ვინ, როგორ და როდის მიიღებს მთავრობის დახმარებებს
28 ნოემბრიდან ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო შეზღუდვები დაწესდა და დახმარებების რამდენიმე პაკეტი ამოქმედდა, რომლის გაცემასაც მთავრობა პარალელურად აპირებს. დახმარება მოქალაქეთა რამდენიმე ჯგუფს ეხება, კერძოდ:
- 200-ლარიან დახმარებას მიიღებს დასაქმებული, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში სამსახური დაკარგა.
- 300-ლარიანი დახმარება.
- 100-ლარიან დახმარებებს მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, ასევე, შშმ პირები.
On.ge დაინტერესდა, კონკრეტულად ვინ, როგორ და როდის შეძლებს ისარგებლოს დახმარების იმ პაკეტით, რომელიც სახელმწიფოს 1 მილიარდ 100 მილიონი ლარი დაუჯდება, ამიტომ სამინისტროებს დაუკავშირდა და დეტალები გაარკვია.
100-ლარიანი დახმარების პაკეტი
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, თეა გვარამაძემ On.ge-ს უთხრა, რომ 100-ლარიანი დახმარების პაკეტი მოქალაქეთა რამდენიმე ჯგუფისთვის იქნება განკუთვნილი. კერძოდ ამ დახმარებას მიიღებენ:
- 0-დან 100 000 ქულამდე მქონე ოჯახები, რომლებშიც 3 ან მეტი არასრულწლოვანია, კერძოდ 16 წლამდე;
- მკვეთრად გამოხატული შშმ პირები;
- ასევე, 18 წლამდე შშმ ბავშვები.
როგორც გვარამაძე გვეუბნება, დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახებიც, რომელთაც 65 ათასიდან 100 ათას ქულამდე აქვთ.
"ერთსულიანი ოჯახისთვის თანხა არის 70 ლარი, ორსულიანისთვის 90 ლარი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში სამი ან მეტი ადამიანია, თითოეულ წევრზე 35 ლარია გათვალისწინებული", — გვითხრა მან.
პროგრამის განმახროციელებელი სოციალური მომსახურების სააგენტოა და გამომდინარე იქედან, რომ ყველა ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია თავმოყრილი, მოქალაქეს ცალკე რეგისტრაცია არ დასჭირდება. ეს ეხება შშმ პირებსაც.
დახმარების ამ პაკეტის გაცემა პირველი იანვრიდან დაიწყება და გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში, ივნისის ჩათვლით. როგორც ჩვენი რესპონდენტი განგვიმარტავს, თუ ოჯახს ან პირს ამ 6 თვის პერიოდში მიენიჭება შესაბამისი ქულა და სოციალური დახმარების სააგენტოს მიმართავს, დახმარებას ისიც მიიღებს.
"მაგალითად, მარტში რომ მოუვიდეთ 80 000 ქულა, აპრილის, მაისის, ივნისის ფული ჩაერიცხებათ", — აღნიშნა მან.
300-ლარიანი დახმარება
რაც შეეხება 300-ლარიან დახმარებას, მის მისაღებად რეგისტრაცია 3 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დაიწყო. ეს კომპენსაცია ერთჯერადია და მას მხოლოდ ის პირები მიიღებენ, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება.
როგორს უწყებაში ამბობენ, სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიქტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან — eservices.rs.ge.
შემოსავლების სამსახურის თანახმად, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის მომხმარებელი, დარეგისტრირება ვიდეოზარის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურში ვიზიტის გარეშე, სამუშაო საათებში 09:00-დან 18:00 საათამდე შეგიძლიათ. შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ ვიდოეზარით პირველადი რეგისტრაციისას მომხმარებელი Internet Explorer-ით საშუალებით უნდა იყოს შესული და კომპიუტერულ მოწყობილობას ვიდეოთვალი უნდა გააჩნდეს.
ამ დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის დასრულებიდან 2 დღის შემდეგ, პირს ეძლევა საშუალება დააზუსტოს ინფორმაცია ან გაასწოროს შეცდომა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ეს ვადა 28 დეკემბრამდეა გაწერილი, რადგან 26-27 დეკემბერი არასამუშო დღეებია.
ვის აქვს უფლება მიიღოს ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია?
შემოსავლების სამსახურის PR სამმართველოს უფროსი, თამარ ანდრიაძე გვეუბნება, რომ ამ პროგრამით სარგებლობის უფლება აქვს ყველა იმ ადამიანს, ვინც დაქირავებით სამუშაოს ეწევა და შემოსავალი დაქირავებით აქვს. იქნება ეს მიმტანი, ტანსაცმლის მაღაზიის თანამშრომელი თუ საავტომობილების ტექნიკური მომსახურების ცენტრებში დასაქმებული პირი.
"მაგრამ დამქირავებელს უნდა ჰქონდეს მასთან ურთიერთობა, მის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს და დაარეგისტრიროს, რაც აქვს მას დამქირავებელთან ხელშეკრულებით ან ფორმალურად გაფორმებული. ეს სხვადასხვა საქმიანობა შეიძლება იყოს", — განუცხადა მან On.ge-ს.
კონკრეატულად კი უწყებაში ამბობენ, რომ ამ დახმარებას მიიღებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დაზარალებული:
- დაქირავებული, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით იმ დამქირავებლთან მუშაობდა, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების ან ობიექტზე მომხმარებელთა დაშვების უფლება და ამ პერიოდიდან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო);
- ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, რომლებიც მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას და 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის უფლება და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან;
- ნებისმიერი თვითდასაქმებული პირი, რომელიც ფაქტობრივად ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნულ პირებს იმ შემთხვევაში არ აქვთ უფლება ისარგებლონ 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციით, თუ მათ საქმიანობა 2020 წლის 26 ნოემბრის დადგენილების ამოქმედებამდეც ქონდათ შეზღუდული.
ვინ და რა ფორმით წარადგენს განცხადებას დაქირავებით დასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით?
უწყებაში ამბობენ, რომ 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით განცხადებას შემოსავლების სამსახურში წარადგენს მხოლოდ ის დამსაქმებელი, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.
მათი განმარტებით, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულმა თვითდასაქმებულებმა თავად უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან (დანართი 1). ხოლო დასაქმებულებსა და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე ინფორმაციას წარადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები (დანართი 2). რეგისტრაციას ისინიც ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან გაივლიან.
"შეგახსენებთ, რომ არარეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები, არიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც ფაქტობრივად ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება", — აცხადებენ უწყებაში.
განცხადებას წარადგენს ის დამქირავებელიც, რომელსაც ეს შეზღუდვები შეეხო, დასაქმებულთა ნაწილს ამის გამო შეუჩერა შრომითი ურთიერთობა ან არ ურიცხავს ხელფასს, თუმცა დისტანციურად აგრძელებს თავის ეკონომიკურ საქმიანობას.
უწყებაში ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში აღნიშნულმა საწარმომ უნდა წარადგინოს განცხადება იმ პირთა შესახებ, რომლებიც ამ დამსაქმებელთან დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით და რომლებზეც 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირავებლისგან არ გაცემულა ხელფასი.
უწყებაში დააზუსტეს ისიც, რომ განცხადებას წარადგენს მეწარმე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირისა), რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები შეეხო, თუმცა 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებული ფიზიკური პირი ჰყავს და ამ დასაქმებულზე 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში არ გაუცია ხელფასი.
იმ შემთხვევაში კი, თუ საწარმოს აღნიშნული შეზღუდვები შეეხო, თუმცა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის შუალედში ხელფასის გაცემა დაფიქსირდა, ის განცხადებას არ წარადგენს.
გარდა ამისა, შემოსავლების აცხადებენ, რომ კომპენსაციას ვერ მიიღებენ ის პირები, რომლებსაც აქვთ ხელფასი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს და კომპანიას, დახმარების მისაღებად დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია. მათი თქმით, მონაცემების შემოწმებას და თანხის ჩარიცხვას მაქსიმუმ 6 დღე დასჭირდება. პრემიერმინისტრ გახარიას განცხადებით კი, ფინანსთა სამინისტროს აქვს დავალება, რომ ეს დახმარება ახალ წლამდე გაიცეს.
200-ლარიანი დახმარება
რაც შეეხება 200-ლარიან დახმარებას, ფინანსთა სამინისტროში On.ge-ს უთხეს, რომ ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ და დამატებითი განმარტებები უახლოეს პერიოდში გაკეთება. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ დახმარებას ის მიიღებს, ვინც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგა. პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეს პაკეტი 6-თვიანია.
მისი ამოქმედების ზუსტი დრო უცნობია, თუმცა, როგორც ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, იგი სავარაუდოდ 1-ელი იანვრიდან გაიცემა. მისივე თქმით, მიდის მსჯელობა იმაზე, რომ 200-ლარიანი დახმარება დაენიშნოს იმ მოქალაქეს, რომლის 2020 წლის განმავლობაში 1 თვე მაინც იყო ოფიციალურად დასაქმებული და სამსახური დაკარგა.
On.ge ცდილობს, დამატებითი დეტალები დააზუსტოს. მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ და მასალა განახლდება.
კომენტარები