#SharkTrend ტიკტოკზე — მართლა ვგრძნობთ თუ არა ციფრული ზვიგენის შეხებას ხელზე
ცოტა ხნის წინ ტიკტოკზე ახალი ტრენდი გაჩნდა — #Sharktrend. აპლიკაციის კამერის გახსნისას შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ფილტრი, რომელიც პატარა ანიმაციურ ზვიგენს აჩენს (უფრო კონკრეტულად, თავჩაქუჩა ზვიგენს), რომელთანაც კამერის მეშვეობით ინტერაქცია შეგიძლიათ: თუ ზვიგენს ხელს "დაანახებთ", ის მოვა და "შეგეხებათ", შემდეგ კი ისევ გააგრძელებს ცურვას.
საინტერესო ამ ამბავში ისაა, რომ ბევრი TikTok-ერი ამტკიცებს, ამ ანიმაციურ ზვიგენთან შეხებას გრძნობს.
პლატფორმაზე მსგავსი უცნაური მტკიცებები ადრეც გაჟღერებულა. თუ გაიხსენებთ, ერთ დროს ტიკტოკზე ასეთი ტრენდი გაპოპულარულდა: კაცები თავიანთ გენიტალიებს სოიოს სოუსში ათავსებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ შედეგად სოუსის გემოს პირში გრძნობდნენ. ამის საფუძვლად ისინი იშველიებდნენ კვლევას, რომლის ფარგლებშიც თითქოს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სათესლე ჯირკვლებზე გემოს შეგრძნების რეცეპტორებია (მაინც ხაზგასმით ვიტყვი, რომ ეს ტყუილია).
ამიტომაც ტიკტოკერებს სიტყვაზე არც ამჯერად ვენდე და ეს ფილტრი ჩემით გამოვცადე. ვერდიქტი ასეთია: შეხების მსგავსი რაღაც მართლა ვიგრძენი, თუმცა იმის განცდა არ დამრჩენია, თითქოს რაღაც რეალურად შემეხო.
ამ ფენომენს, სავარაუდოდ, მარტივი ახსნა აქვს. ერთი მხრივ, ჩვენ ვხვდებით, რომ ზვიგენი ნამდვილი არ არის, მეორე მხრივ კი ვხედავთ, რომ რაღაც, რაც მეტნაკლებად რეალისტურად გამოიყურება, აშკარად გვიახლოვდება. ამიტომ მოველით, რომ მასთნ შეხებას ვიგრძნობთ კიდეც. ამასთან, ზოგი შეიძლება არ აყვეს ამ ინსტინქტს და არაფერიც არ იგრძნოს.
მსგავსი ეფექტი ზოგ ვიდეოსაც აქვს, მაგალითად ამ (ერთ დროს) პოპულარულ მიმს:
აქაც ვიცით, რომ რეალურად ვიდეოს ვუყურებთ, თუმცა "ჩვენკენ მომავალი" ბურთის დანახვაზე ზოგს რეაქცია მაინც აქვს.
მსგავსი ეფეტი ისეთივე ძველია, როგორიც თავად კინემატოგრაფია. 1896 წელს პარიზში ერთ-ერთი პირველი ფილმის ჩვენება მოეწყო. ამ 50-წამიან მოძრავ სურათში ორთქმავალი მატარებელი უბრალოდ სადგურში შედის და ჩერდება. ჟურნალისტი ჰელმუთ კარასეკი გერმანულ გამოცემაში Der Spiegel წერდა, რომ ბევრ მაყურებელს პანიკა დაეწყო და ოთახის ბოლოში გაიქცა, როცა მათი მიმართულებით მომავალი მატარებელი დაინახა.
როგორ ტყუვდება ჩვენი ტვინი
TikTok-ის ახალი ტრენდი კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, სხვა ბევრად უცნაური "ილუზიები" განვიხილოთ, რომელებიც ადამიანებს ექმნებათ. მაგალითად, სარკის სინესთეზია ერთობ უჩვეულო "აშლილობაა", რომლის მქონე ადამიანები სხვის მიერ განცდილ სხეულზე შეხებას თითქოს თვითონაც გრძნობენ.
როცა მავანს სარკის სინესთეზია აქვს, თუ ის ხედავს, როგორ იდებს სხვა ადამიანი თითს ლოყაზე, ამ შეხებას საკუთარ ლოყაზეც იგრძნობს. ამ მდგომარეობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ტვინში არსებული სარკისებური ნეირონებია.
ბოლო დროს მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სარკისებურმა ნეირონებმა ევოლუციაში დიდი წვლილი შეიტანეს. მაგალითად, მაიმუნები სარკისებური ნეირონების დახმარებით ერთმანეთის ქცევას იმეორებენ და გადარჩენისთვის აუცილებელ უნარებს ამგვარად სწავლობენ.
კიდევ ერთი უცნაური ფენომენი ისეთ ადამიანებში გვხვდება, რომლებმაც კიდურის ამპუტაცია გაიკეთეს. მაგალითად, ადამიანი რომელმაც ხელის ამპუტაცია გაიკეთა, ამპუტირებულ რეგიონში თითქოს ტკივილს გრძნობს. ფენომენს "ფანტომური კიდურის ეფექტი" ეწოდება.
ამ ეფექტის სამკურნალოდ ასეთი უცნაური მეთოდიც არსებობს: პაციენტი ორივე ხელს ყუთში ათავსებს, რომელიც სარკით ორად არის გაყოფილი. პაციენტი ყუთში ამპუტირებულ მტევანს ვერ ხედავს. სამაგიეროდ, ყუთის მეორე განყოფილებაში ჯანსაღ ხელს და მის ანარეკლს უყურებს, რითაც ილუზია ექმნება, რომ მეორე ხელი მართლაც მთელი აქვს.
ასეთ ყუთში პაციენტი ამპუტირებული კიდურის გამოძრავებას ცდილობს, თუმცა რადგან მისი ვიზუალური სისტემა ამპუტირებულ ხელს იმ ჯანმრთელი ხელის სარკულ ანარეკლად აღიქვამს, რომელიც არ მოძრაობს, მისი ტვინი "ტყუვდება" და პაციენტი "აცნობიერებს", რომ მისი კიდური პარალიზებულია.
2018 წლის მეტაანალიზმა აჩვენა, რომ ტკივილის შემსუბუქების ეს მეთოდი ხშირად ეფექტიანია.
ყველა ეს მეცნიერული ფაქტი ტიკტოკის ტრენდს რომ მივუსადაგოთ, ასეთი მარტივი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ფილტრის გამოყენებისას ჩვენს "ცნობიერს" და "არაცნობიერს" შორის ერთგვარი დისონანსი წარმოიქმნება. ერთ მხრივ, ვიცით, რომ ზვიგენი რეალური არაა, მეორე მხრივ კი, ჩვენ მას ვხედავთ. სწორედ ამ ორი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორის თანაარსებობა ახერხებს ჩვენი ტვინის მოტყუებას.
კომენტარები