2020 წელი მსოფლიოს ბევრი რამით დაამახსოვრებს თავს, თუმცა ყველასგან გამორჩეულად მტკივნეული და გარდამტეხი COVID-19 იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა ბოლო ერთი წლის განმავლობაში კორონავირუსის გარშემო ტრიალებდა, ბევრი მნიშვნელოვანი, დამთრგუნველი, კარგი თუ იმედისგამაცრუებელი მოვლენა მოხდა, რამაც მსოფლიოზე აშკარა და დიდი გავლენა იქონია.

ყასემ სოლეიმანის მკვლელობა — მესამე მსოფლიოს ზღვარზე

ფოტო: Lefteris Pitarakis / AP

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყასემ სოლეიმანის მკვლელობამ ირანსა და აშშ-ს დაძაბული ურთიერთოები ამოფრქვევისთვის გამზადებულ ვულკანს დაამსგავსა, ხოლო მსოფლიო მორიგი ომის საფრთხის წინაშე დააყენა. ბევრი ექსპერტი აღნიშნავდა, რომ მესამე მსოლიო ომის ზღვარზე ვიყავით.

3 იანვარს ბაღდადის აეროპორტზე აშშ-ის საჰაერო შეტევისას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, "ქუდსის ძალების" ლიდერი, გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს. "ქუდსის ძალებს" აშშ ტერორისტებად მოიაზრებს, რომელიც ასობით ამერიკელის სიკვდილზეა პასუხისმგებელი. სოლეიმანის მკვლელობით ამაყობდა პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.

სოლეიმანი ირანის რეჟიმის მთავარ ფიგურად მოიაზრებოდა, ამიტომაც ქვეყნის პასუხმაც არ დააყოვნა. რამდენიმე დღეში, 8 იანვარს ერაყში ამერიკის ბაზები ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს, რის შედეგადაც არც ერთი სამხედრო არ დაზარალებულა, მაგრამ ირანის შურისძიებამ კიდევ ერთი კატასტროფა გამოიწვია — ბაზების დაბომბვის ღამეს ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა პირი, 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა. ირანმა ოთხდღიანი დაგვიანებით აღიარა, რომ თვითმფრინავი მათ "ადამიანური შეცდომით" ჩამოაგდეს, რაც "ამერიკის ავანტიურიზმმა" გამოიწვია.

COVID-19-ის პანდემია

ფოტო: Getty Images

მესამე მსოფლიო ომის მოლოდინში კი მსოფლიო იძულებული გახდა სხვა მოწინააღმდეგეს დაპირისპირებოდა. 2020 წლის მთავარი ანტიგმირი სწორედ COVID-19-ია, რომელიც ჰუბეის პროვინცია ქალაქ უხანში აღმოცენდა და მალევე გავრცელდა.

ჩვენ ვხედავდით ჩაკეტილ ქალაქებს, რეგიონებს, ქვეყნებს, დაცარიელებულ ქუჩებს, გადაჭედილ საავადმყოფოებს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება შენელებულიყო.

ამჟამად სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის უკვე მეორე ტალღას ებრძვიან. შეზღუდვები ისევ წრეზე ტრიალებს, თუმცა ახლა ინფორმაციული ვაკუუმი უფრო შევსებულია და ხალხიც მეტ-ნაკლებად შემზადებული ებრძვის უხილავ მტერს.

ვირუსის გაჩენიდან თითქმის ერთი წლის თავზე შეიქმნა რამდენიმე ვაქცინა, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში უკვე გამოიყენება. ვაქცინის მომლოდინეთა სიაშია საქართველოც.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 81 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო 1,8 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა. რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, როდის დათმობს COVID-19 პოზიციებს, თუმცა სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ნიღბის ტარება კიდევ არაერთი თვე მოგვიწევს. ამასთან, მომავალი წლის მთავარი პოზიტიური მოლოდინი სწორედ ვაქცინაა, რომელმაც პანდემიის დამარცხება უნდა შეძლოს.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები

ფოტო: AP

2020 წელი არჩევნების მხრივ აქტიური იყო. გადამწყვეტი კი, რა თქმა უნდა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გახლდათ, რომელიც არაერთი კუთხით ისტორიულიც აღმოჩნდა.

დაძაბული კამპანიისა და დაპირისპირების ფონზე, ბევრს მაინც ეჭვი ეპარებოდა, რომ დემოკრატი ჯო ბაიდენი მეორე წრეზე წასულ დონალდ ტრამპს დაამარცხებდა. თუმცა ყველაფერი სხვანაირად დასრულდა.

ჯო ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში 78 წლის ასაკში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი იქნება, ხოლო მისი თანამებრძოლი, კამალა ჰარისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი გახდება.

მაშინაც კი, როცა ბაიდენი და ჰარისი მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვის წერილებს იღებდნენ, დონალდ ტრამპი დამარცხებას არ აღიარებდა და გაყალბებაზეც საუბრობდა. მას რამდენიმე დღე დასჭირდა, რომ ხელისუფლების გადაცემის პროცედურები დაეწყო.

კორონავირუსის გამო მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ხმა ფოსტით მისცა. ტრამპი და მისი გუნდი მტკიცებულებების გარეშე აცხადებდნენ, რომ ხმები არასწორად დაითვალეს და ბიულეტენები არსაიდან ჩნდებოდა, რასაც ის სწორედ ფოსტით ხმის მიცემას აბრალებდა.

ტრამპმა შედეგების გადათვლა სასამართლოში მოითხოვა და საქმე უზენაეს სასამართლომდეც მივიდა, თუმცა პრეზიდენტმა თავისი ვერ გაიტანა. სასამართლომ შედეგები ძალაში დატოვა. ბაიდენმა და ჰარისმა გუნდი უკვე წარადგინეს და ინაუგურაციისთვის ემზადებიან. ტრამპი კვლავ გაყალბებაზე საუბრობს.

ბრექსიტი საბოლოოდ შედგა

ფოტო: Getty Images

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად პირველ თებერვალს დატოვა, თუმცა წლის ბოლომდე ბრიუსელსა და ლონდონს სავაჭრო შეთანხმებისთვის უნდა მიეღწიათ, რომელიც ბრექსიტის საბოლოოდ დაგვირგვინება იქნებოდა. მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 24 დეკემბერს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა საბოლოოდ მიაღწიეს სავაჭრო შეთანხმებას. ანუ ბრექსიტი დასრულდა.

ამჟამინდელი შეთანხმება შეეხება ვაჭრობას, სატრანსპორტო მიმოსვლას, თევზჭერას, ენერგეტიკას, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და სხვა სფეროებს. თუ შეთანხმება მიღწეული არ იქნებოდა, პირველი იანვრიდან ევროკავშირსა და ბრიტანეთს საქონლით ვაჭრობის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პირობებზე გადასვლა მოუწევდათ, რაც გადასახადებსა და კვოტებს ითვალისწინებს. ეს კი ორივე მხარისთვის დიდ დანაკარგებთან იქნებოდა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ შეთანხმება ყველას ინტერესში შედიოდა.

"ჩვენ დავიბრუნეთ კონტროლი ჩვენს ფულზე, საზღვრებზე, კანონზე, ვაჭრობასა და თევზჭერაზე", — ნათქვამი იყო ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

ბრიუსელში პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეინმა განაცხადა, რომ შეთანხმება სამართლიანი და დაბალანსებულია.

პუტინი 2036 წლამდე

ვლადიმერ პუტინი საკონსტიტუციო ცვლილებების ხმის მიცემის დროს

ფოტო: კრემლი

2020 წელი რუსეთისთვის პუტინის ძალაუფლების განმტკიცებისა და ავტორიტარული მმართველობის გახანგრძლივების წლად იქცა.

რუსეთში მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პუტინს საპრეზიდენტო ვადას უნულებს და მას საშუალებას აძლევს 2024 წელს კვლავ იყაროს კენჭი. სურვილის შემთხვევაში, მას შეუძლია ექვს წელიწადში ისევ გავიდეს არჩევნებზე და ძალაუფლების სათავეში 2036 წლამდე დარჩეს. შემდეგ რა მოხდება, უკვე ვარაუდებისა და ფანტაზიის საგანია.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის ექვსდღიანი საყოველთაო კენჭისყრა ჩატარდა. ადგილობრივი ოპოზიციური მედია კი არაერთ დარღვევაზე წერდა. მმართველობაში ყოფნის წლების გარდა, პუტინმა გაიზარდა ძალაუფლება, გაიმყარა პოზიციები და საკუთარ თავს უვადო იმუნიტეტიც მიანიჭა.

საკონსტიტუციო ინიციატივას წინ უძღოდა არანაკლებად საინტერესო საკადრო ცვლილება — დიმიტრი მედვედევი, პუტინის მარჯვენა ხელი, პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგა. ის ნაკლებად ცნობილმა დიმიტრი მიშუსტინმა ჩაანაცვლა. მედვედევისთვის კი პუტინმა ახალი თანამდებობა შექმნა და უშიშროების საბჭოში თავის მოადგილედ დანიშნა.

მთიანი ყარაბაღის ომის განახლება და მიღწეული შეთანხმება

ფოტო: Foreign Policy

ყარაბაღის ომის მშვიდობიანმა დასრულებამ რეგიონში ძალთა ბალანსის აშკარა ცვლილება გამოიწვია. სომხეთი დასუსტდა, აზერბაიჯანი გაძლიერდა, რუსეთმა კი სამხრეთ კავკასიაში ფესვები კიდევ უფრო გაიდგა.

სექტემბრის ბოლოს განახლებული შეტაკებებისას მხარეები ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებდნენ და სხვადასხვა ბრალდებას უყენებდნენ. როგორც საჯარო განცხადებებიდან ისმოდა, პოზიციების დათმობას არ აპირებდა არც თვითგამოცხადებული არცახის რესპუბლიკა (მთიანი ყარაბაღი), არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი.

40-დღიანი შეტაკებების შემდეგ, 9-10 ნოემბერს, გვიან ღამით, მოულოდნელად, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სომხეთს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემა მოუწია, ხოლო ლაჩინში შეიქმნა დერეფანი, სადაც რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.

სომხეთისთვის ომის არასახარბიელოდ დასრულებამ ერთ დროს მოსახლეობისგან მხარდაჭერილი პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის მტრად აქცია. ოპოზიცია და აქტივისტები მის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ექსპერტების შეფასებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ავტორიტარული მმართველობის წლები უფრო გაიხანგრძლივა და გმირის ხატი შექმნა. რაც შეეხება რუსეთს, ოკუპანტი ქვეყანა შუამავლის როლში მოგვევლინა. აზერბიაჯანი რეგიონის ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც რუსული ბაზა არ იდგა, თუმცა შეთანხმებამ ყველაფერი შეცვალა.

Black Lives Matter

ფოტო: Getty Images

Black Lives Matter-ის საპროტესტო მოძრაობებმა მოიცვა როგორც ჩრდილოეთ ამერიკა, ისე ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი. აღნიშნული სახელით აქციები ჯერ კიდევ 2013 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა 2020 კვლავ გააქტიურდა, მას შემდეგ, რაც დაკავებების დროს რამდენიმე შავკანიანი დაშავდა ან გარდაიცვალა.

"ვერ ვსუნთქავ" — ჯორჯ ფლოიდის სწორედ ეს ბოლო სიტყვები გახდა პროტესტის მამოძრავებელი ძალა. 25 მაისს ფლოიდი დაკავების დროს გარდაიცვალა. ერთ-ერთ პოლიციელს, დერეკ შოვინს გზაზე მწოლიარე ფლოიდის კისერზე მუხლი თითქმის ცხრა წუთის განმავლობაში ჰქონდა მიბჯენილი. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მან ფეხი არ ჩამოიღო. ფლოიდმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

ამერიკა საპროტესტო აქციებში ჩაეფლო. კორონავირუსისა და შეზღუდვების მიუხედავად, ახალგაზრდები ქუჩებში სისტემურ რასიზმს აპროტესტებდნენ. ხშირ შემთხვევაში პროტესტი ვანდალიზმშიც გადადიოდა. აქციის მონაწილეები წვავდნენ მაღაზიებს, მანქანებსა და საბურავებს. ბევრ შტატში კომენდანტის საათიც გამოცხადდა, ხოლო პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებდა.

გარდა ამისა, აშშ-სა და ევროპაში აქტივისტები კონფედერატი ლიდერების, მონებით მოვაჭრეებისა და რასისტული განცხადებებით გამორჩეული ლიდერების ძეგლების დემონტაჟს მოითხოვდნენ. დროთა განმავლობაში პროტესტმა უფრო ჰუმანური სახე მიიღო და საკანონმდებლო ცვლილებებსაც დაუდო სათავე, რომელიც საპოლიციო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს.

კიმ ჩენ ინის გაუჩინარება

ფოტო: AP

ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ სად და როდის გამოჩნდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი. მაგალითად, თეთრი ცხენით "წმინდა მთის" დალაშქვრა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოასწავებს.

იმის გამო, რომ ქვეყანა სრულად იზოლირებულია, "დაგეგმილი სცენარიდან" ნებისმიერი გადახვევა განგაშის ზარს იძლევა. განგაშის ზარმა აპრილში დარეკა, როცა კიმ ჩენ ინი 12 აპრილიდან მოყოლებული რამდენიმე კვირა საჯაროდ არსად გამოჩენილა. განსაკუთრებულად უცნაური კი ის იყო, რომ 15 აპრილს ის ბაბუის დაბადების დღის ღონისძიებას არ დაესწრო. ამან ჯანმრთელობასთან და სავარაუდო გარდაცვალებასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

მედიაში ვრცელდებოდა არაერთი ვერსია, თუ ვინ დაიკავებდა მის ადგილს. რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ კორეისნაირ ქვეყანაში ლიდერის ცვლილება უკვალოდ არ ჩაივლიდა და შესაძლოა, ძლივს დამთბარ ურთიერთობებს საფრთხე გასჩენოდა. ან პირიქით, ყველაფერი უკეთესობისკენ წასულიყო.

თუმცა 20-დღიანი "ლოდინის" შემდეგ კიმ ჩენ ინი ერთ-ერთი ქარხნის გახსნაზე გამოჩნდა. არაერთი წყარო იტყობინებოდა, რომ მან გულზე ოპერაცია ჩაიტარა, თუმცა სამხრეთ კორეაში აცხადებდნენ, რომ ამის ნიშნები არ ყოფილა.

ბეირუთის აფეთქება

ფოტო: Getty Images

ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 6 ათასზე მეტი დაშავდა, ხოლო 300 ათასი ადამიანი სახლ-კარის გარეშე დარჩა. ქალაქის უძველესი ნაწილი მიწასთან გასწორდა.

4 აგვისტოს აფეთქებამ გავლენა იქონია პოლიტიკურ პროცესებზეც — დაიწყო ფართომასშტაბიანი აქციები. მოსახლეობის ნაწილი ტრაგედიას ხელისუფლების კორუფციასა და გულგრილობას უკავშირებდა. ერთი კვირის თავზე ლიბანის მთავრობა გადადგა. დააკავეს 16 ადამიანი.

აფეთქების გამომწვევ მიზეზად თავდაპირველად რამდენიმე ვერსია გავრცელდა. საუბარი იყო პიროტექნიკის აფეთქებაზე, სხვა ადვილად ფეთქებად ნივთიერებებზეც, თუმცა დადგინდა, რომ აფეთქების გამომწვევი მიზეზი პორტის საწყობში 6 წლის მანძილზე შენახული ნივთიერებაა, რომელიც საქართველოსთანაც არის კავშირში.

საქართველოს საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ბეირუთში აფეთქდა, იქ 2013 წელს, ბათუმიდან მოხვდა. უწყებაში განმარტავენ, რომ გემი, რომელიც ახორციელებდა 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის ტრანსპორტირებას საქართველოდან (ბათუმის პორტი) მოზამბიკში (პორტი ბეირა), იქ ლიბანის საპორტო კონტროლის სახელმწიფო ინსპექციამ დააკავა.

მოწამლული და გადარჩენილი ალექსეი ნავალნი

ფოტო: ალექსეი ნავალნი / Instagram

ნემცოვი, პოლიტკოვსკაია, ლიტვინენკო და სხვები — ამ ადამიანების ჩამონათვალს რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მხოლოდ იმის გამო ვერ შეემატება, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ნავალნი პრეზიდენტ პუტინის მთავარ მოწინააღმდეგეა, რომელიც თავის ორგანიზაციასთან ერთად გამოძიებებს ატარებს და ჩინოვნიკებს კორუფციაში ამხელს.

აგვისტოს ბოლოს ნავალნიმ ქალაქ ტომსკიდან ფრენისას სხეულში ძლიერი ტკივილი იგრძნო. თვითმფრინავი ქალაქ ომსკში მალევე დაეშვა და ოპოზიციონერი კლინიკაში წაიყვანეს. სანამ რუსი ექიმები ამტკიცებდნენ, რომ ნავალნი უბრალოდ მოიწამლა, ოჯახმა იგი გერმანიაში გადაიყვანა. რამდენიმე დღის შემდეგ დადგინდა, რომ ნავალნის წინააღმდეგ მომწამვლელი ნივთიერება, ნოვიჩოკი გამოიყენეს. ნოვიჩიკო გამოიყენეს ბრიტანეთში კგბ-ს ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის წინააღმდეგაც.

ნოვიჩოკის გამოყენების წინა და ბოლო შემთხვევაშიც კვალი რუსეთამდე მივიდა. გერმანია პასუხებს ელოდება, თუმცა რუსეთში ბრალდებებს უარყოფენ. გარდა ამისა, პრეზიდენტ პუტინის თქმით, ნავალნის მოწამვლა რომ სდომოდათ, ის ცოცხალი აღარ იქნებოდა.

რუსი სამართალდამცავებისგან განსხვავებით, ოპოზიციონერზე თავდასხმა გამოიძიეს დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა. გამოძიების თანახმად, ნავალნის ლიკვიდაციაზე FSB-ს ოპერატიული ჯგუფი მუშაობდა, რომელშიც სულ მცირე, რვა ადამიანი შედიოდა. ისინი წლების განმავლობაში უთვალთვალებდნენ ოპოზიციის ლიდერს და მისი მოწამვლა ადრეც უცდიათ.

ბელარუსის პროტესტი

ფოტო: AP

ევროპის უკანასკნელი დიქტატორი — სწორედ ასე იცნობენ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომელმაც 26-წლიანი მმართველობის შემდეგ ძალაუფლების დემოკრატიული გზით გადაბარება არ ისურვა და კვლავ პრეზიდენტობა მოინდომა. ლუკაშენკოს რეჟიმს ოპოზიცია და აქტივისტები წლების განმავლობაში ებრძოდნენ, თუმცა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა მოსახლეობას ცვლილებების კიდევ ერთი იმედი წაართვეს, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.

აგვისტოდან მოყოლებული მინსკის ქუჩებში ჯერ ყოველდღიური, შემდეგ კი ყოველკვირეული აქციები მიმდინარეობს. ათასობით დემონსტრანტს ძალის გამოყენებით შლიან, აკავებენ და განყოფილებებში ცემენ, რაც გავრცელებული ფოტოებითა და ვიდეოებით დასტურდება. აქციების დაწყებიდან პირველ კვირაში ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ათეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს მთავარი მოწინააღმდეგე, სვეტლანა ტიხანოვსკაია იძულებული გახდა შვილებთან ერთად ქვეყანა დაეტოვებინა. ახლა დევნილი ლიდერი ქვეყნის გარედან ცდილობს ლუკაშენკოს რეჟიმის დაშლას. გარდა ამისა, ტიხანოვსკაიას თანამებრძოლეების ნაწილი დაკავებულია, ხოლო ოპოზიციის ნაწილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს.

დასავლეთის ქვეყნები ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. არჩევნებში მძიმე დარღვევებზე მიუთითებენ და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების შემდეგ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ ლუკაშენკოსა და მისი გარემოცვის წევრებს პერსონალური სანქციები დაუწესეს. ყველა ამ გარემოების მიუხედავად, რუსეთისგან ზურგგამაგრებული "ბატკა" პოზიციებს ჯერჯერობით არ თმობს და დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებას აგრძელებს.

ავსტრალიის ხანძრები

ფოტო: The Guardian

ავსტრალიისთვის ტყის ხანძრები გასაკვირი არაა, განსაკუთრებით ხანძრების სეზონზე, თუმცა წლის დასაწყისში განვითარებულმა მოვლენებმა მოლოდინებს გადააჭარბა. მეცნიერების აზრით, ავსტრალიის 2019-2020 წლის ხანძრების სეზონი ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი იყო. ცეცხლი ყველა შტატს მოედო, განსაკუთრებით კი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი დაზარალდა.

სტიქიის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მილიონობით ჰექტარი განადგურდა და სამ მილიარდამდე ცხოველი დაიღუპა ან მათ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს.

ხანძრის ლოკალიზებასა და ჩაქრობაში ჩართულნი იყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე ამერიკელი და კანადელი მეხანძრეები, ასევე, მოხალისეები. მხოლოდ 240-დღიანი ბრძოლის შემდეგ ახალ სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძარი საბოლოოდ ჩააქრეს.

Megix

ფოტო: Getty Images

2020 წელს უინძორების დინასტიაში სიახლეების გარეშე არ ჩაუვლია. დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ჩამოშორდნენ, რაც ბოლო წლების განმავლობაში ბუკინგემის სასახლისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ამბავია. ამ "განქორწინებას", ბრექსიტის მსგავსად, ტაბლოიდებმა Megix დაარქვეს და ამ პროცესში მარკლის როლსაც გაუსვეს ხაზი.

სამეფო ოჯახში მეგან მარკლის გამოჩენის შემდეგ, ბრიტანული ტაბლოიდები ზედმეტი კრიტიკითა და ხშირად რასისტული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ სასექსის ჰერცოგინიას მიმართ. ბრიტანეთიდან გამგზავრების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ეს სახელდება. ტაბლოიდებთან დაძაბულ ურთიერთობაზე ისიც მეტყველებს, რომ ჰარიმ და მეგანმა რამდენიმე მათგანს ჯერ სასამართლოში უჩივლეს, შემდეგ კი ურთიერთობა საერთოდ გაწყვიტეს.

ამჟამად ისინი ლოს-ანჯელესში ცხოვრობენ. სოციალური ქსელებში არ აქტიურობენ და დროდადრო სხვადასხვა პლატფორმით მიმართვებს ავრცელებენ. როგორც სამეფო ოჯახის წევრებმა საჯარო განცხადებებში აღნიშნეს, მეგანისა და ჰარის გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ.

წყვილმა შეინარჩუნა სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტულები, თუმცა დედოფლის სახელით ღონისძიებებსა და თუ სხვა აქტივობებში აღარ ჩაერთვება. მათ ჩამოერთვათ ყველა პრივილეგია, შეეზღუდათ ბრენდ SussexRoyal-ის გამოყენება და მადამ ტიუსოს მუზეუმმა ჰარისა და მეგანის ფიგურები სამეფო კუთხიდანაც აიღო.