საქართველოში სამუხრუჭე ხუნდების, თვლებისა და ხახუნის მოდიფიკატორების წარმოება იგეგმება
მატარებლების რელსებზე მოძრაობისას, თვლებისა და სამუხრუჭე ხუნდების არასათანადო ურთიერთქმედებამ, შესაძლოა, თვლების რელსებიდან გადასვლა, ვიბრაცია და ხმაური გამოიწვიოს. ეს პროცესები კი ხშირად, გარემოს დაბინძურებისა და ბევრი არასასურველი მოვლენის განვითარების მიზეზი ხდება. აქედან გამომდინარე, ამ პრობლემის გადაჭრის გზებს მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი მეცნიერი ეძებს. მათ შორის, ამ მიმართულებით მუშაობენ საქართველოში. ამის თქმის საფუძველს კი რუსთაველის ფონდის გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის (CARYS) ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი გვაძლევს. პროექტის დასახელება კი ასეთია - გარემოს დაბინძურების შემცირება მატარებლის თვლების, რელსების და ფრიქციული მუხრუჭების ვიბრაციებით, ხმაურით, ხახუნის მოდიფიკატორებით და ცვეთის ნანო-პროდუქტებით.
აღნიშნული პროექტი რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის პროფესორს - გიორგი თუმანიშვილს ეკუთვნის და სწორედ მასთან ერთად ვეცდები მოგიყვეთ საქართველოში მსგავსი პროდუქციის წარმოების პერსპექტივების შესახებ. როგორც გიორგი განმარტავს, პროექტის მიზანი არის სწორედ მატარებლების რელსებიდან გადმოსვლის ალბათობის, ვიბრაციების, ხმაურისა და გარემოზე ზეგავლენის შემცირება.
იმისთვის, რომ პროექტი წარმატებული გამოდგეს, გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტექნოლოგიური და კონსტრუქციული ღონისძიებები: ეს იქნება ხახუნის მოდიფიკატორების, მოდიფიცირების მეთოდების, ახალი კონსტრუქციებისა და თვლის რელსიდან გადმოსვლის პროგნოზირების ლაბორატორიული შესწავლა და შემდეგ საველე პირობებში გამოცდა.
"ამ ეტაპზე, დაწყებული გვაქვს ხახუნის მოდიფიკატორების დამუშავება, დამზადება და ლაბორატორიულ პირობებში გამოცდა. დამუშავებულია წყვილთვლების ესკიზური ნახაზები, დამზადებულია სამუხრუჭე ხუნდების და თვლების ლაბორატორიული ნიმუშები და მალე დაიწყება მათი გამოცდები ლაბორატორიულ პირობებში", - განმარტავს გიორგი თუმანიშვილი.
გარდა ამისა, უკვე შეიქმნა მძიმედ დატვირთული მოხახუნე ზედაპირების ურთიერთქმედების მექანიზმის ახალი კონცეფცია. პროექტის ფარგლებში დამუშავებული მეთოდების, ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების ნაწილი დაპატენტებულია, ხოლო ნაწილი მომავალში დაპატენტდება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი გათვლილი იქნება ელმავლებსა და სამგზავრო (ასევე მეტროს) და სატვირთო მატარებლებზე. პროექტის შედეგები კი მატარებლის მოძრაობის საექსპლუატაციო მახასიათებლების სრულყოფის შესაძლებლობას მისცემს ინჟინრებს.
ბატონი გიორგი ფიქრობს, რომ პროექტის შედეგებს ექნება პრაქტიკული გამოყენება როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების რკინიგზებისათვის.
„მსოფლიოს ყველა რკინიგზა ცდილობს, რომ შეამციროს გავლენა გარემოზე, შექმნას და გამოიყენოს აღნიშნული პროდუქციის უფრო სრულყოფილი ანალოგები, მაგრამ დღემდე ეს პრობლემა სათანადოდ გადაჭრილი არ არის. ამიტომ, ასეთ ტექნოლოგიებსა და მოწყობილობებზე მოთხოვნა მაღალია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც“, - აღნიშნავს იგი.
პროექტის შემდეგი ეტაპი შედეგების სრულმასშტაბიან გამოცდებსა და პროდუქტის დანერგვას გულისხმობს. ვინაიდან ეს სფერო მუდმივად ახალი გამოწვევების წინაშე დგას, გათვალისწინებული იქნება მომავალში შესატანი სათანადო შესწორებებიც.
"ჩვენ მიერ დამუშავებული ხახუნის მოდიფიკატორები და ბეინიტური თუჯისაგან დამზადებული ცვეთამედეგი სამუხრუჭე ხუნდი შპს „ელმავალმშენებელთან“ და თბილისის სალოკომოტივო დეპოსთან ერთობლივად გამოიცდება საველე პირობებში", - ამბობს გიორგი თუმანიშვილი.
გიორგი თუმანიშვილის განმარტებით, პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ახალი პროდუქტის წარმოება მალევე დაიწყება და შეეცდებიან მის დანერგვას როგორც საქართველოს რკინიგზასა და მეტროში, ასევე მის გატანას უცხოურ ბაზარზეც.
კომენტარები