გაცხელებული ინსექტიციდი შეიძლება მალარიის გამავრცელებელი კოღოების განადგურებაში დაგვეხმაროს
დელტამეტრინი ინსექტიციდია, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების, მაგალითად მალარიის გამავრცელებელი მწერების წინააღმდეგ გამოიყენება. მეცნიერებმა იგი მიკროტალღურ ღუმელში გააცხელეს რამდენიმე წუთით, რის შედეგადაც მისი ლეტარულობა 10-ჯერ გაიზარდა იმასთან შედარებით, ვიდრე აქამდე იყო.
ტოქსიკური ნივთიერება დელტამეტრინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება სპრეის სახით, რომელსაც ბადეებზეც ასხურებენ, რათა მალარიის გადამტანი კოღოებისგან დაიცვან თავი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, მალარია ყოველწლიურად 400 000 ადამიანს კლავს. ხოლო "დროთა განმავლობაში კოღოებმა დელტამეტრინის და მისი მსგავსი შენაერთების მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავეს", - ამბობს ბარტ კარი, ნიუ იორკის უნივერსიტეტის კრისტალოგრაფი, რომელიც ინსექტიციდის გაცხელებით მისი უფრო ძლიერი ვერსიის შექმნაზე მუშაობდა.
"ამ ფორმით დელტამეტრინი, ალბათურად, უფრო საზიანო იქნება მწერებისთვის", - განმარტა კარმა კოლეგებთან ერთად, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 12 ოქტომბრის მოხსენებაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში მალარია თითქმის ბოლომდე აღმოიფხვრა და მნიშვნელოვან საზრუნავს არ წარმოადგენს, თუმცა, ახალი ეფექტური ინსექტიციდები საჰარის უდაბნოს მიმდებარე ქვეყნების მოსახლეთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში წარმოუდგენლად დიდ წვლილს შეიტანს. ამ ქვეყნებში მალარია ჯერ კიდევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.
კარმა და მისმა გუნდმა კომერციული დელტამეტრინის სპრეის ეფექტურობა მისი პატარა ფლაკონის გაცხელებით გაზარდა - ერთი ნიმუში 5 წუთის მანძილზე ზეთის აბაზანაში 150°C-მდე გაათბეს, მეორე კი იმავე დროის მანძილზე და იმავე ტემპერატურაზე, 700 ვატიან მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეს. დაკვირვებების შედეგად აღმოჩნდა, რომ საწყის სპრეიში ნივთიერების კრისტალებს შემთხვევითი სტრუქტურა ჰქონდათ, რაც უწესრიგოდ დალაგებული ფანტელების გროვას ჰგავდა. ამ ნივთიერების გაცხელებისა და ოთახის ტემპერატურამდე გაციების შემდეგ კი მათ მყარი, ვარსკვლავური ფორმის მქონე კრისტალები მიიღეს.
დელტამეტრინის საწყის მოლეკულებსა და ვარსკვლავისებურ კრისტალებს შორის ქიმიური კავშირები არც ისე ძლიერია იმ ქიმიურ კავშირებთან შედარებით, რაც მათ გაცხელებამდე იყო ამ ნივთიერებაში. "მოლეკულებს ახალი წყობა აშკარად არ მოსწონთ", - ამბობს კარი. ამიტომ, როცა კოღო ისეთ ზედაპირს შეეხება, რომელიც ვარსკვლავისებური კრისტალებითაა დამტვერილი, დელტამეტრინის მოლეკულები უფრო ადვილად და სწრაფად შთაინთქმებიან მწერის სხეულში მათი ფეხებიდან.
მკვლევრებმა ამ ინსექტიციდის ახალი ვერსია ლაბორატორიაში გამრავლებულ კოღოების ორ სახეობაზე დატესტეს: Anopheles quadrimaculatus-ზე, რომელიც მალარიას ავრცელებს, და Aedes aegypti-ზე რომელსაც ისეთი მომაკვდინებელი დაავადებები გადააქვს, როგორებიცაა ზიკა და დენგე. ექსპერიმენტზე მუშაობისას თითოეული სახეობის 40 კოღო გაუშვეს ლაბორატორიულ ჭურჭელში, რომლის კედლებზეც დელტამეტრინის სპრეი იყო დატანილი. მეორე ორმოცი კი იმ ჭურჭელში მოათავსეს, რომელიც ინსექტიციდის ახალი, გაძლიერებული ფორმით იყო დაფარული.
ახალმა დელტამეტრინმა, სულ რაღაც 24 წუთში Anopheles quadrimaculatus კოღოების დაახლოებით ნახევარი დახოცა. ინსექტიციდის საწყისმა ვერსიას კი ამდენივე კოღოს მოსაკლავად 5 საათი დასჭირდა - დაახლოებით 12-ჯერ მეტი დრო. მსგავსად, Aedes aegypti ახალმა ვერსიამ 21 წუთში დახოცა, თავდაპირველმა დელტამეტრინმა კი სამ საათში.
მიუხედავად იმისა, რომ Anopheles quadrimaculatus ჩრდილოეთ ამერიკაშიც ფართოდ გავრცელებული სახეობაა, აქ ეს დაავადება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. "იმისთვის, რომ დელტამეტრინის ახალი ვერსიის ეფექტურობაში დავრწმუნდეთ, იგივე ექსპერიმენტი უნდა ჩავატაროთ ანოფელესის იმ სახეობებზე, როგორებიცაა Anopheles gambiae და Anopheles funestus. კოღოს ეს სახეობები აქტიურად ავრცელებენ მალარიას აფრიკის სხვადასხვა უბნებში. ასევე, უნდა შევისწავლოთ სამხრეთ აზიაში მობინადრე დაავადების გამავრცელებელი ანოფელესის ექვსი სახეობა", - ამბობს კარი.
"დელტამეტრინის გაცხელებამ შეიძლება მათი ტოქსიკურობის ზრდაც გამოიწვიოს, მაგრამ სანამ ამ ნივთიერების ფართოდ გამოყენებაზე და გაყიდვაზე ვიფიქრებთ, ჯერ კიდევ მრავალი ექსპერიმენტის ჩატარება მოგვიწევს", - ამბობს ჯანეტ ჰემინგუეი, ლივერპულის ტროპიკული მედიცინის სკოლიდან, რომელიც კოღოების ინსექტიციდების მიმართ რეზისტენტულობას სწავლობს.
თავდაპირველად, მეცნიერებმა ინსექტიდიცის ახალი ვერსია რეზისტენტულ კოღოებზე უნდა გამოსცადონ. ანოფელესის გამძლეობა დელტამეტრინისა და სხვა ისეთი ქიმიური შენაერთების მიმართ, რომლებიც სინთეტური პესტიციდების ჯგუფს, პირეტროიდებს მიეკუთვნებიან, სერიოზული პრობლემაა. "ჩემი პროგნოზი ისაა, რომ მწერები როგორც საწყისი, ასევე ახალი ფორმის დელტამეტრინის მიმართ მაღალ რეზისტენტულობას გამოიჩენენ", - ამბობს ჰემინგუეი.
"სანამ ამ პროდუქტის გამოყენებაზე დაიწყებდნენ მსჯელობას, მეცნიერები იმაშიც უნდა დარწმუნდნენ, რომ დელტამეტრინის უფრო ტოქსიკური ფორმით გამოყენების შემდეგ, იმ გარემოში დარჩენა ადამიანებისთვის იმდენადვე უსაფრთხო იქნება, რამდენადაც მწერებისთვისაა საფრთხის შემცველი", - განაცხადა ჰემინგუეიმ, რომელიც ამ კვლევაში არ მონაწილეობდა. "საბოლოოდ, ჩემი აზრით, ეს საინტერესო აღმოჩენაა, მაგრამ იგი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა მისი წარმოებაში გამოყენებისაგან", - ამბობს ის.
კომენტარები