კაცობრიობას დიდი ხანია აინტერესებს, თუ რამ გამოიწვია დინოზავრების გადაშენება: იყოს ეს კომეტა, ასტეროიდი და თუ ასეა, საიდან გაჩნდა ის?

ჰარვარდისა და სმიტსონინის ასტროფიზიკის ცენტრის მკვლევარები ფიქრობენ, რომ პასუხს საბოლოოდ მიაგნეს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის სტუდენტი ამირ სირაჯი და ასტრონომი ავი ლოიბი თვლიან, რომ გრძელი კომეტების მნიშვნელოვანი ნაწილი დედამიწაზე იუპიტერის გრავიტაციის ხარჯზე მოხვდა. საუბარია, ოორტის ღრუბელზე, რომელიც მიიჩნევა, რომ მზის სისტემას 0.8 სინათლის წელიწადის მანძილით გარს აკრავს და მილიარდობით კომეტას შეიცავს. სავარაუდოა, რომ იუპიტერმა სწორედ ერთ-ერთ მათგანს ორბიტა შეუცვალა და ის შიდა მზის სისტემის მიმართულებით გამოუშვა.

"მზის სისტემა რაღაცით პინბოლის მანქანას ჰგავს. იუპიტერი, რომელიც სისტემაში ყველაზე მასიური პლანეტაა, დიდი გრავიტაციით კომეტებზე აქტიურად ზემოქმედებს. შედეგად, ზოგჯერ კომეტები მზესთან ახლოს ხვდებიან." — განმარტავენ მკვლევრები.

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ როდესაც კომეტები, მეტსახელად "sungrazers", მზეს უახლოვდებიან, დიდი გრავიტაციის ზემოქმედებით, ისინი იშლებიან, რის შედეგადაც წარმოიქმნება კომეტარული ბზარები.

"როდესაც კომეტები მზეს უახლოვდებიან, დიდი კომეტები გზად იშლებიან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი კომეტის ფრაგმენტი დაეცა დედამიწაზე." — ამბობენ მკვლევრები.

მკვლევრების მიერ გაკეთებული სტატისტიკური ანალიზი და გრავიტაციული სიმულაციები, დედამიწაზე კომეტების გავლენის ფაქტორს საგრძნობლად ზრდის. მათი თქმით, კომეტების ზემოქმედების მაჩვენებელი, დინოზავრების გადაშენების ხანას ზუსტად შეესაბამება.

"ჩვენი ნაშრომი დინოზავრების გადაშენების მოვლენას ხსნის. ვფიქრობთ, რომ თუ ობიექტი მზესთან მიახლოებისას დაიშლება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რამაც საბოლოოდ დინოზავრები დახოცა." — ამბობენ მკვლევრები ნაშრომში.