სოფიას მასპროდუქცია იწყება — 2021 წელს ათასობით ჰუმანოიდი რობოტის გაყიდვას გეგმავენ
ცნობილი ჰუმანოიდი რობოტის — სოფიას შემქმნელი კომპანია Hanson Robotics კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანას ასე აპირებს — 2021 წლის პირველ ნახევარში ოთხი მოდელის რობოტებს გაყიდის. კომპანიის თქმით, რობოტების გამოყენების მიზნობრიობა მხოლოდ სამედიცინო სექტორით არ შემოიფარგლება. ინტერგირებული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ისინი შეძლებენ იზოლაციაში მყოფი ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც იზრუნონ.
Hanson Robotics-ის CEO-მ, დევიდ ჰენსონმა Reuters-ს განუცხადა, რომ სოფია და Hanson-ის სხვა რობოტები უნიკალურები არიან იმით, რომ ადამიანებს გვაგონებენ. "ეს შეიძლება ძალიან გამოსადეგი იყოს ისეთ დროს, როცა ადამიანები საშინლად მარტოსულად გრძნობენ თავს და სოციალურად იზოლირებულები არიან".
ჰონგ-კონგში დაფუძნებული კომპანია აპირებს "ათასობით" ადამიანის მსგავსი რობოტი გაყიდოს წელს. ჰენსონს სჯერა, რომ ეს პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმარება მსოფლიოს.
უდავოა, რომ სოფია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რობოტია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ადამიანი შეხვედრია. ის საუდის არაბეთის მოქალაქეც კი გახლავთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს რობოტი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. განსაკუთრებით აქტუალური კი 2017-2018 წლებში იყო.
უცნობია, რა შეცვალა Hanson Robotics-მა სოფიას მოდელში, ან რას უნდა მოველოდეთ მისი სხვა მოდელებისგან. თუმცა, ჩვენთვის უკვე ცნობილია კომპანიის გადაწყვეტილება, 2021 წლისთვის "ათასობით" რობოტი გაყიდოს და ამით, წვლილი შეიტანოს კორონავირუსთან ბრძოლაში.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები