მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, კაცობრიობას ჯერ კიდევ უამრავი გამოწვევა აქვს. დედამიწის სხვდასხვა წერტილში, ადამიანებს ფუნდამენტურ უფლებებზე, საკვებზე, საცხოვრისზე და განათლებაზე ხელი ჯერ კიდევ არ მიუწვდებათ. დღეს მსგავს გამოწვევებს ხმლით, იარაღით და მხოლოდ გამბედაობით ვერ გავუმკლავდებით. თუმცა, განათლებულ და მშრომელ ადამიანს, ერთი პატარა გამოგონებით, მთელი სამყაროს შეცვლის პოტენციალი აქვს.

დღევანდელი გმირები, ხშირად, ისეთი ადამიანები არიან, რომლებსაც თავისი ცოდნით კაცობრიობისთვის უამრავი სიკეთის მოტანა შეუძლიათ. ისინი შეიძლება იყვნენ როგორც ინოვატორები, ისე მომავალი თაობებისთვის გზის გამნათებლები. ეს მულტიფუნქციურობა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს სწორედ ასეთ ადამიანზე, სანდრო ასათიანზე მოგიყვებით.

სანდრო არის მხატვარი, საბავშვო წიგნების ავტორი, პროგრამისტი, ორი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ლაბორატორიის თანადამფუძნებელი, ქართულ განათლებაში ტექნოლოგიების ლობისტი, სტარტაპ Anima Chatbotics-ის თანადამფუძნებელი და ბევრი ინოვაციური პროექტის ავტორი, თუმცა, სანამ უშუალოდ მის საქმიანობაზე ვისაუბრებთ, მის ცხოვრებასა და გამოცდილებებზე მოგიყვებით.

ბავშვობა და ინტერესები

სანდრო პატარობიდანვე სხვადასხვა თემით ინტერესდებოდა. პროფესიის არჩევის მხრივ, მასზე არც მშობლებს ჰქონდათ გავლენა. მისი თქმით, ცდილობდა გაეკეთებინა ის, რის მიმართაც ინტერესი უჩნდებოდა.

"სიმართლე რომ ვთქვა, არც პატარაობაში მქონდა წარმოდგენილი რას გავაკეთებდი და ახლაც მიჭირს ზუსტად იმის წარმოდგენა, თუ რას გავაკეთებ რამდენიმე წლის შემდეგ. ცხოვრება მრავალფეროვანია და მე ეს მრავალფეროვნება მომწონს", — ამბობს სანდრო.

როგორც, ალბათ, ბავშვების უმეტესობისთვის, მისთვისაც ყველაზე ხელისშემშლელი ფორმალური საგანმანათლებლო სისტემა იყო, სადაც მოსწავლეებისადმი ერთნაირი მიდგომა არსებობდა. საბჭოთა სკოლის ცენტრალიზებულ საგანმანათლებლო სისტემაში ყველაფერი წინასწარ იყო გაწერილი. ხოლო სანდროს თქმით, შეუძლებელია ისეთი ცენტრალიზებული სისტემის შემუშავება, რომელიც თითოეულ მოსწავლეს მოერგება.

ეს გარემო მისთვის საკმაოდ არაბუნებრივი იყო და ამისგან ერთგვარი თავდაცვის მექანიზმი საკუთარ ფიქრებში მოგზაურობის სახით იპოვა. როდესაც უინტერესო გაკვეთილი იწყებოდა, ყურადღებიანი სახით ჯდებოდა და თავის ფიქრებში მოგზაურობას იწყებდა, თუმცა, ნათელი მხარეც არსებობდა, ზოგიერთი მასწავლებელი მაინც ახერხებდა, ფორმალურ გარემოს სცდებოდა და საინტერესო გაკვეთილებს ატარებდა.

"განვითარებაში მეხმარებოდნენ ცალკეული ადამიანები, მათ შორის მასწავლებლები, რომლებიც კომუნისტური რიტუალების, კლიშეების მიღმა იყვნენ. ერთი სიტყვით, გულახდილები იყვნენ. პატარა ადამიანს სჭირდება გულახდილი ზრდასრულები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. საბედნიეროდ ასეთი ადამიანები შემხვედრია და ზოგიერთთან დღესაც ვმეგობრობ".

განათლება

სანდროს პირველი პროფესია მხატვრობაა. დაამთავრა რა თბილისის სამხატვრო აკადემია, სწავლა ფლორენციის სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა. მას ბევრ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მხატვრობას დღესაც არ ივიწყებს, თუმცა, ამის პარალელურად, ტექნოლოგიებით დაინტერესდა და პროგრამირებაზე გადაერთო.

"მხატვრობა, ისევე როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობა, შემოქმედებითი პროცესია. ორივე შემთხვევაში რაღაც ახალს ქმნი. აკეთებ რაღაცას რაც ჯერ არავის უნახავს. ისევე, როგორც აზრს მოკლებულია ერთი და იგივე ნახატების გამეორება, ხელახლა დახატვა, ყოველი ახალი პროექტი ახალის გამოგონებასთან არის დაკავშირებული".

თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, სანდრო ასათიანი გამომცემლობაში მუშაობდა. როდესაც სასწავლებლად იტალიაში წავიდა, იქ პარალელურად, ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობდა. ერთ-ერთმა იტალიურმა გამომცემლობამ მისი საბავშვო წიგნებიც გამოსცა. ამის შემდეგ იყო აშშ, სადაც სანდრომ, უშუალოდ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული კურსი პირველად გაიარა.

"იტალიაში და მით უმეტეს ამერიკაში სტუდენტს თვითგანვითარების მეტი საშუალება აქვს. ლექტორსა და სტუდენტს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა არის ჩამოყალიბებული. პროექტები რომლებზეც სტუდენტები მუშაობენ მეტად არის დაკავშირებული რეალურ საქმიანობასთან. იმასთან რასაც ისინი სწავლის შემდგომ გააკეთებენ. ეს კავშირი რეალურ საქმიანობასთან იმაშიც გამოიხატება რომ ბევრი სტუდენტური პროექტი ამერიკაში სტარტაპად და შემდგომ მულტინაციონალურ კომპანიად გადაიქცა.

სამწუხაროდ, საქართველოში საგანმანათლებლო სივრცე მოკლებულია რეალურ პროექტებს. იტალიაში და ამერიკაში სწავლისას ძალან საინტერესო იყო ჩემთვის თავად განათლების მოდელის, ლექტორის და სტუდენტის დამოკიდებულების, საგანმანათლებლო პროგრამის გაცნობა. იქ მიღებული გამოცდილება შევეცადე საქართველოში GeoLab-ში, UniLab-ში და სხვა პროექტებში დამენერგა", — ამბობს სანდრო.

საქართველოში დაბრუნება. ელექტრონული წიგნები — საბა

როდესაც სანდრო საქართველოში დაბრუნდა, კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნასთან ერთად, გამოცდილებაც ჰქონდა დაგროვილი. მალევე ლექციების კითხვა დაიწყო და როგორც ამბობს, ეს საქმე დღემდე ძალიან უყვარს. მისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან ურთიერთობა. ამასთან დაკავშირებით, წლების წინ, სანდრომ მეუღლესთან ერთად, წიგნი, "სოციალური მედია სკოლაში", გამოსცა.

სანდროსთვის პირველი დიდი პროექტი, რომელიც ტექნოლოგიებთან იყო დაკავშირებული, ელექტრონული წიგნების პორტალი "საბაა". ის პროექტის ფარგლებში როგორც კონცეფციის შემუშავებაში, ისე მის განხორცილებაში აქტიურად იყო ჩართული და გარკვეული პერიოდით "საბას" ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელიც იყო.

"იმ პერიოდში "საბას" პროგრამისტების ჯგუფთან და რამდენიმე დამწყებ პროგრამისტთან ერთად, TBC ბანკის მხარდაჭერით, ბავშვებისთვის ინტერაქტიული წიგნები შევქმენით. ჩვენი ინტერაქტიული წიგნები მობილურ პლატფორმებს იყო მორგებული და რაღაცით მობილურის თამაშებს ჰგავდა, თუმცა, მათში საგანმანათლებლო კომპონენტი, უბრალო კომპიუტერული თამაშისაგან განსხვავებით, უფრო დიდი იყო. დღეს ბავშვები კომპიუტერებთან ძალიან დიდ დროს ატარებენ, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მათი ეს დრო პროდუქტიულიც იყოს. მაშინ, 2010 წელს, ელექტრონული წიგნები და მით უმეტეს, ინტერაქტიული წიგნები ნამდვილი სიახლე იყო".

"საბაში" მუშაობის პერიოდში, სანდრომ ზურა ჯიშკარიანი გაიცნო, რომელსაც იმ დროისათვის საკმაოდ "მოულოდნელი" და ამავე დროს, ვიზიონერული იდეები ჰქონდა. ზურას გალაკტიონ ტაბიძეს გაციფრულება, მის ჩეთბოტად ქცევა უნდოდა. ამ იდეის განსახორციელებლად ის გუნდს ეძებდა. ასე დაიწყეს მათ გალაკტიონ ტაბიძის ჩეთბოტის შექმნაზე მუშაობა და საქმეში სხვა პროგრამისტებიც ჩართეს.

ინტერაქტიული ტექნოლოგიები

სწორედ სანდრომ და ზურამ, 2014 წელს, შექმნეს პირველი ქართული ჩეთბოტი, კიბერ გალაკტიონი. თუ ჩეთბოტს ფეისბუკის გვერდს პირადში მიწერთ, გალაკტიონ ტაბიძის ენობრივ ასლთან საუბარის შესაძლებლობა გექნებათ. გალაკტიონ ტაბიძის ლექსები, დღიურები და გამონათქვამები ერთ დიდ მონაცემთა ბაზაშია განთავსებული. როდესაც ადამიანი ჩეთის ფანჯარაში რაიმე წინადადებას კრეფს, კომპიუტერული პროგრამა, წინასწარ შემუშავებული ალგორითმების საშუალებით, წინადადებას აანალიზებს და ადამიანს შესაბამის პასუხს უბრუნებს.

კიბერ გალაკტიონის პროექტმა გაამართლა, ამ მხრივ შემდეგი ეტაპი ახალი სტარტაპის, ანიმა ჩეთბოტიქსის, დაფუძნება იყო.

"Anima Chatbotics არის კომპანია, რომელიც აერთიანებს ანტრეპრენერებს, პროგრამისტებსა და ნარატივ დიზაინერებს ერთი საერთო მიზნის ქვეშ — შევქმნათ ცოცხალი და თავისი "სულის" მქონე ციფრული ასისტენტები, ჩეთბოტები. ჩეთბოტი შეიძლება იყოს როგორც ადამიანის გაციფრულებული ვერსია, ისე კომპანიის ციფრული ასისტენტი, რომელიც მომხმარებელს ინფორმაციას უსწრაფესად, ნებისმიერ დროს აწვდის", — ამბობს სანდრო.

ამ კონცეფციიდან გამომდინარე, სანდრო ინტერაქტიული ბიბლიოთეკის შექმნაზეც ფიქრობს.

"არავინ იცის, როგორი იქნება წიგნი მომავალში. დღეს, როდესაც მომავლის წიგნზე საუბრობენ, ძირითადად, ელექტრონულ წიგნს გულისხმობენ. ანუ წიგნს, რომელიც ელექტრონული მოწყობილობის ეკრანზე იქნება გამოსახული. ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა, სავარაუდოდ მომავალში წიგნი არა მხოლოდ გარეგნულად შეიცვლება, არამედ შინაარსობრივადაც სხვანაირი იქნება.

შეიძლება, მომავლის წიგნი ავტორის ენობრივი ასლი იყოს. შესაბამისად ნებისმიერ მსურველს შეეძლება ესაუბროს ავტორს და მიიღოს ავტორისაგან ის რაც მისთვის, კონკრეტული მკითხველისათვის არის საინტერესო და ღირებული. შეიძლება მომავლის ბიბლიოთეკა სხვადასხვა ავტორების ენობრივი ასლების უზარმაზარი არქივი იყოს, რომელშიც დაცული იქნება ამა თუ იმ პიროვნების ნებისმიერი სიტყვა თუ გამონათქვამი. ადამიანს კი ამ არქივთან ინტერაქტიული დიალოგის გამართვის შესაძლებლობა ექნება", — მითხრა სანდრომ.

ტექნოლოგიები განათლებაში

ინოვაციურ პროექტებზე და ტექნოლოგიებზე მუშაობასთან ერთად, სანდრო განათლებაში ტექნოლოგიების დანერგვაზე აქტიურად მუშაობს. მას უნდოდა ისეთი გარემო შეექმნა, რომელშიც ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები სხვდასხვა პროექტზე ერთად იმუშავებდნენ. დამწყები დეველოპერები მუშაობის პროცესში გაიღრმავებდნენ ცოდნას, ხოლო გამოცდილები ცოდნის გაზიარებას შეძლებდნენ. როგორც თავად ამბობს, ერთგვარი ტექნოლოგიური სახელოსნოს აწყობა სურდა. ეს გამოუვიდა კიდევაც და მალევე ჯეოლაბიც დაარსა. ჯეოლაბი ინოვაციების და ტექნოლოგიების ლაბორატორიაა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ღიაა სხვადასხვა საინტერესო და ინოვაციური პროექტის განხორციელებისათვის. როგორც სანდრო ამბობს, ჯეოლაბის შექმნისას მას უცხოეთში მიღებული გამოცდილება ძალიან გამოადგა.

უკვე ჯეოლაბში მიღებული ცოდნა, სანდრომ UniLab-ის შექმნისთვის გამოიყენა. UniLab ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერ ლაბორატორიაა. აქ უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიების დაუფლებაში ეხმარებიან და მათთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტზე მუშაობენ.

ამასთან, სანდრო განათლების სამინისტროშიც მუშაობს და სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში აქტიურად არის ჩართული. კომპიუტერული ტექნოლოგიები სკოლებში მხოლოდ V-VI კლასებში ისწავლებოდა. ახალი სტანდარტის მიხედვით, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება II კლასიდან დაიწყება.

სანდროს მიაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. მართლაც, სულ უფრო ნაკლები პროფესიაა, სადაც ტექნოლოგიების გამოყენება არ გვჭირდება. ამიტომ აუცილებელიც არის, რომ ახალმა თაობამ ეს ცოდნა პატარა ასაკიდანვე მიიღოს.

სანდროს სჯერა, რომ ის ვინც ახლა სკოლაში სწავლობს, როდესაც გაიზრდება აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობას შექმნის. მათთვის ბევრი რამე, მაგალითად მანძილი, პირობითი იქნება. უკვე უნივერსიტეტის არჩევისას საზღვრები ნელ-ნელა გაქრება და ყველაფრის სწავლა დისტანციურად იქნება შესაძლებელი.

საქართელოს ტექნოლოგიური პოტენციალი

სანდრო ასათიანი მიყვება, რომ ქვეყნის მთავარი სიმდიდრე ადამიანია. დღეს ყველაფერი ცოდნაზე გადის, ვინაიდან ცოდნით შეიარაღებულ ადამიანს ისეთი რამის შექმნა შეუძლია, რამაც შეიძლება ქვეყანა, ან სულაც მთელი პლანეტა შეცვალოს. ამიტომ აუცილებელია არსებული საშუალებების ბოლომდე გამოყენება და ამავდროულად, ყოველთვის სიახლეზე ფიქრი.

ამ თემასთან დაკავშირებით, სანდრო საინტერესო ამბავს მომიყვა:

"საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, თრიალეთში, აღმოჩენილი თასი ინახება. ეს თასი ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრით თარიღდება. იმ დროისათვის როდესაც ეს თასი შექმნეს, მსგავსი სამუშაოს შესრულება, დღევანდელ დღეს რომ შევადაროთ, მაღალტექნოლოგიური პროექტის განხორციელების ტოლფასი იყო. იგივე სირთულეებთან იყო დაკავშირებული რაც დღეს კოსმოსში რაკეტის გაშვებას სჭირდება. რაც მთავარია, არ არსებობდა წიგნი, პირდაპირი სახის ნიმუში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო ასეთი პროექტის განხორციელება. ბევრი რამ დარწმუნებული ვარ თავად ამ პროექტის განხორციელებაში ჩართული ადამინების გამოგონებულია.

ეს ნამუშევარი არის იმის დასტური, რომ ქართველები ინოვატორები ვართ, შეგვიძლია ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება. ამის გააზრება, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად, როდესაც მომავალში ვიყურებით, ჩვენი მომავალის გასაღები შეიძლება წარსულში, მუზეუმებშიც ვიპოვოთ".

მომავალი

დასასრულს, სანდროსთან მის სამომავლო გეგმებზე, ტექნოლოგიების მომავალზე და ზოგადად კაცობრიობის გამოწვევებზე ვისაუბრე.

სანდრო Geolab-ის და Unilab-ის გუნდებთან ერთად მუშაობას კვლავ აგრძელებს. მათ უნდათ, რომ სწავლების პროცესი, რეალურ პროექტებთან კიდევ უფრო მჭიდროდ იყოს დაკავშირებული. ასევე, აგრძელებს სკოლებში ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით მუშაობას და როგორც თავად ამბობს, ამ მხრივ მომავალში საინტერესო სიახლეები იქნება. პარალელურად კი, მუშაობს ანიმა ჩეთბოტიქსის გუნდთან ერთად და ქვეყანაში ინტერაქტიული ტექნოლოგიების მეტად დანერგვას გეგმავს.

რაც შეეხება ტექნოლოგიების და კაცობრიობის მომავალს, სანდროს მიაჩნია, რომ პროგრამულ პროდუქტებს მათი შემქმნელები, საბოლოოდ, მაინც საკუთარ პიროვნულ თვისებებს გადასცემენ. თუ კომპიუტერული პროგრამა გამუდმებით ყურადღებას ითხოვს, ესე იგი, ის ვიღაცამ ასე დააპროგრამა. ამასთან, შეუძლებელია პროგრამას ვინმეს თვალთვალის სურვილი თავისით გაუჩნდეს, ან ზედმეტ არასაჭირო და ზოგჯერ საერთოდ დეზინფორმაციას ავრცელებდეს. ეს ჩამოთვლილი თვისებები საბოლოოდ ისევ ადამიანებისგან მოდის.

"კომპიუტერული პროგრამები სარკეა, რომელშიც ჩვენი, ადამიანების თვისებები, სისუსტეები, მარტოობის გრძნობა ირეკლება. ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის სახითაც ადამიანებს სინამდვილეში საკუთარი თავის გვეშინია. გვეშინია, რომ ჩვენ მიერ შექმნილ ტექნოლოგიებში ჩვენი, ადამიანების დესტრუქციული თვისებები გამოვლინდება.

თუმცა, თუ რობოტებს, კომპიუტერულ მოწყობილობებს, სხვადასხვა პროგრამებს, ხელოვნურ ინტელექტს, ჩვენი, ადამიანების აუხდენელ ოცნებებს გადავცემთ, მაშინ შევძლებთ ავიხდინოთ ის რასაც დიდი ხნის განმავლობაში, თქმულებებში, მითებში, რელიგიებში, ზღაპრებში ვინახავდით".