12 სექტემბერს IT სამყარო პროგრამისტის დღეს აღნიშნავს
პროგრამისტის დღე ყოველწლიურად, წლის 256-ე დღეს, 13 სექტემბერს აღინიშნება, ხოლო ნაკიან წელიწადში — 12 სექტემბერს. ამ რიცხვს თავისი ახსნაც აქვს: 256 სრული რიცხვების რაოდენობაა, რომელთა გამოხატვაც შესაძლებელია ერთ 8-ბიტიან ბაიტში. გარდა ამისა, რიცხვი 256 არის 2-ის მაქსიმალური ხარისხი, რომელიც წლის დღეების ჯამურ რაოდენობაზე, 365-ზე ნაკლებია.
2020 წელს პროგრამისტის დღე 12 სექტემბერს აღინიშნება.
საქართველოში პროგრამისტის დღე ოფიციალურად არ აღინიშნება, თუმცა ზოგ ქვეყანაში ეს დღე ოფიციალურ სტატუსს ატარებს. როგორც წესი, ამ დღეს კომპანიები პროგრამისტებს ულოცავენ მათ დღეს და სამსახურში კორპორატიულ საღამოებს აწყობენ.
3 საინტერესო ფაქტი პროგრამირების სამყაროდან
- მიუხედავად იმისა, რომ პროგრამირების ენის, Python-ის ლოგოდ პითონის თავის მსგავსი სიმბოლო მიიჩნევა, ამ გველს აღნიშნულ ენასთან საერთო არაფერი აქვს. საქმე ისაა, რომ ამ ენამ სახელი სერიალის, "მონტი პაითონის მფრინავი ცირკის", პატივსაცემად მიიღო, რომლის ერთგული მაყურებელიც ამ პროგრამირების ენის ავტორი გახლდათ;
- ზოგიერთი პროგრამისტი კოდის დებაგინგის (გამართვის) დროს სათამაშო იხვის მეთოდს იყენებს. ამ მეთოდის მიხედვით, პროგრამისტმა კოდის წერის დროს სამუშაო მაგიდაზე უნდა დადგას სათამაშო იხვი (ან წარმოიდგინოს მისი არსებობა იქ) და დეტალურად აუხსნას ამ იხვს თითოეული სტრიქონის ამოცანა და მუშაობის პრინციპი. ამ მეთოდით პროგრამისტს მარტივად შეუძლია გამოავლინოს კოდის შეცდომა და მალევე გაასწოროს ის;
- მსოფლიოში პირველი პროგრამისტი ინგლისელი ქალი, ადა ლავლეისი იყო. იგი მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა და სწორედ მან, ჩალრზ ბებიჯთან თანამშრომლობით, შექმნა პირველი კომპიუტერის ე.წ. პროტოტიპი — ანალიტიკური მანქანა, რომელსაც ბერნულის განტოლების ამოხსნა ევალებოდა.
ცნობილი პროგრამისტები
მას შემდეგ, რაც კომპიუტერული ტექნოლოგია კაცობრიობის ყოველდღიურობის განუყოფელ ასპექტად იქცა, წარმატებული პროგრამისტები სულ უფრო ფართო მასებისთვის ხდებიან ცნობილები და დღეისთვის ზოგიერთი მათგანის სახელმა პოპულარულ კულტურაშიც კი შეაღწია. მათ სიაში მოწინავე ადგილები შემდეგ პროგრამისტებს უკავიათ:
ბიერნ სტრაუსტრუპი — პროგრამირების ენა, C++ -ის შემქმნელი;
ლინუს ტორვალდსი — ოპერაციული სისტემა Linux/GNU-ს ბირთვის, Linux-ის ავტორი;
სტივ ვოზნიაკი — Apple Computer-ის თანადამფუძნებელი და დეველოპერი;
ბილ გეიტსი — დეველოპერი, მაიკროსოფტის თანადამფუძნებელი და კომპანია მაიკროსოფტის უმსხვილესი აქციონერი;
მარკ ცუკერბერგი — სოციალური ქსელი ფეისბუქის შემქმნელი.
პროგრამისტების დღის გარდა, აიტი სამყარო ასევე აღნიშნავს ინფორმაციის დაცვის საერთაშორისო დღეს (30 ნოემბერი) და პირველი ქალი პროგრამისტის დღეს (10 დეკემბერი).
კომენტარები