პატარა ხომალდი, რომელიც სამყაროს "ბნელ პერიოდს" შეისწავლის
NASA-ს ახალი მისია მთვარის შორეული მხარის შესწავლას გეგმავს, რათა ჩვენს სამყაროში პირველი ვარსკვლავების გაჩენა გამოიძიოს. სამყარო "ბნელი პერიოდის" დროს, დიდ აფეთქებამდე 380 ათასი წლით ადრე, მუქი და ნისლიანი იყო. არ არსებობდა ვარსკვავებისა და გალაქტიკების მსგავსი სინათლის წარმომქმნელი სტრუქტურები — სანაცვლოდ, მხოლოდ წყალბადის აირების დიდი ღრუბლები იყო.
როდესაც სამყაროს გაფართოება და გაგრილება დაიწყო, გრავიტაციამ ვარსკვლავებისა და შავი ხვრელების წარმოქმნას დაუდო საფუძველი, რითაც ბნელი პერიოდი დასრულდა. იმისთვის, რომ ბნელი პერიოდის შესახებ მეტი რამ გავიგოთ და ვიცოდეთ, თუ როდის და რატომ შეიქმნა ვარსკვლავები, ასტრონომები ამ წყალბადის აირების მიერ წარმოქმნილი ენერგიის გამოჭერას რადიო ტალღების ფორმით ცდილობენ.
თუმცა სამყაროს ადრეული პერიოდიდან სიგნალის დაჭერა ძალიან რთულია. ისინი, ძრითადად, დედამიწის ატმოსფეროს მიერ იბლოკება. სწორედ ამიტომ, მეცნიერებისა და ინჟინრების გუნდმა მთვარის ორბიტაზე პატარა ხომალდის გაშვება და სიგნალების იქ გაზომვა გადაწყვიტა.
ხომალდი სახელად DAPPER (Dark Ages Polarimetry Pathfinder) ისე იქნება შექმნილი, რომ მან ადრეული სამყაროდან წამოსული ძალიან სუსტი რადიოსიგნალების დაჭერაც კი მოახერხოს.
"დედამიწაზე არსებულ რადიოტელესკოპებს სამყაროს ადრეული პერიოდის სიგნალების დაფიქსირება ნამდვილად არ შეუძლია. ჩვენ ისეთ ტექნოლოგიებს ვქმნით, რომლებიც DAPPER-ის გამოყენებით ამ სიგნალების დაჭერას შეძლებენ", — აცხადებენ მკვლევრები.
DAPPER ასევე NASA-ს არტემისის მისიის ნაწილიც იქნება და 2024 წლისთვის ადამიანების მთვარეზე დაშვებაში შეიტანს წვლილს. ინჟინრები მომდევნო ორი წლის განმავლობაში აქტიურად იმუშავებენ, რათა DAPPER-ის პროტოტიპი შექმნან.
"ასტრონომიის ეროვნული ობსერვატორია ძალიან ბედნიერია, რომ ამ მნიშვნელოვან მისიაზე იმუშავებს. DAPPER-ის წვლილი NASA-ს არტემისის მისიის ფარგლებში, რადიო ასტრონომიისთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება", — განაცხადა ასტრონომიის ეროვნული ობსერვატორიის დირექტორმა ტონი ბისლიმ.
კომენტარები