თურქეთი კოსმოსურ პროგრამას მთვარის მისიით იწყებს
თურქეთი პირველ კოსმოსურ პროგრამას იწყებს. ამის შესახებ სამშაბათს პრეზიდენტმა ერდოღანმა ისაუბრა. 10 წლიანი კოსმოსური პროგრამის ერთ-ერთი ამბიციური მიზანი თურქი ასტრონავტების მთვარეზე გაშვებაა.
"მთვარეზე 'უხეში' დაჯდომა ჩვენი ეროვნული და ავთენტური ჰიბრიდული რაკეტით შესაძლებელია. რაკეტა საერთაშორისო კოოპერაციის დახმარებით 2023 წელს ორბიტაზე გაეშვება", — განაცხადა ერდოღანმა და დასძინა — "ღმერთის ნებით, მთვარეზე მივდივართ".
გეგმა თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ემთხვევა.
ერდოღანმა ისიც თქვა, რომ თურქეთი სატელიტების ტექნოლოგიების გლობალური ბრენდის და "კოსმოსური პორტის" შექმნაზე მუშაობს.
თურქეთმა კოსმოსური სააგენტო 2018 წელს დაარსა, როცა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს უმკვლავდებოდა, რის გამოც მთავრობა გააკრიტიკეს, თუმცა, პროექტის მხარდაჭერების მტკიცებით, სააგენტოს დაარსება კვლევის გაუმჯობესების და "ტვინების გადინების" შეჩერების საშუალებას იძლევა.
ერდოღანს არ უთქვამს, რა დაჯდება თურქეთის ახალი კოსმოსური პროგრამა. წინა თვეს ერდოღანი ილონ მასკს Space X-ის და თურქული კომპანიების კოოპერაციაზე ესაუბრა. იმავე თვეს, თურქეთმა Turksat 5A ხელოვნური თანამგზავრი, Space X-ის დახმარებით აშშ-იდან გაუშვა.
"ჩვენი ფეხები დედამიწაზე იქნება, მაგრამ თვალებს კოსმოსისკენ მივმართავთ. ფესვებს მიწაში გავიდგამთ, ტოტებს კი ცაში გავშლით", — განაცხადა ერდოღანმა.
კომენტარები