩემს ზარებს აღარ პასუხობდა და მითხრა: 'შეგიძლია უბრალოდ მომწერო?'"
ჰარის სიტყვებით, მისი გადაწყვეტილება უმიზეზო და გასაოცარი სამეფო ოჯახისთვის არ ყოფილა და ამ ნაბიჯს საკუთარი თავისთვის, ცოლისთვის და შვილის კეთილდღეობისთვის დგამდა.
ჰარი ამბობს, რომ ახლა ჩარლზთან კონტაქტი აქვს, თუმცა ამ გამოცდილებამ ის გულნატკენი დატოვა და საკუთარ თავზე მუშაობა დასჭირდა:
"თავს დაღალატებულად ვგრძნობდი. მამაჩემსაც მოუწია მსგავს სიტუაციაში ყოფნა და უნდა სცოდნოდა, როგორ ვგრძნობდი თავს".
6. ჰარის ფინანსური უზრუნველყოფა მოუხსნეს
ჰარიმ ინტერვიუში თქვა, რომ ოჯახის და საკუთარი თავისთვის დაცვის დასაფინანსებლად ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდებოდა, რაც სამეფო ოჯახმა მოუხსნა. მისი სიტყვებით, მან პრინცესა დაიანას დატოვებული ქონებით შეძლო ოჯახის დაცვა და ნეტფლიქსთან ხელშეკრულების დადებაც ამას ემსახურებოდა.
მეგანმა აღნიშნა, რომ ოპრასთან ინტერვიუთი წყვილს ფინანსური სარგებელი არ მიუღია.
7. მეორე შვილი
წყვილი ზაფხულში მეორე შვილს ელოდება და როგორც მათ ოპრასთან გაამჟღავნეს, ის გოგონა იქნება. მათი თქმით, მეტი შვილის ყოლას არ აპირებენ:
"ჯერ ბიჭი და შემდეგ გოგო, მეტი რა უნდა ვინატროთ? ეს ჩვენი ოჯახია".
8. საიდუმლო ქორწინება
წყვილის თქმით, 2018 წლის 19 მაისს გამართულ დიდ სამეფო ქორწილამდე 3 დღით ადრე მათ არასაჯარო ცერემონიაც ჰქონდათ:
"მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით ეკლესიის უკანა ეზოში, სადაც ერთმანეთისთვის დაწერილი ფიცი გავცვალეთ".
მეგანის თქმით, ამის შესახებ ინტერვიუმდე არავინ იცოდა.
9. რომ არა მეგანი, ჰარი ისევ სამეფო ოჯახში იქნებოდა
ოპრას კითხვაზე, დატოვებდა თუ არა სამეფო ოჯახს, რომ არა მეგანი, ჰარიმ უარყოფითი პასუხი გასცა. მისი თქმით, ის ტყვეობაში იყო, თუმცა ამას ვერ აცნობიერებდა.
"სისტემის ტყვეობაში ვიყავი, როგორც მთელი ჩემი ოჯახია ახლა. მამაჩემი, ჩემი ძმა. ისინი ტყვეობაში არიან".
10. წყვილს ეზოში საქათმე აქვს
ოპრამ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია სანტა-ბარბარაში მდებარე სახლში გამოკითხა. ჰარის და მეგანს ეზოში ფერმიდან გადარჩენილი წიწილები ჰყავთ, რომლებზეც წყვილის თქმით არჩიც განსაკუთრებულად ზრუნავს.
სამეფო ოჯახს ჯერჯერობით ინტერვიუზე კომენტარი არ გაუკეთებია
კომენტარები