როგორ დაგვეხმარება ზღვის ბალახის დათესვა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
მსოფლიოს უდიდესი, ზღვის ბალახის აღდგენის 20 წელზე ხანგრძლივო პროექტი ვირჯინიის აღმოსავლეთ სანაპიროს სამხრეთ დაბოლოებასთან მიმდინარეობს. მის ფარგლებში, მოხალისეებმა 200 ჰექტარ ფართობზე ზღვის ბალახის 70 მილიონზე მეტი მარცვალი მიმოაბნიეს. "აღდგენილი ზღვის ბალახის ხანგრძლივი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ეს ეკოსისტემა მოიხმარს ნახშირორჟანგსა და აზოტს, რომლებიც გლობალურ დათბობაში და გარემოს დაბინძურებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ", - განუცხადა ჯგუფმა Science Advance-ს. "ეს აღმოჩენა კი იმედს გვაძლევს, რომ ზღვის ბალახების გამოყენებით შესაძლოა, კლიმატისა და ეკოსისტემების დეგრადაციის პროცესის შენელება", - ამბობენ მკვლევარები.
პროექტი, რომელსაც ვირჯინიის ზღვის მეცნიერებებისა და ბუნების კონსერვაციის ინსტიტუტი უძღვებოდა, ახლა უკვე 3612 ჰექტარს ფარავს, ახალი ზღვის ბალახების მონაკვეთის ჩათვლით. მსგავსი პროექტის განხორციელება იგეგმება ავსტრალიაში, სადაც მეცნიერები 10 ჰექტარზე აპირებენ ზღვის ბალახის მდელოების გაშენებას.
"ეს შედეგები ყველაფერს ცვლის. ეს იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ შეუძლია ბუნებაზე დაფუძნებულ პრობლემის გადაჭრის გზებს დაგვეხმაროს გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შემცირებაში", - ამბობს კარლოს დუარტე, ზღვის ეკოლოგი მეფე აბდულას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნვიერსიტეტიდან.
"ვირჯინიის გუნდმა ცარიელი ფურცლიდან დაიწყო", - ამბობს რობერტ ორტი, ზღვის ბიოლოგი ვირჯინიის ზღვის მეცნიერებების ინსტიტუტიდან. ზღვის ბალახი ამ შიდასანაპირო ლაგუნებზე ადრეულ 1930-იან წლებში განადგურდა ხშირი ქარიშხლებისა და მცენარეების დაავადებებების ზემოქმედების შედეგად, მაგრამ წყალი ისევ საკმარისად სუფთა იყო იმისთვის, რომ მზის სინათლეს მცენარეებამდე მიეღწია.
პროექტის დაწყებიდან 10 წლის მანძილზე ორტმა და მისმა კოლეგებმა შეამჩნიეს, რომ ეკოსისტემამ ძალიან სწრაფად დაიწყო აღდგენა და მისი "სიჯანსაღის" ყველა ასპექტი გაუმჯობესდა - წყლის ხარისხიდან დაწყებული, გარემოში ნახშირბადისა და აზოტის კონცენტრაციისა და უხერხემლო თევზების ბიომასის ჩათვლით.
ჯგუფი დააკვირდა, თუ რამდენ ნახშირბადსა და აზოტს მოიხმარდნენ მდელოები გარემოდან და ინახავდნენ მათ, როგორც ნალექს, ზღვის ბალახით დაფარვის ზრდასთან ერთად. აღმოჩნდა, რომ 9 ან მეტი წლის მდელოები საშუალოდ 1.3-ჯერ მეტ ნახშირბადს და 2.2-ჯერ მეტ აზოტს მოიხმარდნენ, ვიდრე უფრო ახლადწამოსული წყალმცენარეები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ზრდასთან ერთად, ამ ნივთიერებების დაგროვების მოცულობა იზრდება. 20 წლის მანძილზე აღდგენილ ნარგავებში, დაახლოებით, იმდენივე ნახშირბადი და აზოტი ილექებოდა, რამდენსაც ბუნებრივად, ადამიანის ზემოქმედების გარეშე, იმავე ადგილას გაზრდილი ზღვის ბალახი დააგროვებდა. აღდგენილი ზღვის ბალახი ახლა 1 წელიწადში საშუალოდ 3000 ტონა ნახშირბადს და 600 ტონაზე მეტ აზოტს მოიხმარს, ამბობენ მკვლევრები.
როდესაც ზღვიდან წამოსულმა უეცარმა სიცხემ ზღვის ბალახის ნაწილი გაანადგურა, მათ აღდგენას 3 წელი დასჭირდა. "ჩვენ გაგვაოცა იმ ფაქტმა, თუ როგორი სიცოცხლისუნარიანია ეს მცენარე", - ამბობს კარენ მაქგლატერი, სანაპიროს ეკოლოგი ვირჯინიის უნვიერსიტეტიდან.
მას სჯერა, რომ ამ ჯგუფის მუშაობა მეტია, ვიდრე მხოლოდ ერთი ეკოსისტემის შენარჩუნება. მისი აზრით, ეს პროექტი გვთავაზობს ჯანმრთელი ზღვის ბალახის ეკოსისტემების აღდგენის საინტერესო გეგმას, რომელსაც მსოფლიოს სხვა ადგილებშიც შეუძლიათ გამოიყენონ.
ზღვის ბალახები სამყაროს ყველაზე ძვირფასი და გადაშენების საფრთხის პირას მყოფი ეკოსისტემებია და ისინი წარმოადგნენენ ძალიან მნიშვნელოვან გლობალურ რეზერვუარებს იმ ნივთიერებისა, რასაც ლურჯ ნახშირბადს ვუწოდებთ, ანუ ნახშირბადს, რომელიც ოკეანეში გროვდება. ზღვის ბალახები იმაზე მეტ ნახშირბადს ინახავენ და იმაზე ბევრად დიდხანს, ვიდრე ნებისმიერი ხმელეთისა თუ ოკეანის ბინადარი ცოცხალი ორგანიზმი, ეს კი ამ ნივთიერებებს ატსმოფეროში გაბნევაში და შესაბამისად, სათბურის ეფექტის შექმნაში უშლის ხელს. მათი ასეთი მნიშვნელობის მიუხედავად, Frontiers in Marine Science-ში 14 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 1879 წლის შემდეგ ზღვის ბალახები მსოფლიოს მასშტაბით 30%-ით შემცირდა.
"ეს კვლევა დაგვეხმარება იმის გაანალიზებაში, თუ რამდენად დიდი წვლილი აქვს ლურჯ ნახშირბადს კლიმატის ცვლილების პროცესში. ეს კვლევა პირველი გვეტყვის, თუ რამდენ ნახშირბადს მოიხმარენ და შემდეგ ინახავენ ზღვის ბალახის "მდელოები" ატმოსფეროდან", - ამბობს მაქგლატერი.
აღდგენის პროცესი დასრულებიდან საკმაოდ შორსაა, მაგრამ ამ პროექტმა შეიძლება უკვე გვაპოვნინოს გამოსავალი ისეთი ეკოსისტემებისთვის, როგორიც ფლორიდას ბისკეინის ყურეა, რომელიც ერთ დროს მდიდარი იყო ზღვის ბალახით, მაგრამ ახლა მასში წყლის ხარისხი გაუარესებულია, რაც თევზების მასობრივ სიკვდილსაც იწვევს. ორტის აზრით, "წყლის ხარისხის გაუმჯობესება დააჩქარებს ზღვის ბალახების ზრდის პროცესს".
კომენტარები