მოკლედ პრეპარატზე, რომელიც კოვიდსიკვდილიანობას ამცირებს — ყველაფერი ტოცილიზუმაბის შესახებ
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ COVID-19-ის მძიმე შემთხვევების მკურნალობის სქემაში შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდეს. როგორც ირკვევა, პრეპარატი ტოცილიზუმაბი (სავაჭრო დასახელება: აქტემრა) სიკვდილისა თუ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანის რისკს საგრძნობლად ამცირებს, რაც საბოლოოდ ჰოსპიტალში გატარებულ დროსაც ამოკლებს. აღნიშნულ დასკვნამდე COVID-19-ის თერაპიის რანდომიზებული კვლევის (RECOVERY) ავტორები მივიდნენ.
ამ სტატიაში მოკლედ და მკაფიოდ აღვწერთ, თუ რას წარმოადგენს აღნიშნული პრეპარატი.
რა არის ტოცილიზუმაბი?
ტოცილიზუმაბი რეკომბინანტული, ადამიანის ინტერლეიკინ-6 (IL-6) რეცეპტორის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულია. ეს ლაბორატორიის პირობებში გამოყვანილი ანტისხეულები ძალიან ჰგავს ჩვენი იმუნიტეტის მიერ გამომუშავებულ ჩვეულებრივ ანტისხეულებს, მაგრამ მათგან განსხვავებით, ამ უკანასკნელს უფრო კონკრეტული, ზუსტი სამიზნე აქვს.
როგორ მუშაობს ტოცილიზუმაბი?
COVID-19 ზოგიერთ პაციენტთან მძიმედ მიმდინარეობს. ასეთ დროს პაციენტებში სიცოცხლისთვის საშიშ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გართულებას ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომი (Cytokine release syndrome) ანუ ე.წ. "ციტოკინური შტორმი" წარმოადგენს. აღნიშნული ორგანიზმის სისტემურ ანთებითი პასუხს წარმოადგენს და იგი შეიძლება გამოწვეულ იყოს ინფექციით, ზოგიერთი მედიკამენტითა და სხვა ფაქტორებით. ჩვეულებრივ, ციტოკინები ორგანიზმის იმუნური პასუხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მაგრამ მათი ზედმეტი რაოდენობით მოულოდნელმა გამოთავისუფლებამ შეიძლება პოლიორგანული უკმარისობა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობისას "ციტოკინური შტორმის" დროს პრო-ანთებითი მედიატორები დიდი რაოდენობით გამოთავისუფლდება, რაც საბოლოო ჯამში შინაგანი ორგანოების მძიმე დაზიანებას იწვევს. სწორედ ეს ხდება დაავადების დამძიმებისა და სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი. პრო-ანთებით ციტოკინებს შორს ერთ-ერთია ცილა ინტერლეიკინ-6 (IL-6), რომელსაც ორგანიზმი ინფექციებთან ბრძოლისთვის იყენებს. ტოცილიზუმაბის შემთხვევაში, ეს სამიზნე სწორედ ინტერლეიკინ-6-ის რეცეპტორია. მასთან დაკავშირების შემდეგ ამ უკანასკნელის მოქმედება ითრგუნება. აღნიშნულის შედეგად COVID-19-ის მიმდინარეობის მოგვიანებით ეტაპზე გამოხატული ორგანიზმის ზემძლავრი იმუნური პასუხი სუსტდება. ეს ექიმებს საშუალებას აძლევს ძვირფასი დრო მოიგონ და პაციენტის ორგანიზმს კრიზისული მდგომარეობის დაძლევაში დაეხმარონ. მსგავსი მოქმედების პრინციპი დგას პრეპარატ დექსამეტაზონის გამოყენების უკანაც — იგი იმუნიტეტის ჰიპერ-რეაქციას ამცირებს და სიცოცხლის გადარჩენას ამგვარად ახერხებს.
რამდენად ეფექტიანია ტოცილიზუმაბი?
მედიკამენტის კვლევა COVID-19-ის თერაპიის რანდომიზებულ კვლევის (RECOVERY) ფარგლებში ჩატარდა. სწორედ RECOVERY-მ დაადგინა დექსამეტაზონის ეფექტიანობა და მკურნალობის კურსიდან საბოლოოდ გამორიცხა ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება. ბრიტანელმა მეცნიერებმა ტოლიციზუმაბის მოქმედება 4 000-ზე მეტი მოხალისის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზით შეისწავლეს. კვლევაში ჩართულთა ნახევარი სტანდარტული, ხოლო ნახევარი — სტანდარტული მკურნალობა + ტოლიციზუმაბი სქემით იღებდა მკურნალობას. აღსანიშნავია, რომ სტანდარტულ მკურნალობაში დექსამეტაზონიც მოიაზრებოდა.
როგორც გაირკვა:
- ტოლიციზუმაბმა სიკვდილიანობის რისკი შეამცირა: მედიკამენტის კვლევის ჯგუფიდან 596 (29%) ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო საკონტროლო ჯგუფში — 694 (33%)
- პაციენტის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანისა თუ სიკვლდილიანობის მაჩვენებელი 38%-დან 33%-მდე შემცირდა.
აღნიშნული შედეგები გამოვლინდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ქალებში, ისე მამაკაცებშიც. ტოცილიზუმაბმა ეფექტიანობა აჩვენა ჟანგბადის საჭიროების მქონე ყველა პაციენტში, განურჩევლად იმისა, ეს უკანასკნელნი ჟანგბადს პირბადით იღებდნენ, თუ იგი ინტუბაციასა და ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას საჭიროებდნენ. მედიკამენტმა წარმატებით შეასუსტა COVID-19-ის მიმდინარეობა და ამგვარად შეამცირა მექანიკური ვენტილაციის საჭიროებაც.
ერთი შეხედვით 4% თითქოს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. ამაში თავისი წვლილი დექსამეტაზონს მიუძღვის, რომლის ეფექტიანობა ყველაზე კრიტიკულ მომნეტში გამოვლინდა და ეს მაჩვენებელი საოცრად მაღალი გამოდგა. ამის გამო, ყველა ახალ მედიკამენტზე ლამის არარეალისტური მოლოდინებია შექმნილი.
მიღებული შედეგებით განსაკუთრებით კმაყოფილი მთავარი მკვლევარი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მარტინ ლანდრეია. მედიკამენტების კომბინაციით მიღწეული მაჩვენებლები მისთვის იმედისმომცემად გამოიყურება
სხვა რა შემთხვევებში გამოიყენება ტოცილიზუმაბი?
ტოცილიზუმაბი ორგანულად ახალი მედიკამენტი არ გახლავთ. მას რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ იყენებენ. ეს უკანასკნელი აუტოიმუნური დაავადებას წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ დროს იმუნიტეტი საკუთარი ორგანიზმის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. აღნიშნულის შედეგად ზიანდება სახსრები და ვითარდება ძლიერი ტკივილი, რასაც საბოლოოდ ადამიანის ინვალიდიზაციამდე მივყავართ. სწორედ მსგავს ჰიპერ-რეაქციას მკურნალობს ტოცილიზუმაბიც. იგი 2005 წლიდან არის ფარმაკოლოგიურ ბაზარზე და მან ევროკომისიის ლიცენზია 2009 წელს მოიპოვა.
რა არასასურველი ეფექტები აქვს ტოცილიზუმაბს?
ხშირი არასასურველი ეფექტები (≥ 1/100-დან < 1/10-მდე): ცელულიტი (კანის ანთებითი დაავადება), პირის მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი, ტკივილი მუცელში, პირის ლორწოვანის დაწყლულება, გასტრიტი, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ურტიკრია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, წონაში მომატება, ჰიპერტენზია.
იშვიათი არასასურველი ეფექტები (≥ 1/1,000-დან < 1/100-მდე): დივერტიკულიტი, სტომატიტი, კუჭის წყლული.
ტოცილიზუმაბი გამოიყენება სტაციონარულ პირობებში, სამედიცინო პერსონალის მკაცრის მონიტორინგის ქვეშ და მისი პრევენციული მიღება რეკომენდებული არ არის!
რამდენად ხელმისაწვდომია ტოცილიზუმაბი?
დექსამეტაზონისგან განსხვავებით, ტოცილიზუმაბი იაფი პრეპარატი არ გახლავთ. მისი ფასი დექსამეტაზონის ღირებულებას 100-ჯერ აღემატება. დიდ ბრიტანეთში ტოცილიზუმაბის ფასი £500 აღწევს (შედარებისათვის: დექსამეტაზონი £5 ჯდება). ბრიტანელები არსებულ მოცემულობას პრაგმატულად აფასებენ: მაღალი ფასის მიუხედავად, ტოცილიზუმაბის გამოყენების მახვილგონიერებაზე ისიც მიანიშნებს, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი ღამის გატარება £2,000 ღირს.
მეცნიერთა ნაწილი იმაზე კამათობს, თუ რა გლობალური გავლენის მოხდენა შეუძლია ტოცილიზუმაბის კვლევას. ბრაუნის უნივერსიტეტის საზოგადო ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, აშიშ ჯჰა მიიჩნევს, რომ ეს სამეცნიერო აღმოჩენა მხოლოდ მდიდარი ქვეყნებისთვის არის გასახარი და დანარჩენი მსოფლიოსთვის ტოცილიზუმაბი, მისი ფასის გათვალისწინებით, კვლავ მიუწვდომელი იქნება. აღნიშნულ აზრს არ ეთანხმება პიტერ ჰორბი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი. იგი იმედოვნებს, რომ უახლოეს თვეებში კულუარებში აქტიური მუშაობა დაიწყება, რათა მედიკამენტი ხელმისაწვდომი არამხოლოდ მდიდარი ქვეყნებისთვის იყოს.
იყენებენ თუ არა ტოცილიზუმაბს საქართველოში COVID-19-ის სამკურნალოდ?
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით ისინი ტოლიციზუმაბს დიდი ხანია იყენებენ და მისი დახმარებით 4 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოახერხეს.
"ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ტოცილიზუმაბის ეფექტიანობის ძალიან ცოტას სჯეროდა, ჩვენ იმ დროისთვის არსებული მწირი მონაცემების ანალიზით და ტოცილიზუმაბის მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს მედიკამენტი შეიძლება ფასდაუდებელი ყოფილიყო ე.წ. ციტოკინური შტორმის სამკურნალოდ, რაც COVID-19-ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და სასიკვდილო გართულებაა. უფრო მეტიც, ჩვენ ის პირველად წარმატებით 2020 წლის მარტში გამოვიყენეთ და ამის შემდეგ ამ მედიკამენტით არაერთი უმძიმესი და სასიკვდილოდ განწირული ავადმყოფი გადავარჩინეთ", — აღნიშნა მან და იქვე დაამატა, რომ ამჟამად ქვეყანაში 70 კოვიდინფიცირებული პაციენტის სამყოფი ტოცილიზუმაბის მარაგია. მედიკამენტი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური მართვის ეროვნულ გაიდლაინში გასული წლის ზაფხულიდან არის შეყვანილი.
კომენტარები