10 ილუსტრაცია, რომელზეც დისნეის პრინცესების ფსიქოთერაპევტთან სტუმრობაა ასახული
ბავშვობაში, დისნეის ანიმაციების ყურებისას, ალბათ ხშირად წარმოგვიდგენია ჩვენი თავი პრინცებად და პრინცესებად, რომლებიც საყვარელ ადამიანებთან ერთად ციხე-კოშკებში ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად. თუმცა, სავარაუდოდ, არასდროს გვიფიქრია, რამდენი სირთულის გადატანა უწევდათ პრინცესებს ბედნიერების მისაღწევად და როგორ გრძნობდნენ თავს ისინი ამ დროს.
ვენესუელელმა მხატვარმა, მარია გუადარამამ, გადაწყვიტა, მათ მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობას ჩაღრმავებოდა და ილუსტრაციების სერია შეექმნა, სადაც მომხიბვლელი პრინცესები ფსიქოთერაპევტ ვარდისფერ ჟირაფთან არიან სტუმრად სეანსზე.
მარია გუადარამა, რომელსაც ინტერნეტსივრცეში Guadascribbles-ის სახელით იცნობენ, თავის სოციალური მედიის ანგარიშებზე ყოველთვის აქვეყნებს საინტერესო და იუმორისტულ ილუსტრაციებს. ამჯერად კი, მან გადაწყვიტა, ბავშვობის საყვარელ გმირებს დაბრუნებოდა. ხელოვანის მიზანია, დაამტკიცოს, რომ ყველამ შეიძლება ცუდად იგრძნოს თავი, ან, როგორც იტყვიან ხოლმე, ხანდახან ნორმალურია, თუ ნორმალურად არ გრძნობ თავს.
ვინ იფიქრებდა, რომ შვიდ ჯუჯასთან თანაცხოვრების შემდეგ ფიფქიას ნდობის პრობლემა ექნებოდა? ან ელზა რომ მზად არ იქნებოდა ყველაფრის გასაშვებად და უკან მოსატოვებლად? ან იქნებ კონკიას პრინცი ნაადრევად შეუყვარდა? ფსიქოლოგ ვარდისფერი ჟირაფის ოფისში პრინცესები აღმოაჩენენ, რომ ნორმალურია ის, რასაც სირთულეებთან გამკლავებისას გრძნობენ.
"პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ დოქტორი ვარდისფერი ჟირაფი ჩემი ერთ-ერთი პერსონაჟია, რომელიც თავის პაციენტებთან სარკასტულობით გამოირჩევა. ეს იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა აუცილებელი იყო, ყველაფრისთვის ცივი გონებით შემეხედა. ანუ, ხომ ხვდებით, ყოველთვის, როცა თავს ცუდად ვგრძნობდი, ეს პერსონაჟი მახსენდებოდა. ჟირაფის ფერიც საგანგებოდ არჩეულია, რადგან მსურდა, მის გარეგნობასა და რაციონალურ აზროვნებას შორის არსებულ წინააღმდეგობაზე მიმენიშნებინა. დისნეის პერსონაჟების ჩემს პერსონაჟთან სტუმრად მიყვანა ერთობ საინტერესო დავალება იყო, რადგან თავადაც ამ ანიმაციების გულშემატკივარი ვარ. თუმცა, ახლა მათ სხვანაირი თვალით ვუყურებ", — ამბობს გუადარამა.
კომენტარები