2020 წლის ყველაზე კაშკაშა მეტეორების წვიმა — 14 დეკემბერს მოსალოდნელია საათში 150 "ვარსკვლავის ცვენა"
ოდესღაც, ვარსკვლავების ცვენის სახელით ცნობილი მოვლენა, რომელსაც დღეს მეტეორების წვიმას ვუწოდებთ, 2020 წლის 14 დეკემბერს პიკს მიაღწევს და ამ დროს ასტრონომიის მოყვარულები შეძლებენ, რამდენიმე საათის მანძილზე ცაზე წლის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სანახაობას დააკვირდნენ.
13 დეკემბერს მეტეორები დედამიწისკენ ტყუპების თანავარსკვლავედიდან გამოემართებიან. ეს მეტეორები უკავშირდებიან 3200 ფაეტონის ასტეროიდს (აპოლონის ჯგუფიდან, რომელი მიეკუთვნება B სპექტრული კლასის ასტეროიდებს. იგი ხასიათდება წაგრძელებული ორბიტით, რომელიც გადაკვეთს მზესთან ყველაზე ახლო მყოფი ოთხი პლანეტის — მერკურის, ვენერას, დედამიწისა და მარსის ორბიტებს. ამ დროს იგი საკმაოდ მოკლე მანძილზე უახლოვდება მზეს, სწორედ ამიტომ დაერქვა ფაეტონის სახელი — ბერძნულ მითოლოგიაში მზის ღმერთის, ჰელიოსის შვილი). აღნიშნულ მეტეორებს, რომელთა რადიანტი — შემოსვლის წერტილი ტყუპების თანავარსკვლავედშია (Gemini), ეწოდება გემინიდები. ეს წვიმა ერთადერთია, რომელიც დაღამებამდე, საღამოს იწყება. მოვლენა შესამჩნევი გახდება ადგილობრივი დროით დილის 6 საათიდან 11 საათამდე გაგრძელდება.
ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია არა ის, თუ რომელ საათზე იწყება წვიმა, არამედ ის, თუ რამდენი მეტეორი გაანათებს ცას. ზოგადად, ტიპური მეტეორების წვიმა საათში 100 მეტეორის ნათებით ხასიათდება, 2020 წლის 14 დეკემბერს კი მოსალოდნელია საათში 150 "ვარსკვლავის ცვენა", რაც წუთში საშუალოდ 2-3 მეტეორს გულისხმობს.
"გემინიდების მეტეორების წვიმა ყოველთვის შთამბეჭდავი სანახაობა იყო, თუმცა, ამ წელს ეს მოვლენა ემთხვევა თითქმის ახალ მთვარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით ცა ნაკლებად განათებული იქნება, შესაბამისად მეტეორების წვიმა კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება", — განაცხადეს NASA-ში.
სინათლით დაბინძურება ქალაქებიდან თუ გზატკეცილებიდან დამკვირვებლისთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან ეს ამცირებს იმ მეტეორების რიცხვს, რომელთა დანახვაც მათ შეუძლიათ. ამიტომ, რაც უფრო ბნელია ცა, მით უფრო მეტი მეტეორის დაკვირვებაა შესაძლებელი. გემინიდების წვიმა ცის მხოლოდ უმცირეს მონაკვეთზე, ტყუპების თანავარსკვლავედთან გამოჩნდება.
გარდა მეტეორების სიხშირისა, გემინიდების წვიმა კაშკაშა და ფერადი სანახაობასაც წარმოადგენს. მათ შეფერილობაზე გავლენას ახდენს ამ მეტეორების შემადგენელი ელემენტები. ატმოსფეროში შემოსვლისას, როდესაც იწყება ამ ციური სხეულების წვა, ამ დროს კი ისინი გამოსცემენ სხვადასხვა ფერებს და თითოეული ფერი კონკრეტულ ქიმიურ ელემენტთანაა დაკავშირებული.
14 დეკემბერს გემინიდების წვიმის დანახვა საუკეთესოდ იქნება შესაძლებელი ეკვატორის ჩრდილოეთ ნაწილიდან.
მას შემდეგ, რაც აღნიშნული მოვლენა დასრულდება, ასტრონომიის მოყვარულები კიდევ ორჯერ შეძლებენ მეტეორების წვიმის ხილვას — 21-დან 22 დეკემბრამდე ღამით ურსიდების წვიმას და 2-დან 3 იანვრამდე ღამით კუადრანტიდების წვიმას. ამის შემდეგ კი, გვიან აპრილის ლირიდების წვიმამდე მსგავსი მოვლენა აღარაა მოსალოდნელი.
კომენტარები