გუგლი კამერის აპლიკაციაში "სილამაზის" ფილტრს თიშავს
ტექნოლოგიური სფეროს ექსპერტები და ფსიქოლოგები სულ უფრო და უფრო მეტ დროს უთმობენ იმაზე საუბარს, თუ როგორ მოქმედებს სოციალური მედია ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ამასთან დაკავშირებით გუგლმა ცოტა ხნის წინ "ციფრული კეთილდღეობის" პლატფორმა შექმნა, რომელიც ტექნოლოგიებსა და რეალურ ცხოვრებას შორის ჯანსაღი ბალანსის პოვნაში უნდა დაგვეხმაროს.
გუგლმა გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც დაიწყო და "ციფრული კეთილდღეობის" კონცეპცია საკუთარი კამერის აპლიკაციის მუშაობაზეც განავრცო. ამიერიდან გუგლის კამერის აპლიკაციაში სახის ვიზუალური "გაუმჯობესების" ფილტრები ავტომატურად გამორთული იქნება. ასეთი გადაწყვეტილება კომპანიამ ფილმ "სოციალური დილემის" გამოსვლის შემდეგ მიიღო. დოკუმენტური ფილმი სოციალურ მედიასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხების გარდა, სხვადასხვა "ფილტრის" მოხმარების ემოციურ შედეგებზეც ამახვილებს ყურადღებას. ფილმში ნათქვამია, რომ სოციალური მედიის მოხმარების ზრდასთან ერთად მოზარდ გოგონებში მკვეთრად იმატა პლასტიკური ოპერაციებისა და სუიციდის შემთხვევებმა.
გუგლის მონაცემებით, ანდროიდზე გადაღებული სურათების 70% წინა კამერითაა გადაღებული — Google Photos-ში 24 მილიარდი სურათია იდენტიფიცირებული, როგორც სელფი. აღნიშნული ტენდენცია სახის ფილტრების პოპულარობის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, თუ რა გავლენას ახდენს სელფის გადაღების დროს ფილტრების გამოყენება ადამიანის გრძნობებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ფილტრები ავტომატურადაა გააქტიურებული. ჩვენ ჩავატარეთ არაერთი კვლევა, ვესაუბრეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტებს მთელ მსოფლიოში და გავარკვიეთ, რომ სელფის გადაღებისას, როცა ადამიანმა არ იცის ფილტრის არსებობის შესახებ — ეს მკვეთრად ნეგატიურად აისახება მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე რეალურ სამყაროში", — წერია გუგლის ბლოგში.
კვლევით ირკვევა, რომ "ფილტრებს შეუძლიათ შექმნან სილამაზის ახალი სტანდარტები, რომლებსაც ადამიანები შემდგომში საკუთარ თავს ადარებენ". მოზარდებს მეტწილად სურთ, რომ გამოიყურებოდნენ ზუსტად ისე, როგორც სელფიზე, რომლის გადაღებისას "გაუმჯობესების" ფილტრი გამოიყენეს.
ამ ფაქტების გათვალისწინებით, გუგლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ Pixel 5 და Pixel 4a 5G-ში ფილტრები გამორთული იქნება და მომხმარებელს ამ ფუნქციაზე სრული კონტროლი ექნება. გარდა ამისა, აღნიშნული ფუნქციის ირგვლივ არსებული ყველა ტერმინი და სიმბოლო ისეა შერჩეული, რომ არ ასოცირდებოდეს სილამაზესთან და ნეიტრალურ დასახელებას იყენებდეს.
კომენტარები