ჩინეთის პირველი ინტერპლანეტარული ხომალდი Tianwen-1 მარსის ორბიტაზე წარმატებით განთავსდა
7 თვიანი მოგზაურობის შემდეგ, 10 თებერვალს ჩინეთის პირველმა ინტერპლანეტარულმა მისიამ Tianwen-1 მარსის ორბიტას წარმატებით მიაღწია. ამის შესახებ SpaceNews იუწყება. ამ ისტორიული ფაქტის შემდეგ, ჩინეთი გახდა მეექვსე ქვეყანა, რომლის ხომალდმაც მარსამდე წარმატებით მიაღწია. მას სულ რაღაც ერთი დღით დაასწრო არაბთა გაერთიანებული საამიროების პირველმა კოსმოსურმა ხომალდმა Hope, რომელიც მარსის ორბიტაზე განთავსდა. მანამდე, მარსის წარმატებული მისიები აშშ-ის, საბჭოთა კავშირს, ინდოეთსა და ევროპის კოსმოსურ სააგენტოს ჰქონდა.
Tianwen-1 შედგება მარსის ორბიტერისგან, დამშვებისა და როვერისგან. დღეიდან 2-3 თვის განმავლობაში, სამკომპონენტიანი ხომალდი მარსის ორბიტაზე იბრუნებს. მხოლოდ ამის შემდეგ ეცდება ხომალდის დამშვები მოდული და როვერი მარსის ზედაპირზე დაშვებას. ეს დალოდების სტრატეგია ინჟინრებს საშუალებას მისცემს, დაშვებამდე მარსის ატმოსფერო კარგად შეაფასონ. Tianwen-1 მარსის ეკვატორიდან ჩრდილოეთ ნაწილში, ერთ-ერთ აუზში ჩაეშვება. როვერის მიზანს კი რეგიონის გეოლოგიის შესწავლა წარმოადგენს.
Tianwen 1-მა დედამიწა 2020 წლის ივლისში დატოვა, ისევე, როგორც NASA-ს Perseverance-მა და არაბთა გაერთიანებული საამიროების Hope-მა. ეს სამი მნიშვნელოვანი მარსის მისიაა, რომელსაც 2021 წელს ველოდით.
ამავე თემაზე:
კომენტარები