როგორ გამოიწვია გარემო პირობების ცვლილებამ ჰომინიდების ევოლუცია
ასობით ათასი წლის მანძილზე, აღმოსავლეთ აფრიკის სხვადასხვა უბანში საკვებისა და წყლის რესურსები ადამიანებისთვის სავსებით საკმარისი იყო, მაგრამ, ახალი აღმოჩენის თანახმად, დაახლოებით, 400 000 წლის წინ ჰომინიდებმა და ანტიკური პერიოდის ცხოველებმა ამ რეგიონში მძიმე გარემო პირობები გადაიტანეს. კვლევაზე სმიტსონის ინსიტუტის მეცნიერთა გუნდი, პალეოანთროპოლოგ რიკ პოტსის ხელმძღვანელობით მუშაობდა.
"შუა ქვის ხანაში კლიმატის მყისიერი და მძლავრი ცვლილებები დაიწყო. ვულკანების ამოფრქვევებმა ლანდშაფტის ცვლილება და ტბების შემცირება გამოიწვია. დიდი ზომის ცხოველები იხოცებოდნენ და მათ ადგილს უფრო პატარა, მრავალფეროვანი რაციონის მქონე ცხოველები იკავებდნენ. ეს ცვლილებები კი იმ რესურსებით მარაგის შემცირებას იუწყებოდა, რაც ჰომინიდების გადარჩენისთვის იყო აუცილებელი", - განაცხადეს პოტსმა და მისმა კოლეგებმა 21 ოქტომბერს, Science Advance-ში.
იმ დროისთვის, აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ჰომინიდების კულტურამ და ცხოვრების წესმა საინტერესო ცვლილებები განიცადა. ამ ადგილს, სადაც დღეს კენიის სახელმწიფო მდებარეობს, ოლორგესეილი ეწოდება. მეცნიერების აზრით, ეს პროცესები 500 000-დან 320 000-მდე წლის წინ, წყლისა და საკვები რესურსების არაპროგნოზირებადმა ცვალებადობამ გამოიწვია.
ქვისგან დამზადებული ხელის ცულებსა და სხვა საჭრელ იარაღებს, რომლებიც ადგილობრივი ქვებისგან იყო დამზადებული, აღნიშნული პროცესების დაწყებამდე 700 000 წლის მანძილზე იყენებდნენ აფრიკაში. ამის შემდეგ, მათ დაიწყეს ისეთი ქვის იარაღების მოხმარება, როგორიცაა ხელშუბები. "აღსანიშნავია, რომ ეს ნივთები არა ადგილობრივი, არამედ აფრიკის სხვა ადგილებიდან მოტანილი ქვებითაა დამზადებული", - განმარტავენ პოტი და მისი კოლეგები. შუა ქვის ხანის იარაღები შედარებით პატარა ზომით გამოირჩეოდა და უფრო სწორად იყო გამოთლილი. აღმოჩნდა, რომ ფართო ტერიტორიაზე გავრცელებული ჰომინიდების ჯგუფები ერთმანეთში ცვლიდნენ სხვადასხვა ნივთებს და ასე მოიპოვებდნენ იარაღების დასამზადებელ ქვებს.
პოტსი დიდხანს ფიქრობდა, რომ ოლორგესეილის ჰომინიდებმა ადაპტაცია განიცადეს გენეტიკურ და ბიჰევიორულ დონეზე, რათა უკეთ გამკლავებოდნენ კლიმატის ხშირ ცვლილებას. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ანტიკური ადამიანები ევოლუციის გზით ეგუებოდნენ არამხოლოდ კლიმატის ფლუქტუაციებს, არამედ სხვა მრავალ პროცესსაც, რაც გარემო პირობების ცვლილებასთან იყო დაკავშირებული.
"ეკოლოგიური ცვლილებების მთელმა წყებამ გამოიწვია რესურსების სიუხვისა და დეფიციტის პერიოდების მონაცევლეობა, რაც დაგვეხმარა, გავხმდარიყავით ჰომინიდების ყველაზე შემგუებლური ჯგუფი იმ ჯგუფებს შორის, რომლებსაც კი აქამდე უარსებია", - განმარტავს პოტსი.
ოლორგესეილში მიმდინარე ეროზიულმა პროცესებმა შუა ქვის ხანით დათარიღებული დანალექი ქანების განადგურება გამოიწვია. ამიტომ, მკლევრებმა დაიქირავეს კენიური კომპანია, რათა გაეთხარათ რაც შეიძლება ღრმად, კურას აუზში, რომელიც ოლორგესეილიდან სამხრეთით, 24 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. 139 მეტრი სიგრძის ნამარხის დათარიღების შედეგად დადგინდა, რომ სედიმენტები, დაახლოებით, 1 მილიონი წლის წინანდელია. "იმ პერიოდში გარემოში მიმდინარე პროცესების შესახებ ეს ნამარხი ყველაზე ინფორმატიული და მრავლისმთქმელია ჩვენთვის, აფრიკაში აღმოჩენილ სხვა მასალებთან შედარებით", - განაცხადა პოტსმა.
ამ ნამარხის ლაბორატორიული შესწავლის შედეგად აღმოაჩინეს ვულკანური ამოფრქვევების ნიშნები. ამოფრქვევებს უნდა გამოეწვიათ ხმელეთის გარღვევა. 400 000 წლის წინ ოლორგესეილის ლანდშაფტის გარდაქმნას მეცნიერები სწორედ ამ პროცესებს მიაწერენ. ტბორებისა და ტბების ნაცვლად გაჩნდა უდრო დიდი ზომის ტბების აუზები მაშინ, როდესაც ნალექების რაოდენობა თანდათანობით მცირდებოდა. უნალექო დღეების მატებას კი წყლის რესურსების მასშტაბური შემცირება მოჰყვა.
შედეგად, ცვლილებები დაიწყო მცენარეთა ვეგეტაციაშიც. ბალახიანი მდელოები და დიდი ტყეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, რაც დიდი ზომის ცხოველებისთვის, როგორებიც არიან სპილოები, ნაკლებად მისაწვდომს ხდიდა საძოვრებს. პოტისა და მისი გუნდის მიხედვით, უფრო პატარა ცხოველები მრავალფეროვანი რაციონით, როგორებიცაა ანტილოპა და ღორი, უკეთესად ეგუებოდნენ ახალ გარემო პირობებს შუა ქვის ხანაში. იმ დროს ქვის იარაღები, სავარაუდოდ, გამოიყენებოდა ნადირობისთვის და ხორცის დასამუშავებლად, ამბობენ მკვლევრები.
"კურას ნამარხებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შუა ქვის ხანაში რესურსების ცვლილება ათასი წლის მანძილზე გრძელდებოდა", - ამბობს პოტსი. "ეს შედეგები ბევრად მეტ ინფორმაციას გვაწვდის შუა ქვის ხანის გლობალურ მონაცემებსა თუ ანტიკური აფრიკის გარემო პირობებზე დაფუძნებით ჩატარებულ კვლევებთან შედარებით", - განაცხადა არქეოლოგმა და პალეოანთროპოლოგმა მანუელ უილმა ტუბინგენის უნივერსიტეტიდან, რომელიც ახალ კვლევაში არ მონაწილეობდა.
პოტისა და მისი კოლეგების აღმოჩენები "ძალიან საინტერესო ინფორმაციას იძლევა იმის შესახებ, თუ რა კავშირი იყო აღმოსავლეთ აფრიკაში ქვის ხანაში მიმდინარე გარემო პირობების ცვლილებებს, მაშინდელ ტექნოლოგიებსა და ლანდშაფტის ხშირ და შეუქცევად ცვლილებებს შორის", - ამბობს პალეოანთროპოლოგი კრის სტრინგერი ლონდონის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმიდან. "თუმცა ჩვენთვის ისევ უცნობია, თუ აფრიკის რომელ ნაწილში, როდის და ვის მიერ იყო გამოგონებული შუა ქვის ხანის იარაღები, რადგან ადრეული ადამიანებისთვის ასეთი იარაღები ადაპტაციის პროცესში გამოუსადეგარი იქნებოდა", - განაცხადა სტრინგერმა.
"ოლორგესეილის შუა ქვის ხანის ეს სცენარი შეიძლება არ განვითარებულიყო აფრიკის იმ ნაწილებში, სადაც მკვლევრებს შუა ქვის ხანის ხელშუბები და მსგავსი იარაღები არ აღმოუჩენიათ", - განმარტავს არქეოლოგი ლინ უედლი იოჰანესბურგის ვიტვატერსრენდის უნივერსიტეტიდან. თუმცა, ეს იარაღები იმ ადამიანებს ნამდვილად გამოადგებოდათ, რომლებსაც წყლისა და საკვების მარაგი საკმარისად ჰქონდათ.
კომენტარები