მთვარიდან ჩამოტანილი ნიმუშების მოსაპოვებლად ეგზოჩონჩხები გამოიყენეს
South China Morning Post-ის (SCMP) მიხედვით, გუნდმა, რომელსაც ჩინეთის Chang’e-5 მისიით მთვარიდან ჩამოტანილი ნიმუშების მონღოლეთის შუაგულიდან წამოღება ევალებოდა, ამისთვის მსუბუქი "ეგზოჩონჩხები" გამოიყენა. ეს დამატებითი "ჩონჩხები" მათ თოვლში თავისუფლად გადაადგილებაში ეხმარებოდა.
"20-30 მეტრის გავლის შემდეგ, ძალიან დავიღლებოდით, მაგრამ ეგზოჩონჩხის დახმარებით, 100 მეტრის ან მეტის გავლაც აღარ წარმოადგენდა პრობლემას", — განუცხადა SCMP-ს ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა. მას ევალებოდა 50 კილოგრამი მასის მოწყობილობის წამოღება. ტვირთი თოვლით დაფარულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, სადაც ტემპერატურა -17°C-ზე დაბალია.
ჩინეთის Chang’e-5 მისია წარმატებით შესრულდა, რომლის ფარგლებშიც როვერმა დედამიწაზე მთვარიდან მტვრისა და ქვების ნიმუშები ჩამოიტანა. თითქმის ბოლო 50 წლის მანძილზე, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დედამიწაზე მთვარიდან "ჩამოიტანეს" ნიმუშები.
გუნდის წევრებს ჩინეთის აეროკოსმოსური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კორპორაციიდან (CASIC) გარკვეული სირთულეების გადალახვა მოუწევდათ იმისთვის, რომ შუა მონღოლეთში სარეცხის მანქანის ზომის კაფსულამდე მისულიყვნენ. გარდა ამისა, საჭირო იყო ადგილზე სხვადასხვა მოწყობილობების მიტანა, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვდა.
გუნდის წევრები ეგზოჩონჩხებით ადამიანის ფუნქციურობის ზრდის ტექნოლოგიების კვლევის ცენტრმა უზრუნველყო, რომელიც CASIC-თან ხელშეკრულებით თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობის მიზანი იყო, გუნდის წევრებისთვის მიეწოდებინათ ისეთი პროდუქტი, რაც მათ ზღვის დონიდან მაღალ ადგილებში მუშაობას გაუადვილებდა.
SCMP-ის მიხედვით, ეს ეგზოჩონჩხი, დაახლოებით, 4 კილოგრამს იწონის და შეუძლია დაახლოებით 10%-ით შეუმსუბუქოს ტვირთი ადამიანს, რომელიც ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეზე 25 კილოგრამი მასის აღჭურვილობას ატარებს.
კომენტარები