მეცნიერებმა, მხოლოდ სინათლის გამოყენებით, "მფრინავი ხალიჩის" შექმნა შეძლეს
პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, მხოლოდ სინათლის გამოყენებით, ორი პატარა პლასტმასის თეფშის ლევიტაცია გამოიწვიეს.
პატარა ვაკუუმში განთავსებული მანათობელი დიოდების წყებიდან წამოსული სინათლის ენერგიით გუნდმა ორი პატარა პლასტმასის თეფშის ლევიტაცია შეძლო — Wired-ის მიხედვით, ეს ნამდვილად "კეთილშობილი" მიღწევაა, რადგან ასეთი დიდი ობიექტების ლევიტაცია, მხოლოდ სინათlის გამოყენებით, მეცნიერებმა პირველად შეძლეს.
"როდესაც ორმა ნიმუშმა ფრენა დაიწყო, ყველას სუნთქვა შეგვეკრა გაოცებისგან", — უყვება Magazine-ს პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტი, მოსენ აზადი.
თუ იმის იმედი გაქვთ, რომ მალე Amazon-დან მფრინავი ხალიჩის გამოწერას შეძლებთ, ამისთვის კიდევ მოგიწევთ მოცდა. მეცნიერები ამ ტექნოლოგიის გამოყენებას მეზოსფეროს, ანუ ატმოსფეროს იმ ნაწილის გამოსაკვლევად აპირებენ, რომელიც 50-55 კმ-დან 80 კმ-მდე ვრცელდება და რომლის შესწავლაც განსაკუთრებით რთულია.
"ზოგჯერ მას ხუმრობით იგნოროსფეროსაც ვუწოდებთ. ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს წვდომა მეზოსფეროზე. რა თქმა უნდა, კვლევისთვის შესაძლებელია იქ რამდენიმე წუთით რაკეტის გაშვება, თუმცა, ეს პროცესი სრულიად განსხვავდება მფრინავი აპარატის ან ბუშტის საშუალებით გაზომვების ჩატარებისგან", — აღნიშნავს Wired-თან ინტერვიუში იგორ ბაგრატინი, მექანიკური ინჟინერიის პროფესორი პენსილვანიის უნივერსიტეტში.
ახალი მიღწევის საფუძველზე, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ისინი შეძლებენ ისეთი საფრენი სისტემის შექმნას, რომელიც, სინათლის ენერგიაზე მომუშავე საფრენი ტექნოლოგიის საშუალებით, პატარა სენსორებს მეზოსფეროში გადაიტანას.
აღნიშნული ტექნოლოგიით NASA-ც კი დაინტერესდა — ისინი ფიქრობენ, რომ ვინაიდან მარსის ატმოსფერული წნევა დედამიწის მეზოსფეროს წნევას უტოლდება, უნდა არსებობდეს პატარა მფრინავი ობიექტების მარსზე გამოყენების შესაძლებლობაც — შესაძლოა, ისინი მეცნიერებს პლანეტის ატმოსფეროს ტემპერატურისა და შემადგენლობის შესახებ მონაცემების შეგროვებაში დაეხმარონ.
კომენტარები