როგორ "გატყუებთ" Apple — ლოგოს ძალაუფლება და "თეთრი ტყუილები"
Apple-ს პროდუქცია ძალიან ძალიან გავრცელებულია. 2020 წლის მონაცემებით, აშშ-ის სმარტფონის მქონე მოქალაქეების დაახლოებით 52%-ს iPhone აქვს. ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონებს კი ამერიკელების 47% იყენებს. აქ გასათვალისწინებელი ისაა, რომ Android-ზე უამრავი სხვადასხვა ფირმის სმარტფონი მუშაობს, იქნება ეს Samsung, LG თუ Sony.
Apple-ის პერსონალური კომპიუტერები iPhone-ის მსგავსი საერთაშორისო წარმატებისგან შორსაა, თუმცა, Macbook-ები მაინც ძალიან პოპულარულია. სხვადასხვა ტექნოლოგიური ჟურნალები და მიმომხილველები Apple-ის პროდუქციას მუდამ აქებენ. მართლაც, კომპანიის ტექნოლოგია ძალიან სწრაფია, ხოლო მისი დამზადებისას მაღალი ხარისხია უზრუნველყოფილი.
თუმცა, დროთა განმავლობაში Apple-ის "ცოდვები" განსაკუთრებით თვალსაჩინოა, მით უმეტეს ახლა, როცა პერსონალური ტექნოლოგიების ბაზარზე წარმატება არაერთმა მწარმოებელმა მოიპოვა.
გაითვალისწინეთ, რომ ამ სტატიით საერთოდ არ ვცდილობ იმის მტკიცებას, რომ Apple "ცუდი" კომპანიაა ან სულაც არ ვაპირებ ახალი iOS vs Android დებატის წამოწყებას. მე თვითონ Apple-ის მომხმარებელი ვარ, თუმცა საკმაოდ არაენთუზიასტი. iPhone 7-ის გატეხვის შემდეგ, ჩემ ძველ iPhone SE-ს მივუბრუნდი. რამდენიმე წელი კი Macbook Air-ის მომხმარებელი ვიყავი, სანამ კომპიუტერის ელემენტი სამუდამოდ არ დანებდა.
Apple და "დაგეგმილი დაძველება"
დაგეგმილი დაძველება (Planned Obsolecence) ტექნიკური ტერმინია, რომელმაც თავი აშშ-ის დიდი ეკონომიკური დეპრესიის დროს გამოიჩინა, როცა უძრავი ქონების ბროკერმა წამოაყენა ინიციატივა, რომ მთავრობას სხვადასხვა პროდუქციის სარგებლიანობის ვადები ხელოვნურად შეეზღუდა, რაც ადამიანებს ახალი პროდუქციის ყიდვისკენ უბიძგებდა, ეს კი წარმოებას წაადგებოდა.
ბევრგან "დაგეგმილი დაძველების" პრაქტიკა კანონით არის აკრძალული და მომხმარებლების შეცდომაში შემყვანად მოიაზრება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამის შესახებ ადამიანებს ინფორმაცია არ აქვთ.
2017 წელს ახალი iOS-ის გამოსვლასთან ერთად, iPhone-ის ძველი მოდელების ბევრმა მომხმარებელმა შენიშნა, რომ მათი სმარტფონი მოულოდნელად შენელდა. მოგვიანებით, Apple-მა განმარტა, რომ ეს მომხმარებლების კეთილდღეობისთვის გაკეთდა.
სმარტფონებში ელემენტების ვარგისიანობა შეზღუდულია, დროთა განმავლობაში ის "იფიტება" და სულ უფრო ნაკლებ ხანს ძლებს დატენვის გარეშე. Apple-ის განმარტებით, მოძველებული ელემენტების მქონე სმარტფონების შენელება მათ სიცოცხლისუნარიანობას ახანგრძლივებდა. თუმცა, მომხმარებლებმა Apple-ის ამ ცვლილების შესახებ მხოლოდ ახალი iOS-ის დაყენების შემდეგ შეიტყვეს.
მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის გამო, Apple ბევრ ქვეყანაში დაჯარიმდა. საბოლოო ჯამში, კომპანიას ევროპულ სასამართლოებში 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწია. Apple-მა აშშ-ში, ამ თემაზე სასამართლო დავის მოგვარებისთვის კი დამატებით 113 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. თუმცა, Apple-ს სმარტფონების შენელების პრაქტიკა არ შეუჩერებია, უბრალოდ, ამჟამად, მომხმარებლებს კომპანია ძველი მოწყობილობების ელემენტების შენელების შესახებ ატყობინებს.
Apple-ის "მწვანე" სტრატეგია
2017 წელს Repair Associaciation-მა გამოსცა ანგარიში, რომელიც დეტალურად აღწერს როგორ ცდილობს ტექნოლოგიური ინდუსტრია შეზღუდოს საკუთარი პროდუქციის "შეკეთებადობა".
მეორენაირად რომ ითქვას, ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის Apple, ცდილობენ, ისეთი დიზაინის პროდუქცია შექმნან, რომლის გახსნა და შეკეთება საკუთარი ძალებით ან ხელოსანთან მიტანით, რთული ან პრაქტიკულად შეუძლებელია. ifixit-მა 2012 წლის Macbook Pro-ზე განაცხადა, რომ "ყველაზე რთულად შეკეთებადი ლეპტოპი" იყო. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა, მაგალითად, შუშის ზედაპირთან შერწყმული ეკრანი, PCI-E ssd SATA ინტერფეისის ნაცვლად, დედაპლატასთან სოლდერით მიმაგრებული Ram და ა.შ.
Apple-ს შეეძლო და შეუძლია, რომ ისე აწარმოოს ლეპტოპები და სმარტფონები, რომ მათი ნაწილები უფრო მარტივად იცვლებოდეს ან გაფუჭების შემთხვევაში, შეკეთება უფრო ხელმისაწვდომი იყოს, თუმცა კომპანიის მთავარი ინტერესი, ცხადია, ფინანსური სარგებელია. მეორენაირად რომ ითქვას, Apple საკმარისად წარმატებული კომპანიაა, რომ თამაშის წესები თავისით დააწესოს. Apple-მა იცის, რომ მომხმარებლები პროდუქციის ახალ მოდელებს, დიდი ალბათობით, მაინც შეიძენენ.
ნაწილების გამოცვლის უნარი ეკოლოგიისთვის მნიშვნელოვანია. თუ მავანი ძველ ტელეფონს უბრალოდ კი არ გადააგდებს, არამედ ნაწილებს გამოცვლის, ამით დაბინძურებას შეამცირებს.
მეორე მხრივ, Apple ბუნების დაცვაზე ახალი პროდუქციის წარდგენისას დიდ აქცენტს აკეთებს, თუმცა სერიოზული ნაბიჯების გადადგმა არ სურს.
iPhone-ის ახალი მოდელები სატენი ადაპტერის გარეშე იყიდება, მას მხოლოდ Lightning კაბელი მოჰყვება, რაც კომპანიის თქმით, სათბური აირების ემისიებს ამცირებს. მეორე მხრივ, ახალ სატენს მეორე ბოლოზე USB Type C აქვს, რაც Apple-ის ძველი ადაპტერების გამოყენებას შეუძლებელს ხდის და მომხმარებლების ახლის ყიდვისკენ უბიძგებს.
ამასთანავე, Apple დღემდე უარს ამბობს USB Type C-ის ფართომასშტაბიან გამოყენებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნოლოგია ახალ iPad-შია ინტეგრირებული. Apple-ის თქმით, Type C დამტენები ეკოლოგიურად ნაკლებად სუფთაა. ლოგიკურ დისონანსს ალბათ ატყობთ. თუ Type C ნაკლებად სუფთა ალტერნატივაა, მაშინ რატომ იყენებს მას iPad?
საბოლოო ჯამში, Apple-ის "ეკოლოგიურად სუფთა" ინიციატივები ძალიან კარგია, ეს მანამდეც აღვნიშნე. უბრალოდ, Apple თავის მისწრაფებებს ხშრად იმაზე ამბიციურად წარმოაჩენს, ვიდრე ის სინამდვილეში არის.
Apple-ის ეკოსისტემა, როგორც ციხე
Apple, ისევე როგორც სხვა კომპანიები, ცდილობს რომ საკუთარი პროდუქციის "ეკოსისტემა" შექმნას, ანუ გამოსცეს ისეთი პროდუქტები, რომელთა მოხმარება Apple-ის სხვა პროდუქტების ყიდვისკენ გიბიძგებთ, რადგან თქვენი სამომხმარებლო გამოცდილება უფრო "ჰარმონიული" იქნება.
ამ საკითხზე მარკეს ბრაუნლის (MKBHD) შესანიშნავი ვიდეო აქვს, სადაც ის აჩვენებს, რამდენად მარტივია Macbook-ის გამოყენება, თუ iPhone უკვე გაქვთ და პირიქით. ცხადია, ერთი კომპანიის ორი სხვადასხვა პროდუქტი ერთმანეთს "უკეთ ეწყობა", ვიდრე სხვადასხვა კომპანიის პროდუქტები. Apple-ის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი სწორედ ეს "ეკოსისტემაა". შეგიძლიათ ტელეფონში სქროლვის შეწყვეტის შემდეგ, იგივეს თვალიერება ლეპტოპში გააგრძელოთ.
Facetime-ის გამოყენებით შეგიძლიათ ზარს სმარტფონითაც უპასუხოთ, ან კომპიუტერიდანაც. თუ Apple-ის სმარტფონი და კომპიუტერი გაქვთ, მაშინ ალბათურია, რომ თუ ჭკვიანი საათის ყიდვა მოგინდათ, ისევ Apple-ის საათს იყიდით. თუ Apple-ის 3 პროდუქტი გაქვთ და დამატებით ტაბლეტი გინდათ, ალბათურია, რომ Apple-ის ტაბლეტს იყიდით და ა.შ
შეიძლება ითქვას, რომ აპლიკაციების ჰარმონიული ეკოსისტემა Google-საც აქვს. იქნება ეს კალენდარი, მესიჯები, დრაივი, ფოტოები თუ რამე სხვა. თუმცა, Google-ის ოპერაციულ სისტემაზე ბევრი სხვადასხვა ტელეფონი მუშაობს, რაც ამ "ჰარმონიას" ამცირებს. ამასთანავე, Google-ის აპლიკაციები ისევე კარგად არაა "შერწყმული" Mac OS-თან ან Windows-თან, როგორც iOS. (რისი გამოსწორებაც შეიძლება მომავალ წელს, Windows-ის განახლებით მოხდეს. რადგან დიდი შანსია განახლებულ ვინდოუსს ანდროიდის აპლიკაციების მხარდაჭერა ჰქონდეს).
ეკოსისტემაზე Apple-ის ზოგი აქცენტი ცოტა აბსურდულიც კია, რაც მომხმარებლებს დამატებით ზღუდავს ეკოსისტემის დატოვების კუთხით. მაგალითად, iPhone-ში სატელეფონო კონტაქტების პირდაპირ სიმბარათზე შენახვის პირდაპირი გზა არ არსებობს. iPhone გიბიძგებთ, რომ კონტაქტები Apple ID-ის მიამაგროთ. ეს შეიძლება პრობლემად არ მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით კი ახლა, მაგრამ თავის დროზე მახსოვს, დედაჩემი ანდროიდზე იმიტომ არ გადავიდა, რომ კონტაქტები არ დაეკარგა.
ხშირად, როცა Apple-ს განიხილავენ, პროდუქციის ძველ მოდელებზე ნაკლებად საუბრობენ. სმარტფონების და პერსონალური კომპიუტერების ბაზარი სავსეა ინოვაციებით, ამიტომ წარსულის გახსენება მოსაწყენია ხოლმე, მაგრამ ნამდვილად საჭიროა. ბევრგან, განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებში, სადაც Apple-ის პროდუქცია ძირითადად გადამყიდველების გავლით ვრცელდება (როგორც საქართველოში), Apple-ის მომხმარებლების უმეტესობას, პროდუქციის ძველი მოდელები აქვთ. მაგალითად, მე ამ დროისთვის iPhone SE მაქვს, რომელიც iPhone 7-ის ანალოგიურია, თუმცა ზომაში უფრო პატარაა.
ძველ სმარტფონებს არც ისე დიდი მეხსიერება აქვთ, ჩემი iPhone SE მხოლოდ 16 გიგაბაიტიანია. თუმცა, აქედან წესიერად 2 გიგაბაიტის გამოყენებაც კი არ შემიძლია.
მეხსიერების ძალიან დიდი ნაწილი სისტემის ფაილებს უჭირავს, რაც გასაკვირი არაა თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალი iOS მიყენია. პრობლემა აქ ეს მისტიკური Other არის, რომელსაც მეხსიერების, დაახლოებით, 7 გიგაბაიტი მიაქვს.
აქ შენახულია Cache, სხვადასხვა პერსონალური ინფორმაცია, იქნება ეს შემომავალი და გამავალი მესიჯები, მეილები თუ ა.შ. თუმცა, Other-ის დაკავებული მეხსიერება ცვალებადია. ერთხელ ვიდეოს გადაღება მომინდა, ამიტომ რაღაც აპლიკაციები წავშალე, თუმცა 30 წამიანი ვიდეო მაინც ვერ გადავიღე, რადგან Other-ის მოცულობა უცებ გაიზარდა.
საბოლოო ჯამში, არავინ იცის, კონკრეტულად რა არის ეს Other, კონკრეტულად რა ინფორმაციას შეიცავს. ის უბრალოდ შავი ყუთია, რომელზე წვდომაც არ მაქვს. ბევრი მომხმარებელი ამტკიცებს, რომ iPhone-ის iTunes-თან 1-2 საათით დაკავშირებით, Other-ის მოცულობა მნიშნველოვნად მცირდება, თუმცა ჩემთვის და ბევრი სხვისთვის ამან არ გაამართლა. სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი, უბრალოდ ახალი სმარტფონის ყიდვაა.
Apple-ის ლოგო ყველაზე ძვირფასია
Apple ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელსაც ოდესმე უარსებია. შესაბამისად, მას აქვს ფუფუნება თავისი არაგულწრფელი პრაქტიკა შეინარჩუნოს და მომხმარებლები ხშირად შეცდომაში შეიყვანოს.
ხანდახან Apple-ის ღონისძიებები უბრალოდ კომიკურია. მაგალითად, Apple-მა ცოტა ხნის წინ Widget-ები დაამატა, ფუნქცია რომელიც სხვა ოპერაციულ სისტემებზე, მათ შორის Windows-ის სმარტფონის ოპერაციულ სისტემაზეც კი არსებობდა. თუმცა, ეს "ინოვაციად" იქნა წარმოჩენილი.
საბოლოო ჯამში, Apple-ის მთავარი ხიბლი მისი ლოგოა და არა უშუალოდ, მისი ფუნქციონალობა. ეს არ ნიშნავს, რომ Apple ფუნქციური არაა. ბევრი კომპანიის პროდუქციას კონკრეტული პროგრამების გამო ყიდულობს, იქნება ეს Final Cut Pro, Logic თუ GarageBand. Apple-ში კარგად იციან რა იყიდება და რა — არა. რადგან კომპანიის ეკოსისტემაში მომხმარებლები ძალიან ინტეგრირებულნი არიან, ისინი კომპანიის ნაკლოვანებებზე ხშირად თვალს ხუჭავენ. ეს Apple-მა ძალიან კარგად იცის.
ცხადია Apple ერთადერთი არაა, რომელიც "არაკეთილსინდისიერ" საქმიანობას ეწევა. მაშინ, როცა მომხმარებლების შეცდომაში შეყვანისთვის, Apple 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა, სასამართლომ იგივეში Samsung-იც დაადანაშაულა.
საბოლოო ჯამში, Apple-ის ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქციაც კი საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ აშკარაა, რომ კომპანიის ნაწარმის ფასის მთავარი განმსაზღვრელი ჩაკბეჩილი ვაშლის ლოგო და იმიჯია.
კომენტარები