ნაკლები ხორცის მიღება ან მასზე საერთოდ უარის თქმა ერთ-ერთი ყველაზე ეკომეგობრული გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც შეგიძლიათ. კარგი ისაა, რომ თუ მაგალითად 10 წლის წინ ვეგეტარიანელებსა და ვეგანებს თბილისში საკვების დიდი არჩევანი არ ჰქონდათ, დღეს უკვე საკმაოდ ბევრი ჯანსაღი და ეკომეგობრული კვების პუნქტი არსებობს.

გადავწყვიტეთ, რომ ყველასთვის (მათ შორის, ხორცისმჭამელებისთვისაც) გაგვეცნო თბილისური ვეგანური და ვეგეტარიანული რესტორნები. იმიტომ, რომ მიუხედავად გავრცელებული მითებისა, ვეგანები და ვეგეტარიანელები მუდმივად სალათის ფოთლებს არ ჭამენ.

თბილისში მდებარე ვეგანური ადგილები

* ვეგანური საკვები არის მცენარეულზე დაფუძნებული საკვები ყველანაირი ცხოველური წარმოშობის გარეშე (როგორებიცაა რძე, თაფლი, ყველი და ა.შ).

Living Vino: Natural Wine Bar & Vegan Food

ფოტო: Living Vino

გულწრფელად გითხრათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალი რესტორანია ქალაქში: არაჩვეულებრივი ვეგანური სამზარეულო ადგილობრივი ბუნებრივი ღვინის ფართო არჩევანის თანხლებით. რესტორანი პასუხისმგებლობას იღებს ნარჩენებზეც და მათ გადასამუშავებლად ეკო-ტაქსის მეშვეობით აბარებს.

ფასები: $$ (საშუალო ჩეკი - 20-30 ლარი)

გამოძახება შეგიძლიათ ვებგვერდიდან livingvino.com, სადაც 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. გარდა ამისა, Living Vino ხელმისაწვდომია Bolt Food-ზე, Wolt-ზე და Glovo-ზე.

SEED - Vegan Food Project

ფოტო: SEED

ძველ სოლოლაკში მდებარე რესტორანი SEED ცდილობს, უმეტესად ადგილობრივი პროდუქცია გამოიყენოს და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება შეამციროს. SEED ონლაინ-შეკვეთის შემთხვევაში არ იყენებს პლასტმასის საწრუპებსა და დანა-ჩანგალს. გარდა ამისა, შეგიძლიათ დააბრუნოთ შუშის ბოთლები, რომლებიც გამოძახებიდან დაგრჩათ.

შეზღუდვების გამო დროებით დახურულია.

Vegan Place

ფოტო: Vegan Place / Parki ar Minda

ეს არის პატარა ვეგანური ადგილი ვაკეში, სადაც რამდენიმე სახეობის სუპსა და Bowl-ს ამზადებენ. ახლა ძირითადად ონლაინ-შეკვეთებზე მუშაობენ, თუმცა ღია ცის ქვეშ არის ერთი მაგიდაც. შესანიშნავი ვეგანური საკვების დიდი ულუფები! სმუზი და დესერტები შუშის ბოთლებშია დაფასოებული. თუ ამ ბოთლებს უკან დააბრუნებთ, საჩუქრად უფასო სმუზის მიიღებთ.

ჩვენი რჩევაა, სეიტანის (ხორბლის პროტეინის) Bowl გასინჯოთ.

ფასები: $ (საშუალო ჩეკი ადამიანზე - 10-20 ლარი).

შეგიძლიათ წაიღოთ ადგილიდან (ფალიაშვილის 39) ან გამოიძახოთ Wolt-ით.

Kiwi vegan cafe

ფოტო: Kiwi

კივი პირველი ვეგანური კაფეა, რომელიც თბილისში გაიხსნა. ამჟამად სოლოლაკში მდებარეობს. რესტორანი არა მხოლოდ მხარს უჭერს ვეგანურ დიეტას, არამედ ეხმარება უპოვარ ადამიანებს, აგროვებს ძველ ტანსაცმელს და ურიგებს მათ, ვისაც სჭირდება.

ფასები: $ (საშუალო ჩეკი ერთ ადამიანზე 10-20 ლარი)

შეგიძლიათ წაიღოთ ადგილიდან (მაჩაბლის 6) ან გამოიძახოთ Wolt-ით / Glovo-თი.

Vegan Food

ფოტო: Vegan Food

აქ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ტოფუ, სეიტანი, ბარდის ძეხვი, ვეგანური ნაგეთსები და ა.შ. Vegan Food ზრუნავს, რომ მაცივარში ყოველთვის გქონდეთ ხორცის ვეგანური ალტერნატივა, რომელსაც სულ ცოტა მონდომებით კერძად აქცევთ.

შესაკვეთად უბრალოდ გააგზავნეთ პირადი შეტყობინება მათ გვერდზე.

Maison Du Soleil Vegan Bakery

Maison Du Soleil პატარა საცხობია, რომელიც ვეგანურ პურს ამზადებს და ყიდის. აქ შეგიძლიათ გასინჯოთ სხვადასხვა სახეობის კრეკერები, ჯანჯაფილის თაფლაკვერები და ვეგანური შაქარყინულები.

ფასები: $$ (საშუალო ჩეკი 15-25 ლარი)

შეგიძლიათ შეუკვეთოთ წაიღოთ ადგილიდან (მარი ბროსეს 3) ან ფეიჯის მეშვეობით განათავსოთ შეკვეთა.

ნამუ • namu

ფოტო: ნამუ • namu

ნამუ თანამედროვე ვეგანური რესტორანია სოლოლაკში. ვეგანური დესერტების გარდა (მათ ვეგანური ტორტიც შეგიძლიათ შეუკვეთოთ), ამზადებენ კომბუჩას ალუმინის ქილებში, ყიდიან მეორად ნივთებს, შოპინგის ჩანთებს და ასე შემდეგ. აქვე შეგიძლიათ დაამზადოთ სასუქი (კომპოსტი) საკვები ნარჩენებისგან. ონლაინ-შეკვეთის შემთხვევაში, თუ თქვენ უკან დააბრუნებთ სასმელის/პესტოს შუშის ბოთლებს, რესტორანი თითო ბოთლს 50 თეთრით აგინაზღაურებთ.

ფასები: $$$ (საშუალო ჩეკი 30-50 ლარი)

გამოძახება შეგიძლიათ namu.ge-დან ან Wolt-იდან.

ვეგეტარიანული რესტორნები

* ვეგეტარიანული არის ძირითადად მცენარეული საკვები, მაგრამ ნაწილობრივ ცხოველური პროდუქტი (ყველი, რძე, თაფლი და ა.შ). არსებობს ვეგეტარიანული დიეტის რამდენიმე სახეობა, ზოგიერთი მოიცავს თევზსაც.

Mama Terra - Veggie corner

ფოტო: Mama Terra / Parki ar minda

მთაწმინდაზე მდებარე ამ საყვარელ კაფეს საინტერესო მენიუ აქვს — ქართული და ახლო აღმოსავლური მოტივების ნაზავი მექსიკური კულინარიული ტრადიციებით. საკვების გარდა, მამა ტერა გვთავაზობს შესანიშნავ კომბუჩას რამდენიმე არომატით. აქ სხვა პროდუქტებთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ მცენარეული ჩაი, ეკომეგობრული ჩანთები და ხელნაკეთი სუფრები. მენიუ დაფუძნებულია ადგილობრივ პროდუქტებზე. მიტანის სერვისის გამოყენების შემთხვევაში, სუპები და სასმელები მოაქვთ შუშის ბოთლებით. ჭურჭლის დაბრუნების შემთხვევაში კი 10%-იან ფასდაკლებას მიიღებთ. ასევე შეგიძლიათ კაფეში გადასამუშავებლად ელემენტები დატოვოთ და მათ ეკო-ტაქსის მეშვეობით წაიღებენ.

ფასები: $$ (საშუალო ჩეკი 15-30 ლარი)

შეგიძლიათ წაიღოთ ადგილიდან (10% ფასდაკლებას მიიღებთ, თუ თქვენს კონტეინერებს მიიტანთ), ან გამოიძახოთ Wolt-ით.

CAFE LEILA

ფოტო: Leila

ლეილა ცნობილი შეფ-მზარეულის, მერიკო გუბელაძის ვეგეტარიანული კაფეა. ინტერიერი შეჰერეზადას ზღაპრებს მოგაგონებთ. მენიუ შედგება ქართული და ახლო აღმოსავლური სამზარეულოს საუკეთესო კერძებისგან. შეგიძლიათ ღია ცის ქვეშ ჩამოჯდეთ და ძველი თბილისის მშვენიერი ხედებით დატკბეთ.

დროებით დაკეტილია, მაგრამ თვალი ადევნეთ ფეიჯს სპეციალური შემოთავაზებებისათვის.

GOBY • გობი

ფოტო: გობი

ვერაზე არსებული პატარა კაფე ქართულ და ახლო აღმოსავლურ კურლინარიულ ტრადიციებზე დაფუძნებულ ვეგეტარიანულ სამზარეულოს გვთავაზობს. გობის ინგრედიენტების 90% ადგილობრივია. გარდა ამისა, კაფეში დაიშვებიან შინაური ცხოველებიც.

დროებით დაკეტილია

Muhudo • მუხუდო

მუხუდო პატარა კაფეა, სადაც უგემრიელესი და საკმაოდ მოზრდილი ფალაფელის ვრაპები მზადდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ მიტანის სერვისიც.

ფასები: $ (საშუალო ჩეკი — 10 ლარი)

შეგიძლიათ წაიღოთ ადგილიდან (ზანდუკელის 2) ან შეუკვეთოთ Wolt-ით / Glovo-თი.

Fala Bar · ფალა ბარი

ფალა ბარიც ფალაფელზეა ორიენტირებული, თუმცა უგემრიელესი ჰუმუსიც აქვთ. შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნოყიერი და მოზრდილი ლანჩები და მეგობართან ერთად გაინაწილოთ.

ფასები: $ (საშუალო ჩეკი 10-20 ლარი)

შეკვეთა შეგიძლიათ Wolt-ით.

Hemsy • ხემსი

ხემსი ვეგანური/ვეგეტარიანული საკვების ფართო არჩევანს გვთავაზობს ლანჩის ან სადილისთვის.

ფასები: $$ (საშუალო ჩეკი 15-30 ლარი)

შეკვეთა შეგიძლიათ Wolt-ით.

ამ რუკაზე შეგიძლიათ ობიექტების ადგილმდებარეობა ნახოთ:

ჩვენ გირჩევთ, რომ არჩევანი შეაჩეროთ ისეთ კაფეებსა თუ რესტორნებზე, რომლებიც არა მხოლოდ ვეგეტარიანულ თუ ვეგანურ საჭმელებს ამზადებენ, არამედ შეფუთვისასაც ითვალისწინებენ გარემოზე ზეგავლენას.

თუ რომელიმე ვეგანური ან ვეგეტარიანული კაფე გამოგვრჩა, დაგვიტოვეთ კომენტარებში.

Parki ar minda არაკომერციული ეკო-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც პროდუქტების შეგნებული მოხმარებისა და გარემოსთან ჰარმონიულად თანაცხოვრების პოპულარიზაციას ეწევა.