ისტორიული მატჩის მოლოდინში
ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, 9 საათზე ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს. მატჩს ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ნაკრებს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად შეუძლია გაიფორმოს ბილეთი ევროპის ჩემპიონატზე.
დღევანდელ შეხვედრაზე საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. მატჩი დინამო არენაზე ჩატარდება, თუმცა სტადიონი ისევ ცარიელი იქნება — კორონავირუსის გამო თამაშს გულშემატკივარი ვერ დაესწრება. კიდევ ერთი ცუდი ამბავი ისაა, რომ ნაკრების ფეხბურთელებს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ, ამიტომ, ისინი დღეს ვერ ითამაშებენ.
თუმცა, დაბრკოლებების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები მოგების გარდა სხვა ვარიანტს არ განიხილავს. როგორც თორნიკე ოქრიაშვილმა აღნიშნა, გუნდში საუკეთესო განწყობაა.
"მოგების გარდა სხვა შედეგზე არ ვფიქრობთ, ეს თითოეული ჩვენგანისთვის და მთლიანად ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია. გუნდში საუკეთესო განწყობაა, ყველანი მოუთმენლად ველოდებით შეხვედრას. ძალიან შეკრული გუნდი ვართ, საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახია, ჩვენ როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ", — ამბობს ოქრიაშვილი.
იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, რა მნიშვნელობა აქვს დღევანდელ მატჩს და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს გულშემატკივარს, On.ge რამდენიმე გულშემატკივარსა და სფეროს ექსპერტს ესაუბრა.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, ბიძინა ბარათაშვილის თქმით, ამ მატჩს ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან პირველად არსებობს შანსი, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს და კონტინენტის უძლიერეს გუნდებში მოხვდეს.
"ქართული ფეხბურთის ისტორიაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა ყოფილა, მაგრამ ძირითადად ეს შეხვედრები დაკავშირებული იყო თბილისის დინამოს სახელთან. წარმატებებიც დინამოს ისტორიაზე უფრო მოდის, ამდენად, ქართული ფეხბურთის ისტორია დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ძირითადად ემთხვევა თბილისის დინამოს ისტორიას. სამწუხაროდ, ჩვენ სანაკრებო დონეზე არ გვაქვს ანალოგიური წარმატებები.
ჩაგვიტარებია ისტორიული მატჩები მოლდოვასთან, ბულგარეთთან, იტალიასთან და ა.შ., თუმცა თავისი მნიშვნელობით დღევანდელი მატჩი აღემატება ყველა ამ თამაშს არა იმიტომ, რომ უკეთესი გუნდი გვყავს, ან უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვყავს დღეს, უბრალოდ, აი, ამ ერთი თამაშის მოგებით საქართველოს შეუძლია, პირველად თავის ისტორიაში, გაიფორმოს ბილეთი ევროპის ჩემპიონატზე და გაერიოს კონტინენტის უძლიერეს გუნდებში", — გვეუბნება ბარათაშვილი.
On.ge, ასევე, დაუკავშირდა ბრიტანეთში საქართველოს ყოფილ ელჩს და ფეხბურთის გულშემატკივარს, ზურაბ ქარუმიძეს. მატჩის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისიც საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ კვარაცხელიას არყოფნა უდიდესი დანაკლისი იქნება და მატჩის მიმრთ უფრო ოპტიმისტურად იქნებოდა განწყობილი, თუ ისიც ითამაშებდა.
"ისტორიული მატჩია, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ეძლევა შანსი ევროპის ჩემპიონატზე გამოჩენის. ეს არის ჩვენი დიდი ხნის ოცნება, ჩვენ გვქონდა თავის დროზე დიდი ფეხბურთი და ევროპაშიც ვჩანდით, 70-იანი წლების ბოლოს, 80-იან წლების დასაწყისში, თუმცა იმის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ვერ მივაღწიეთ იგივე მაღალ დონეებს. 90-იანი წლების ბოლოს იყო რაღაც, თუმცა ეს ის დონე არ იყო. დღეს ვერ გეტყვით, რომ ჩვენი ფეხბურთი ძალიან კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ შანსი გვაქვს", — გვითხრა ქარუმიძემ.
ტელეწამყვანი გიორგი ჯანელიძე კი ფიქრობს, რომ ფეხბურთელების დანაკლისი აუცილებელ დამარცხებას არ ნიშნავს და ობიექტური მონაცემებით, მაკედონიასთან შედარებით, ამ ლიგაზე უკეთესი შედეგები გვქონდა, შესაბამისად "ცოტა, მაგრამ ოპტიმისტური" განწყობითაა.
"მე არ მახსენდება საქართველოს ნაკრების თამაში, როცა ჩვენ არ გვაკლდა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. ასე რომ, მიჩვეული ვართ მაგას. ერთხელ იყო მსგავსი შემთხვევა და წავაგეთ ის თამაში. როცა გვაკლია, არ ნიშნავს, რომ ვაგებთ. ისტორიული თამაშია ჩვენი ბიჭების და უეფას დამსახურებით, რომ ეს ტურნირი მოიგონა და ისტორიულია არა მარტო ჩვენთვის, არამედ მაკედონიისთვისაც. რახან NATO-ში იმათ შეგვასწრეს ერთი ნაბიჯით, იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ შევასწრებთ.
მე პირადად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი — ამ ლიგაში ჩვენ უკეთესი შედეგი გვაქვს, ვიდრე მაკედონიას. ჯამში ყველაზე კარგი შედეგი გვქონდა, იმიტომაც იყო ნახევარფინალი თბილისში და მერე ფინალი კი წილისყრით მოგვიწია, მაგრამ მაკედონელებზე კარგი შედეგი გვქონდა. თან სახლში ვთამაშობთ, თან bookmaker-ების კოეფიციენტებიც რომ ნახოთ, ფავორიტად ცოტათი, მაგრამ ჩვენ ვითვლებით", — გვითხრა ჯანელიძემ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, ვლადიმერ ვაისის განცხადებით, აღნიშნული მატჩის მოსაგებად ძალისხმევას არ იშურებენ.
"ეს ქართული ფეხბურთისთვის და ამ თაობისთვის დიდი მატჩია. იმედი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ყველა გავახაროთ და ჩვენი 5-წლიანი მუშაობის მთავარი მატჩი წარმატებით დავასრულოთ. მოგება გვსურს და დიდი იმედი მაქვს, რომ მატჩის შემდეგ ყველა ბედნიერი იქნება", — განაცხადა ვაისმა.
ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი შოთი არველაძე ამბობს, რომ ეს მატჩი არ უკავშირდება მხოლოდ ფეხბურთს და ეს იქნება აქამდე გაწეული შრომის დაგვირგვინება. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
"დარწმუნებული ვარ, რომ მოვიგებთ და ეს მარტო ფეხბურთის გამარჯვება არ იქნება, ეს იქნება გადატანილი ბევრი უბედურების, ბევრი ომის, ბევრი წვალების გამარჯვება, როცა ამხელა ტურნირზე მოვხვდებით, ვიასპარეზებთ. ეს დღეს არ არის მარტო ფეხბურთი, ჩვენმა ბიჭებმა უნდა გააკეთონ ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდით", — ამბობს შოთი არველაძე.
On.ge ესაუბრა გოჩა თანდარაშვილსაც. ინტერვიუს დაწყებამდე ის აფთიაქში იყო და მატჩისთვის დამამშვიდებელს ყიდულობდა. კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს თამაშისგან, პასუხობს, რომ დამამშვიდებელი დასჭირდება როგორც მოგების, ისე მარცხის შემთხვევაში.
"პირველად შეიძლება მოვხვდეთ ისეთ დიდ ტურნირზე, როგორიც არის ევროპის ჩემპიონატი. ამ თამაშს ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ისტორიულზე მეტად, ჩემთვის ემოციური მნიშვნელობა აქვს. ბავშვობიდან ფეხბურთის სტადიონზე დავდივარ, თამაში არ მაქვს გაცდენილი და თითო თამაშზე ძალიან ვნერვიულობდი. შესაბამისად, ახლა მოვიდა ის დრო, რომ გავიმარჯვოთ. ამის იმედიც მაქვს, სიმართლე გითხრათ, ამის იმედი იტალიას და გერმანიას რომ ვეთამაშებოდით, მაშინაც მქონდა, მაგრამ ახლა უფრო ობიექტური მიზეზებით გამყარებული იმედიც მაქვს", — ამბობს ის.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დღეს მატჩი არასრული შემადგენლობით იასპარეზებს, ექსპერტები ამას არაერთგვაროვნად აფასებენ. ბარათაშვილის აზრით, ეს ცუდია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვერ გამოიძებნებიან ფეხბურთელები, რომლებიც ტვირთს საკუთარ თავზე აიღებენ.
"რა თქმა უნდა, დანაკლისი ძალიან დიდია. ეს დანაკლისი დაეტყობა ჩვენი გუნდის პოტენციალს, მაგრამ არ შეიძლება ასე ერთ და ორ ფეხბურთელზე იყო დამოკიდებული. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ქართული ფეხბურთი უბრუნდება ძველ კუთვნილ პოზიციებს, მაშინ, დიახაც, გარკვეულ პრობლემებთან შეგუებაც მოგვიწევს. თან, ისიც ვიცით, რომ ჩვენს მეტოქეებსაც აკლიათ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი და ისინიც არ არიან მთლად ოპტიმალური შემადგენლობით. მე ოპტიმისტურად ვუყურებ დღევანდელ შესაძლებლობებს, მჯერა წარმატების და მჯერა, რომ ფეხბურთელები კონცენტრაციას და ითამაშებენ დაუზოგავად", — ამბობს ბარათაშვილი.
აჩი არველაძის განცხადებით, კვარაცხელიასა და შენგელიას ყოფნა მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ამ უსიამოვნებას გუნდური სიძლიერე გადაწონის.
"ჩვენს ნაკრებს ჰყავს ლიდერები, როგორებიც არიან ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, კანკავა, ქვილითაია, კაჭარავა და ინდივიდუალურად არ ვართ სუსტად. რა თქმა უნდა, კვარაცხელიას და შენგელიას ყოფნა მნიშვნელოვანი იყო, თუმცა დღეს უნდა გამოჩნდეს ჩვენი გუნდური სიძლიერე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი, როგორც გუნდი, ნამდვილად ჯობია მაკედონიას და უნდა გავიმარჯვოთ დღეს", — ამბობს აჩი არველაძე.
გოჩა თანდარაშვილის თქმით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი თავად მაკედონიის გუნდსაც არ ჰყავს, რაც, შეიძლება დამაიმედებელიც იყოს.
"გასაგებია, რომ ამ ბიჭზე [კვარაცხელია] ძალიან აღვტკინდით, მაგრამ ეს არის გუნდი, ეს არის ფეხბურთი. დღეს არ არის მარტო კლასზე, ეს არის გულის და სულის თამაში და სულს და გულს სხვებიც ჩადებენ. რა თქმა უნდა, ხვიჩა დანაკლისია, იმიტომ, რომ ხვიჩამ იცის როგორ უნდა გააკეთოს თამაში, მაგრამ მარტო ეს არ არის, არანაკლები ბიჭები გვყავს და არანაკლები გულით, სულით და ჯიგარით გავლენ თამაშზე", — თქვა მან.
დამატებით ხელისშემშლელ ფაქტორად ბიძინა ბარათაშვილი მატჩზე გულშემატკივრების არყოფნასაც ასახელებს. მისი აზრით, ამ უდიდეს უპირატესობას საქართველო აუცილებლად უნდა იყენებდეს და არ ესმის, რატომ არ შეიძლებოდა თუნდაც სოციალური დისტანციის დაცვით მატჩს გულშემატკივრები დასწრებოდნენ.
"მაყურებლის არყოფნაც კრიტიკის საგანია ჩემი მხრიდან. ჩვენი მთავარი უპირატესობა, რომელიც მოვიპოვეთ ამ თამაშისას, რომ სახლში გაგვემართა შეხვედრა, ნულზეა დაყვანილი. გასაგებია, რომ კოვიდია, კოვიდი სხვაგანაც არის, მაგრამ ახერხებენ ეს ქვეყნების ფეხბურთელების ქომაგობას, თან სტადიონზე ამის შესაძლებლობა გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვაგან", — ამბობს ბარათაშვილი.
მატჩი დღეს, საღამოს 9 საათზე დაიწყება და შედეგად, გადაწყდება, უბრუნდება თუ არა ქართული ფეხბურთი ევროპის ჩემპიონატს. მართალია, მე-12 მოთამაშე, ანუ გულშემატკივარი ვერ შეძლებს ფეხბურთელების გამხნევებას, მაგრამ ჩვენივე სიმღერებში არაერთგზის გვითქვამს და ახლაც ასე იქნება — გულით იქ ვართ, სადაც ჩვენი გუნდია!
კომენტარები