ხელოვნურ ინტელექტს ახლადგავრცელებული დეზინფორმაციის დადგენა შეუძლია — კვლევა
Twitter, Facebook და სხვა სოციალური ქსელები დეზინფორმაციასთან დაკავშირებით რეგულარულად გვაფრთხილებენ. თუმცა, ეს გაფრთხილებები ხშირად საკმარისი არ არის.
Rensselaer Polytechnic ინსტიტუტის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნურ ინტელექტს ზუსტი ინფორმაციის მიღებაში ჩვენი დახმარება შეუძლია, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მასალა ახალია.
კვლევა Computers in Human Behavior Reports-ში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დეზინფორმაციის ამოცნობის მხრივ, ხელოვნური ინტელექტი როგორც წესი არაეფექტურია, როდესაც საქმე დიდი ხნის გამოქვეყნებულ მასალასთან გვაქვს. მსგავსი მაგალითებია, კლიმატის ცვლილება და ვაქცინაცია. ასეთ დროს, ადამიანების პოსტების რაოდენობა გადამწყვეტია და აზრსაც ისინი ქმნიან.
თუმცა, როდესაც მასალა იმდენად ახალია, რომ ჯერ მასიურად არ არის გავრცელებული, ხელოვნურ ინტელექტს დეზინფორმაციაზე მითითება ბევრად მარტივად შეუძლია. ასეთ დროს, ხელოვნური ინტელექტი წყაროს სანდოობას და მოწოდებული ფაქტების სიზუსტეს უფრო თავისუფლად ადგენს.
"იმისთვის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა თავისუფლად მოახერხოს დეზინფორმაციის აღმოჩენა, ამისთვის საჭიროა, ადამიანებმა მისი რჩევები გაითვალისწინონ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დეზინფორმაცია მანამდე დაფიქსირდეს, სანამ ის მასიურად გავრცელდება." — ამბობს კვლევის თანაავტორი, დორიტ ნევომი.
2019 წლიდან მოყოლებული, კვლევებში 800 მოხალისე მონაწილეობდა. თუმცა, ბოლო კვლევებმა კორონავიურსზე გავრცელებული ინფორმაცია მოიცვა.
"კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაკვირვებით, დავინახეთ, რომ ჩვენი პრინციპი რეალურ სამყაროშიც მუშაობს. თუ დეზინფორმაციის გავრცელების შეჩერება გვსურს, ეს თავიდანვე უნდა გავაკეთოთ და ამაში ხელოვნურ ინტელექტს ჩვენი დახმარება შეუძლია. ნუ დაველოდებით, იმას თუ როგორ გავრცელდება დეზინფორმაცია. თუ ის ერთხელ მასიურად გავრცელდა, მისი დაფიქსირება სულ უფრო და უფრო რთული იქნება." — ამბობენ მკვლევრები.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
კომენტარები