ცხინვალში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება
სტატია ქვეყნდება OC Media-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ავტორები არიან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც იყენებენ მათთვის მისაღებ ტერმინოლოგიას. მასალას ვაქვეყნებთ უცვლელად, თუმცა სტატიაში ნახსენებ ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც სახელმწიფო, ასევე On.ge-ს რედაქცია არ აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად. შესაბამისად, ადგილმდებარეობებსა და წოდებებთან მოიაზრება სიტყვები: "ოკუპირებული" და "დე-ფაქტო".
ამ სტატიის ავტორისეული სათაურია — სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება: დეპუტატები პარლამენტს კვლავ ბოიკოტს უცხადებენ
საპროტესტო გამოსვლების, მუქარისა და პარლამენტის ბოიკოტის ხუთი თვის შემდეგ, სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური კრიზისი ისევ გრძელდება. ადგილობრივი ექსპერტები ჩიხიდან გამოსავალს ვერ ხედავენ.
11 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სხდომა შეწყდა, რადგან კვორუმი კვლავ ვერ შედგა. დეპუტატების თითქმის ნახევარი, 32-დან 14, უკვე მეხუთე თვეა, რაც პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებს.
ისინი კვლავ მტკიცედ მოითხოვენ გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის თანამდებობიდან გათავისუფლებას. ამ მოთხოვნის მიზეზი 2020 წლის 28 აგვისტოს, ადგილობრივი მკვიდრის, ინალ ჯაბიევის პატიმრობაში გარდაცვალება გახდა.
ჯაბიევი შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ნანიევის მკვლელობის მცდელობის ფაქტის გამოძიების დროს დააკავეს. მისი დალურჯებული სხეულის ფოტოებმა სამხრეთ ოსეთის საზოგადოებას შოკურ ტალღად გადაუარა.
დეპუტატები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდიან. სექტემბერში პროკურატურამ განაცხადა, რომ რამდენიმე ოპოზიციონერისთვის ბრალის წაყენებას აპირებდა.
ამის შემდეგ, დეპუტატების წინააღმდეგ აქტიური კამპანია წამოიწყეს. დეპუტატებს დასავლეთისა და საქართველოს სადაზვერვო უწყებებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდნენ.
ხელისუფლება ამბობდა, რომ ოპოზიციის მიერ 2021 წლის ბიუჯეტის უარყოფა ხალხს ხელფასებისა და პენსიების გარეშე დატოვებდა. პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ასევე იმუქრებოდა, რომ პარლამენტს დაითხოვდა.
9 თებერვალს, პარლამენტის სპიკერმა და მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ალან ტადტაევმა დეპუტატებისთვის ხელფასის შეჩერების ბრძანებას მოაწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ "გაერთანებული ოსეთი" პარლამენტის ყველაზე დიდი პარტიაა, მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვთ.
ამის საპასუხოდ, ინტერნეტში გავრცელდა ბიბილოვის ვიდეო, რომელიც 2016 წელსაა გადაღებული. ამ დროს ბიბილოვი პარლამენტის სპიკერი იყო და ამბობდა, რომ არ აპირებდა ბიუჯეტის მიღებას პოლიტიკური დავის გამო, ასევე, ხსნიდა, რატომ არ წარმოადგენდა ეს პრობლემას.
ოპოზიციური პარტია "ნიხასის" წარმომადგენელი, დავით სანაკოევი მათ წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებების საპასუხოდ ამბობს, რომ ხელფასები და პენსიები ბიუჯეტის დაცული ნაწილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება ამ თანხების გამოყოფა.
"ეს პოლიტიკა მიზნად ისახავს სიტუაციის გამწვავებას და ჩიხში შევყავართ," — განუცხადა სანაკოევმა OC Media-ს, — "როგორც ჩანს, ისინი ამბობენ, რომ რასაც არ უნდა აკეთებდე, ჩვენ იმდენად გავამწვავებთ, რომ ადამიანები შენზე უარესს იფიქრებენ".
"დავიღალე"
საპატიმროში გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის დედა და ცოლი დეკემბრის დასაწყისიდან ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე ათენებენ. სიცივეში ერთი თვის გატარების შემდეგ, საბოლოოდ, ცივი ღამეების გასაძლებად, კარვის გაშლის უფლება მიიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ მხარდამჭერები გამოუჩნდათ, დროთა განმავლობაში მათი რიცხვი შემცირდა. ჯაბიევის დედის, მაია ცისკაძის თქმით, ხალხს უბრალოდ აღარ სჯერა, რომ ამ მთავრობისგან რაიმე ცვლილებას შეიძლება ელოდოს.
"რა თქმა უნდა, დავიღალე და ძალიან მცივა. მუდმივად მტკივა სხეული", — უთხრა ცისკაძემ OC Media-ს — "დეკემბერში სამსახურიდან შვებულება ავიღე, რომ აქ მეტი დრო გამეტარებინა. საავადმყოფოში ვმუშაობ ექთნად. როდესაც ჩემი შვებულება დასრულდა და ისევ დავუბრუნდი მორიგეობას, ჩემმა თანამშრომლებმა წვეთოვანი და ნემსები გამიკეთეს, თავი უკეთ რომ მეგრძნო".
"არ ვიცი, რამდენ ხანს შევძლებთ აქ დგომას, არ ვიცი, სადამდე მივალთ, მაგრამ მეჩვენება, რომ ინალი უკეთაა საიქიოში, სანამ ჩვენ აქ სამართალს ვეძებთ," — ამბობს ცისკაძე. ის კარავში გაზის გამათბობელთან ზის, კუთხეში კი შვილის ფოტო ჰკიდია.
ჯაბიევის გარდაცვალების გარემოებებზე სამი სამედიცინო გამოკვლევა ჩატარდა.
პირველმა გამოკვლევამ, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დონის როსტოვში ჩაატარა, დაადგინა, რომ ჯაბიევი ნარკოტიკების მოხმარების გამო გარდაიცვალა. ამ დასკვნამ აღაშფოთა მისი ნათესავებიც და ფართო საზოგადოებაც.
მოგვიანებით კიდევ ერთი, დამატებითი გამოკვლევის შედეგი გამოქვეყნდა. ადგილობრივმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა, ზარინა ჯაგოევამ დაასკვნა, რომ ჯაბიევის გარდაცვალების მიზეზი "გულის მწვავე უკმარისობა იყო, რომელიც განვითარდა მიღებული ტრავმის შედეგად".
მესამე გამოკვლევა პროკურატურამ მოსკოვს დაუკვეთა, თუმცა მაია ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.
"რა შეიძლება იყოს ახალი? ისევ ისე იქნება, როგორც მათ სურთ, დასკვნას იგივეს დადებენ", — ამბობს გარდაცვლილის დედა.
ოპოზიციამ ჯაბიევის საქმეში დაშვებულ არაერთ შეცდომაზე გაამახვილა ყურადღება. პირველი ისაა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მკვლელობის მცდელობა პროკურატურამ გამოიძია, სინამდვილეში კი ეს KGB-ს კომპეტენცია იყო.
გარდა ამისა, ჯაბიევის გარდაცვალების შემდეგ, მთავრობის სხდომაზე, გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა განაცხადა, რომ ჯაბიევი 27 აგვისტოს დააკავეს და იგი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მალევე გაირკვა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა: ჯაბიევი 23 აგვისტოს დააკავეს და ოჯახმა ხუთი დღის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელი არ იცოდა.
და ბოლოს, ოპოზიცია ჯაბიევის გარდაცვალების დროსთან დაკავშირებითაც სვამს კითხვებს, რადგან ზარინა ჯაგოევას მიერ შესრულებული აუტოპსიის თანახმად, ჯაბიევი საავადმყოფოში მიყვანამდე ერთი საათით ადრე გარდაიცვალა.
დიდი ხნის მომწიფებული კრიზისი
სამხრეთ ოსეთის მედიაცენტრის ხელმძღვანელი, ირინა გაგლოევა ამბობს, რომ კრიზისი ჯაბიევის მკვლელოვამდე დიდი ხნით ადრე მწიფდებოდა, მაგრამ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, თვალი დაეხუჭა.
"[ხელისუფლება] ცდილობს, თავიდან აირიდოს სიტყვა "კრიზისი". ისინი ჯიუტად უარყოფენ მას. შემდეგ იწყება მეორე ეტაპი — დამნაშავეების ძებნის. დამნაშავე კი ლამის მარსზეც იპოვეს", — განუცხადა გაგლოევამ OC Media-ს, — "ჩემთვის მთავარი დამნაშავეები ისინი არიან, ვინც ვერ ხედავს აშკარა პრობლემებს და მათი მოგვარება არ სურს."
გაგლოევას აზრით, ჯაბიევის მკვლელობის შემდეგაც კი იყო სიტუაციის გამოსწორების შანსი: "მიუხედავად ამ ტრაგედიისა, მიუხედავად სიტუაციის მტკივნეულობისა, მგონია, რომ თუ ყველაფერი გაკეთდებოდა გამოძიების ობიექტურობის უზრუნველსაყოფად, სიტუაცია გამოსწორდებოდა".
"ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი სიმართლე და სამართლიანობაა. ხალხმა ეს უნდა დაინახოს. ხალხი ძალიან მგრძნობიარეა სიმართლისადმიც და ტყუილისადმიც" — აღნიშნავს გაგლოევა.
სიტუაციიდან გამოსავალს დღესდღეობით ყველაზე გამბედავი და დამოუკიდებელი ექსპერტებიც ვერ ხედავენ. ვიაჩესლავ გობოზოვი, პოლიტოლოგი და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი მიუთითებს იმაზე, რომ ეს კრიზისი პირველი არ არის.
"მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემა, რომელშიც ასეთი დანაშაულები შეუძლებელი თუ არა, ნაკლებად სავარაუდო მაინც გახდება. ამ შემთხვევის განმეორებისგან დაზღვეულნი არც გადადგომის შემდეგ ვიქნებით და არც სამართალდამცავი სისტემის დაპირებული რეფორმების გატარების შემდეგ. ეს კრიზისი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო სერიოზული ხდება", — ამბობს გობოზოვი და დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ კრიზისების შემსუბუქებას საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა შეუწყობს ხელს.
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე.
კომენტარები