მეცნიერებმა ახალი ტიპის გრავიტაციული ტალღა აღმოაჩინეს, რომელიც, მათი აზრით, მუდმივად უვლის დედამიწას. აქედან გამომდინარე, ისინი ფიქრობენ, რომ ეს ტალღები მათ მთელი ირმის ნახტომის გალაქტიკაზე დაკვირვების საშუალებას მისცემს.

კოლორადოს უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს, აღნიშნული ტალღების დასაკვირვებლად გრავიტაციული ტალღების ნანოჰერცის ობსერვატორიას (NANOGrav) იყენებს. ეს ტალღები, მათი თქმით, ზედმეტად მასიური და დაბალი სიჩქარით მოძრავია იმისთვის, რომ მისი დაფიქსირება LIGO-ს მსგავსი ობსერვატორიებით მოხერხდეს. თუმცა, ასეთი მასიური გრავიტაციული ტალღები ჯერ არ აღმოუჩენიათ, The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მათი არსებობის შესახებ ვარაუდი სულ უფრო მტკიცდება.

უკანასკნელ წლებში, მეცნიერებმა შეძლეს ჩაეწერათ და შეესწავლათ გრავიტაციული ტალღები, რომელთა წყაროს სხვადასხვა კოსმოსური მოვლენები წარმოადგენდნენ. ასეთია, მაგალითად, ორი შავი ხვრელის შეერთება. მკვლევრებს სჯერათ, რომ კოსმოსში უნდა არსებობდეს უფრო დიდი ზომის გრავიტაციული ტალღები, რომლებიც მუდმივად ჩაუვლიან გვერდით დედამიწას და სწორედ მათ დაფიქსირებას ცდილობს NANOGrav-ის გუნდი.

"ჩვენს მონაცემებში საკმაოდ მძლავრი სიგნალი აღმოვაჩინეთ", — ამბობს კვლევის მთავარი ავტორი და ასტროფიზიკოსი ჯოზეფ საიმონი თავის პრეს-რელიზში. "მაგრამ, ჯერ არ შეგვიძლია იმის დაზუსტება, ეს ეს ნამდვილად გრავიტაციული ტალღის ფონია და არა რამე სხვა".

გალაქტიკის ზომის ობსერვატორია, სინამდვილეში, ობსერვატორიების სერიას წარმოადგენს დედამიწაზე, რომელიც 45 სხვადასხვა პულსარს შეისწავლის. ეს პულსარები ირმის ნახტომის გალაქტიკაშია განლაგებული. პულსარი იგივე კომპაქტური ნეიტრონული ვარსკვლავია, რომელიც ძალიან სწრაფად ტრიალებს. მასთან გრავიტაციული ტალღის ურთიერთქმედების შემთხვევაში, პულსარის სიჩქარე იზრდება, ან მცირდება. ამ კოსმოსური ობიექტის ბრუნვის სიჩქარის ვარიაციები წამის რაღაც ნაწილის ხანგრძლივობისაა. NANOGrav-ის გუნდმა შესაძლოა ისინი კოსმოსურ შუქურებად გამოიყენოს, რომელთა საშუალებითაც ისინი მასიურ, დაუჯერებლად ნელა მოძრავ გრავიტაციულ ტალღებს დააკვირდებიან.

"სხვა ობსერვატორიები ეძებენ ისეთ გრავიტაციულ ტალღებს, რომლებიც რამდენიმე წამში ქრებიან, ჩვენ კი ისეთ ტალღებს ვეძებთ, რომლებიც კოსმოსში წლებისა და ათწლეულების მანძილზე არსებობენ", — ამბობს საიმონი.