პანდემიის დროს ალკოჰოლის მოხმარების ზრდა ღვიძლის ტრანსპალანტების მოთხოვნაზე აისახა
იმის მიხვედრას, რომ COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს ადამიანებმა მეტი ალკოჰოლის მიღება დაიწყეს, ბევრი დაკვირვება არ სჭირდება. ახლა კი, მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვენმა პანდემიურმა "ალკოჰოლიზმმა" ღვიძლის ტრანსპლანტებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა.
კვლევის მიხედვით, რომელიც გუნდმა JAMA Network Open-ში გამოაქვეყნა, მკვლევრებმა დადებითი კორელაცია აღმოაჩინეს ალკოჰოლის გაყიდვებსა და პაციენტების რიცხვს შორის, რომლებიც ღვიძლის ტრანსპლანტის მომლოდინეთა სიაში არიან. მეტიც, პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით ამ ადამიანების სიები 50%-ით გაიზარდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ორს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადასტურება არ შეგვიძლია, ეს არაპროპორციული ზრდა ალკოჰოლის მზარდ გაყიდვებთან ერთად შესაძლოა მიანიშნებდეს კავშირზე COVID-19-ის დროს მის ჭარბ მოხმარებასთანაც", — წერია მოხსენებაში.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ პანდემიის დროს გახშირდა ალკოჰოლური ჰეპატიტის შემთხვევებიც. ეს მდგომარეობა მაშინ ვითარდება, როდესაც ღვიძლი ალკოჰოლის სწორად გადამუშავებას ვეღარ ახერხებს. შედეგად, მაიოს კლინიკის მიხედვით, ამ ორგანოში ტოქსინები ილექებიან. საბოლოოდ, ამან, შესაძლოა, ღვიძლის ფუნქციის სრული მოშლა გამოიწვიოს.
"კვლევა გვაწვდის მტკიცებულებას ალკოჰოლური ჰეპატიტის შემთხვევების საგანგაშო ზრდის შესახებ, რომელიც COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პერიოდში ალკოჰოლის მოხმარების გაზრდასთანაა დაკავშირებული და ხაზს უსვამს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩარევის საჭიროებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად", — წერია მოხსენებაში.
გასულ დეკემბერს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლოქდაუნმა შედეგად აშშ-ს ზრდასრულებში ჭარბი სმის გახშირება გამოიწვია. ამ ყველა საკითხს ამწვავებს ის ფაქტი, რომ ადამიანების დიდი ნაწილი შესაბამის მენტალურ დახმარებას არ იღებს.
საბედნიეროდ, ვაქცინაციის გამო მაინც შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ ღვიძლის ტრანსპლანტებზე მოთხოვნა მაინც შემცირდება. თუმცა, პანდემიით გამოწვეულ ფიზიკურ და მენტალურ პრობლემებთან გამკლავება ალბათ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მოგვიწევს.
კომენტარები