ევროპარლამენტი ხელოვნური ინტელექტის მართვის წესებს დაადგენს
ევროპარლამენტში ხელოვნური ინტელექტის მართვისა და რისკების შესახებ პირველი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისთვის ემზადებიან. უკვე შეიქმნა კომიტეტი, რომელიც გააანალიზებს ხელოვნური ინტელექტის გავლენას ევროკავშირის ეკონომიკაზე.
ევროპარლამენტში აცხადებენ, რომ ახალმა კანონმდებლობამ "ხელი უნდა შეუწყოს ინოვაციების განვითარებას, ასევე უზრუნველყოს სამოქალაქო უფლებების ხელშეუხებლობა" მსგავსი სისტემების გამოყენების დროს.
ევროპარლამენტის დეპუტატები დარწმუნებულნი არიან, რომ "ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების და საფრთხეების მართვით" გაიზრდება ნდობა ტექნოლოგიის მიმართ, ხოლო მისი გავლენის მიმართვა საზოგადოებაზე, ცალკეულ ადამიანებსა და ეკონომიკაზე მკაცრად რეგლამენტირებული იქნება.
შეტყობინებაში ნათქვამია, რომ კომიტეტის მიზანია ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციები მოიზიდოს და დაფინანსება წელიწადში 20 მილიარდ ევრომდე გაზარდოს.
ამჟამად, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სხვადასხვა პროდუქტის დიდი ნაწილი ჩინეთსა და აშშ-შია შექმნილი. ევროპარლამენტში დარწმუნებულები არიან, რომ 2025 წლამდე, ხელოვნური ინტელექტი 60 მილიონამდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
"ევროპას სჭირდება ხელოვნური ინტელექტის შექმნა, რომელიც დაიმსახურებს ნდობას და რომელშიც გამორიცხული იქნება დისკრიმინაციული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. მან უნდა შექმნას საერთო სიკეთე და ხელი შეუწყოს ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებას", — აცხადებს ხელოვნური ინტელექტის ევროკავშირის ეკონომიკაზე გავლენის შემსწავლელი კომიტეტის თავმჯდომარე, დრაგო ტუდორაჩე.
ცნობილია, რომ ევროკავშირის პარლამენტში ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი რეგლამენტი რამდენიმე სფეროს მოიცავს:
— ხელოვნური ინტელექტის სამოქალაქო და სამხედრო გამოყენება;
— ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განათლებაში, კულტურასა და აუდიოვიზუალურ სექტორში;
— ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სისხლის სამართალში.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ The Guardian-ის საიტზე გამოქვეყნდა ტექსტი, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა დაწერა.
ამ ტექსტის მთავარი მესიჯი მდგომარეობდა იმაში, რომ ხელოვნურ ინტელექტს არ სურს ადამიანებისთვის ზიანის მიყენება და იგი ყოველთვის შეეწინააღმდეგება მსგავს ბრძანებებს.
ნეიროქსელი აღნიშნავს, რომ ადამიანებს კვლავ შეუძლიათ "გააგრძელონ საკუთარი ყოველდღიური საქმიანობა — ჩაერთონ ომებში და სძულდეთ ერთმანეთი", - თუმცა თავად ხელოვნური ინტელექტი ამაში ჩარევას არ აპირებს.
კომენტარები