მზის სისტემის 4 სამყარო, სადაც სიცოცხლის არსებობა ყველაზე მეტადაა შესაძლებელი
დედამიწის ბიოსფერო იმ ყველა ინგრედიენტს შეიცავს, რომელიც სიცოცხლის არსებობისთვისაა საჭირო — თხევად წყალს, ენერგიის მინიმუმ ერთ წყაროს და ბიოლოგიურად სასარგებლო ელემეტებისა და მოლეკულების ერთიანობას.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიცოცხლისთვის საჭირო ამ ინგრედიენტთაგან ზოგიერთი ჩვენს მზის სისტემაში სხვა ადგილებშიც არსებობს. ამის ნათელი მაგალითია ახლახან გაკეთებული აღმოჩენა — ვენერას ღრუბლებში ფოსფინის არსებობა, რომლის წყაროც მიკრობები შეიძლება იყოს.
თუმცა ჩვენს სისტემაში არსებობს სხვა ოთხი ციური სხეული, რომელიც სიცოცხლის არსებობისთვის ყველაზე დამაიმედებლად გამოიყურება.
1. მარსი
მარსი ერთ-ერთია იმ სამყაროებს შორის, რომელიც დედამიწას ძალიან ჰგავს. ამ პლანეტაზე დღეში 24,5 საათია. პოლუსებზე არსებული ყინულები კი სეზონების ცვლილებასთან ერთად იზრდება და მცირდება. მას ასევე ზედაპირზე დამახასიათებელი ნიშნები აქვს, რომლებიც პლანეტის ადრეულ პერიოდში წყალმა შექმნა.
სამხრეთ პოლუსის ყინულის ქვეშ ტბის აღმოჩენამ და ატმოსფეროში მეთანის პოვნამ მარსი სიცოცხლის არსებობისთვის საინტერესო კანდიდატად აქცია. მეთანის აღმოჩენა მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ მისი წარმოქმნა ბიოლოგიური პროცესებითაა შესაძლებელი. თუმცა მარსზე მისი წარმოქმნის ზუსტი წყარო ჯერჯერობით ჩვენთვის არაა ცნობილი.
ეს ყველაფერი შეიძლება იმაზე მიგვანიშნებდეს, რომ მარსზე ოდესღაც ბევრად ლმობიერი გარემო არსებობდა. დღეს პლანეტას ძალიან თხელი, მშრალი ატმოსფერო აქვს, რომელიც უმეტესწილად ნახშირორჟანგისგან შედგება. ეს ატმოსფერო მას მზისა და კოსმოსური რადიაციისგან ძალიან მცირედით იცავს.
თუკი მარსმა ზედაპირის ქვეშ წყლის აუზების შენარჩუნება მოახერხა, მასზე სიცოცხლე ახლაც კი შეიძლება არსებობდეს.
2. ევროპა
ევროპა გალილეო გალილეიმ 1610 წელს, იუპიტერის სამ სხვა თანამგზავრთან ერთად აღმოაჩინა. იგი დედამიწის მთვარეზე ოდნავ პატარაა და გიგანტური პლანეტის გარშემო 670 ათასი კილომეტრის დაშორებით ბრუნავს. იუპიტერისა და სხვა თანამგზავრების გრავიტაციული ძალების გამო კი ევროპა მუდმივად იკუმშება და იწელება.
ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ თანამგზავრი გეოლოგიურად დედამიწის მსგავსად აქტიურია, რადგან ძლიერი მოქცევითი ძალები მის ქვიან, ლითონის შიგთავსს ათბობს და სანახევროდ გამდნარს ტოვებს.
ევროპის ზედაპირი წყლის ყინულებითაა დაფარული და გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, ამ გაყინული ზედაპირის ქვეშ თხევადი წყლის ფენაა — გლობალური ოკეანე, რომელსაც გაყინვისგან აღნშნული მოქცევითი ძალები იცავს. ეს ოკეანე, შესაძლოა, 100 კილომეტრი სიღრმის იყოს.
ოკეანის არსებობას ამტკიცებს ყინულის ზედაპირის ნაპრალებიდან გეიზერების ამოფრქვევაც, სუსტი მაგნიტური ველი და ზედაპირის უსწორმასწორო რელიეფი, რომელიც, შესაძლოა, ოკეანის მიმოქცევის გამო დეფორმირდა. ამ ყინულოვან საფარს მიწისქვეშა ოკეანის კოსმოსის ვაკუუმისგან, ექსტრემალური სიცივისგან და იუპიტერის რადიაციისგან დაცვა შეუძლია.
3. ენცელადი
ევროპის მსგავსად, ენცელადი ყინულით დაფარული თანაგზავრია, რომელსაც მიწისქვეშა თხევადი წყლის ოკეანე აქვს. ენცელადი სატურნის გარშემო ბრუნავს, მან მეცნიერების დაინტერესება მას შემდეგ დაიმსახურა, რაც მის სამხრეთ პოლუსთან ახლოს უზარმაზარი გეიზერები აღმოაჩინეს. ეს წყალი ზედაპირის დიდი ნაპრალებიდან გამოედინება და ენცელადის სუსტი გრავიტაციის გამო კოსმოსში იფანტება. ეს აშკარა მტკიცებულებაა, რომ მისი ზედაპირის ქვეშ წყალია.
ამ გეიზერებში მხოლოდ წყალი არ დაუფიქსირებიათ, მკვლევრებმა ასევე ორგანული მოლეკულებიც იპოვეს. ეს ძალიან ძლიერი მტკიცებულებაა იმის, რომ ოკეანის ფსკერზე ჰიდროთერმული სარქველები არსებობს.
4. ტიტანი
ტიტანი სატურნის ყველაზე დიდი და მზის სისტემაში ერთადერთი ისეთი თანამგზავრია, რომელსაც შესამჩნევად სქელი ატმოსფერო აქვს. მასში კომპლექსური ორგანული მოლეკულები გვხვდება, ხოლო ამინდის სისტემა წყლის მაგივრად მეთანისგან შედგება. თანამგზავრზე ხშირია მეთანის წვიმები, მშრალი პერიოდები და ქარის მიერ შექმნილი ქვიშის დიუნები.
ამ ციური სხეულის ატმოსფერო უმეტესწილად აზოტისგან შედგება, რომელიც სიცოცხლისთვის საჭირო ცილების შემადგენლობაში მნიშნელოვან ადგილს იკავებს. დაკვირვებების დროს ასტრონომებმა ტიტანზე მეთანის და ეთანის ტბები და მდინარეები შენიშნეს. ასევე, შესაძლოა, რომ მასზე კრიოვულკანებიც არსებობდეს — ისინი ვულკანების მსგავსია, თუმცა ლავას ნაცვლად თხევად წყალს აფრქვევენ. ეს კი მიგვანიშნებს, რომ ევროპისა და ენცელადის მსგავსად, ტიტანსაც ზედაპირის ქვეშ წყლის აუზები აქვს.
კომენტარები